რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტირებაში 140 სპეციალისტი იყო ჩართული, მათ 56 იყო საერთაშორისო, ხოლო 84 ადგილობრივი ექსპერტი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან დეპუტატს სადეპუტატო კითხვის პასუხად მისწერა.
როგორც ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რიკოთის უღელტეხილის საპროექტო სამუშაოები განახორციელა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის პრინციპით შერჩეულმა ამერიკულმა (AECOM), თურქულმა (TEMELSU) და იტალიურმა (IRD ENGINEERING S.R.L & SPEA Engineering S.p.A) კომპანიებმა. ამასთან, პროექტში ჩართული იყო რამდენიმე ათწლეულის გამოცდილების მქონე ექსპერტები. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვის სპეციალისტებს, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს და სხვა. ჯამში პროექტირებაში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, მათ შორის 56 საერთაშორისო და 84 ადგილობრივი ექსპერტი.
„ამასთან, რიკოთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებენ საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან, კორეიდან, რომელთაც აქვთ მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ათეულობით წლობის საერთაშორისო ზედამხედველობის გამოცდილება. საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს 20-30 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 147 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის 99 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო. აღნიშნული სპეციალისტები არიან სხვადასხვა მიმართულების, კერძოდ:
გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრები, ხარისხის კონტროლის, მასალების კონტროლის ინჟინრები, საგზაო უსაფრთხოების ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტები და სხვა.
ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე წელს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა მეწყერის განვითარების გამო არ ჩაკეტილა.
2023 წლის 13 მარტს უბისა-შორაპანის მე-10 კილომეტრზე ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, უხვმა ნალექმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა მშენებარე გვირაბის გარე ბეტონის სექცია. საგზაო მოძრაობა არ შეფერხებულა. მშენებარე მონაკვეთზე გატარდა სათანადო ღონისძიებები და დაზიანებული ობიექტი უკვე აღდგენილია კონტრაქტორის ხარჯით.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 30 მარტს რიკოთის 149 კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა. ძველი, არსებული გზიდან 200 მეტრში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომელიც სპეციალისტებმა მიიჩნიეს მომეტებული საფრთხის მქონედ. გზა დაუყოვნებლივ დაიკეტა, რისკების პრევენციის მიზნით კი, მონაკვეთზე გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, მოეწყო დამცავი კედელი, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი და დაიწყო შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები. რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რიკოთზე დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.
ასევე, 2023 წლის 11 აპრილს მაგისტრალის 147-ე კმ-ზე, სადაც არ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მონიტორინგის ფარგლებში, იდენტიფიცირებული იქნა შესაძლო ქვათაცვენა. საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეიზღუდა, დაიგეგმა ფერდის ჩამოწმენდა, რისთვისაც ჩაიკეტა რიკოთის მონაკვეთი. დაგროვილი სატვირთო ავტოტრანსპორტის გატარებისთანავე, რიკოთზე მოძრაობა აღდგა დაწესებული სპეციალური რეჟიმით.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რიკოთზე მგზავრთა გადაადგილებისათვის გატარებულია ყველა სახის უსაფრთხოების ზომები“, აღნიშნულია მინისტრის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნილ წერილში.
ირვევა, რომ რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების განხორციელების დროს ჩატარდა შესაბამისი კვლევები, რის შედეგადაც შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, გაკეთდა აეროფოტოგადაღებები, გადაღება ლიდარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა.
ასევე, პროექტირებისას შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები. ხაზგასასმელია, რომ გრუნტის წყლების შეკრების შესაბამისი გადაწყვეტები წარმოდგენილია საპროექტო დოკუმენტაციაში, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მოჭრილი მიწის განთავსების საკითხები განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.
„რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საპროექტო სამუშაოები დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ. დეტალური საპროექტო სამუშაოები განახორციელა, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესებით, ხარისხზე დაფუძნებული შერჩევის პრინციპით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კორეულმა საპროექტო ორგანიზაციამ - PYUNGHWA ENGINEERING CONSULTANTS LTD. ამასთან, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საპროექტო დოკუმენტაცია მიღებულ იქნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტის მიერ მისი განხილვისა და მსოფლიო ბანკთან შეთანხმების შემდეგ.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ჩატარდა კომპლექსური საკვლევაძიებო სამუშაოები, რომლებიც, მოიცავდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს. კვლევების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი გეოტექნიკური გაანგარიშებები და დამუშავდა საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ სტანდარტებზე დაყრდნობით კი, შემუშავებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, მეთოდოლოგიები და სპეციფიკაციები.
პროექტირების დროს, ისეთ შემთხვევებში, როცა გვირაბის პორტალები მდებარეობს მიუწვდომელ ადგილას, არ არსებობს საპროექტო პორტალებთან მისასვლელი გზები და ამასთან, ტექნიკურად შეუძლებელია მათი მოწყობა, როგორც ეს იყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, პირველ რიგში რა თქმა უნდა მოხდა ფონდურ მასალებზე დაყრდნობით გეოლოგიური რუკების შედგენა. შემდგომ, საპროექტო გვირაბის პორტალების მიმდებარედ, ყველაზე ახლოს გაკეთებული ჭაბურღილების მეშვეობით მოხდა გეოლოგიური კვლევის განხორციელება და გეოლოგიური პროფილის აგება. ასევე, დამატებით სურათის დაზუსტება მოხდა გეოფიზიკური კვლევის განხორციელებით, რომელთა ერთობლიობითაც შეიქმნა ქანების გეოლოგიური აგებულების სურათი. ამდენად, ვინაიდან ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის გვირაბის პორტალების უშუალოდ ჭაბურღილებით შესწავლა ტექნიკურად შესაძლებელი იყო მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ (მანამდე წვდომის არ არსებობის გამო), პროექტი ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციას გეოლოგიური სურათის დაზუსტებაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ პრაქტიკას.
ნიშანდობლივია, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ მშენებელი კომპანიების მიერ პროექტით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად განხორციელდა დამატებითი გეოლოგიური კვლევა გვირაბების პორტალებთან და მხოლოდ შემდგომ შესრულდა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის სამშენებლო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრას კონტრაქტორის ვალდებულებას სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ჩაატაროს დამატებითი კვლევები და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე გადაამოწმოს გეოლოგიური სიტუაცია, როგორც ეს მითითებულია
საპროექტო დოკუმენტაციაში. აღნიშნული შესრულდა სამშენებლო კომპანიის მიერ და კვლევების განხორციელების შემდგომ,
რაიმე სახის არსებითი საპროექტო ცვლილების საჭიროება პორტალის ადგილმდებარეობასთან მიმართებით არ დამდგარა.
აღნიშნულ მონაკვეთზე გვირაბების 2 736 მეტრი გაბურღულია.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია სათანადო სტანდარტების შესაბამისად, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან და მათი თანხმობის შემდეგ არის მიღებული, აპელირება, რაიმე სახის არაკეთილსინდისიერებაზე ან უპასუხისმგებლობაზე საფუძველს მოკლებულია“, - აღნიშნულია მინისტრის წერილში.
უახლესი