ვფიქრობ, რეაქცია და შეფასება იმისა უნდა აღასრულებდეს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციას, მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ჩვენ პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება. რაც შეეხება განმარტებებსა და დეტალებს ჩვენს შემდეგი დღეები ამით ვიქნებით დაკავებული,რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკებთან გავივლით, თუ როგორ ხდება ამის აღსრულება ისე, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულებებიც იყოს შესრულებული და აქაც არ გაჩნდეს კითხვები“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
უახლესი