დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე განიცადა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საოპერაციო ზარალი

რის ხარჯზე განიცადა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საოპერაციო ზარალი

02-10-2023 12:10:28

2022 წელს სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საოპერაციო ზარალი განიცადა, რაც მოსალოდნელი იყო ენერგეტიკის სექტორში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თუმცა, უკანასკნელ წლებში კორპორაციის საოპერაციო ზარალი პირველად დაფიქსირდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანგარიშშია, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტს თან ერთვის.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისთვის დიდი საფრთხეა კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე.

„2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 20%-ით და შეადგინა 109 მლნ ლარი. წმინდა მოგების ამ მაჩვენებლის მიღწევა ძირითადად განპირობებულია კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებით (134 მლნ ლარი)“, - აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის №2423 2022 წლის 26 დეკემბრის განკარგულების ფარგლებში სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სახელმწიფო ბიჯეტიდან, დახმარების სახით, 7 მიიღო სესხი 230 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს 2003 წლის 30 ოქტომბერს კორპორაციასა და კომპანია „South Caucasus Pipeline Option Gas Company“-ს შორის გაფორმებული ოფციური გაზის კონტრაქტის შესაბამისად ოფციური გაზის გაზრდილი მოცულობების საავანსო წესით შესყიდვისა და „სესხის მიმღების“ ფინანსური სტაბილურობის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა 2022-23 წლებში საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით. სესხის დაფარვა დაგეგმილია 2 ეტაპად 2023-2024 წლებში.

კომპანია კვლავ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის სოციალური გაზის მიწოდებით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წელს შეადგინა 336 მილიონი ლარი. მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კორპორაციას 2022 წელს დაჭირდა სახელმწიფოსგან მოკლევადიანი სესხის სახით მხარდაჭერა 230 მილიონი ლარის ოდენობით.

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - სახელმწიფოს წილი: 100% (100%-იანი წილის მფლობელია სს „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც თავის მხრივ სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები