დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაჭული მეღვინეობა „ღვინუკა“ ​სიდრის წარმოებასაც გეგმავს

რაჭული მეღვინეობა „ღვინუკა“ ​სიდრის წარმოებასაც გეგმავს

29-03-2023 15:00:40

რაჭაში მდებარე მეღვინეობა „ღვინუკა” მიმდინარე წელს ღვინოების ჩამოსხმის გარდა ​სიდრის წარმოებასაც გეგმავს. სიდრის წარმოებისთვის საჭირო ვაშლს კი რაჭველი ფერმერებისგან ადგილზე შეიძენს, რეალიზებას კი 2024 წლიდან შეუდგება. 

„ღვინუკა“ ყოველწლიურად 10-დან 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის 60-70%-ი ექსპორტზე გააქვს. „ღვინუკას“ პროდუქცია ექსპორტზე ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში გააქვს. 

2022 წლის სეზონზე „ღვინუკამ“ ნაწილი საკუთარი ყურძენი გადაამუშავა, ხოლო ნაწილიც ფერმერებისგან იყიდა. 

„ღვინუკა“ 4 სახეობის ღვინოს ძელშავს, მუჯურეთულს, თეთრასა და ცოლიკაურს აწარმოებს.

„2023 წლის გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ვგეგმავთ ახალი ჯიშების დამატებასაც და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, როგორიცაა სიდრი ან პეტრატების წარმოება“, - აცხადებენ „ღვინუკაში“. 

„ღვინუკას“ გეგმაში გაფართოება და რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც შედის, სადაც სტუმრებს შეეძლებათ როგორც „ღვინუკას“ ღვინოების დაგემოვნება, ასევე ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა.  

„ამ ეტაპისთვის პროექტი მზად გაქვს, ბაზარს ჯერ კიდევ ვსწავლობთ“, - აცხადებენ „ღვინუკაში“. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 50-დან 60 ათას ლარამდეა. 

კომპანიამ 2020 წლიდან რეგიონში ოფიციალურად პირველი ბიო სერტიფიცირების პროცესი დაიწყო.

მეღვინეობა „ღვინუკა“  2018 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მისი მიზანია რაჭული ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის მშრალი ღვინოების წარმოება. 

„ღვინუკა“ - რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და წითელი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდია რაჭიდან, რომელიც 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა შექმნა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები