დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უჯდება სახელმწიფოს ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტოდ გამზადებული ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული კვლევა

რა უჯდება სახელმწიფოს ადგილობრივ ბაზარზე და საექსპორტოდ გამზადებული ალკოჰოლიანი სასმელის ლაბორატორიული კვლევა

27-12-2023 11:00:00

2024 წელს ღვინის ლაბორატორიული კვლევა ღვინოს ეროვნულ სააგენტოს 663 000 ლარი დაუჯდება. ქვეპროგრამა „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში, ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის საექსპორტო პარტიებზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი, როგორც ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე არაყურძნისეულ პროდუქციაზე, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ფალსიფიცირების რისკი.

შესაბამისად, საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის თითოეული პარტიიდან ხორციელდება აღებული ნიმუშების რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმება.

საგულისხმოა, რომ შიდა ბაზარზე სერტიფიცირება ყველა კატეგორიის ღვინოზე 2023 წლიდან ხორციელდება და სასურველია ამ მიმართულებით ინსპექტირებები განხორციელდეს როგორც სასერტიფიკატო განაცხადებზე, ასევე სარეალიზაციო პუნქტებში (რაც მოიცავს ქსელურ მარკეტებს, ღვინის მაღაზიებს, კვების ობიექტებს).

როგორც ცნობილია, საქართველო მსოფლიოში უკვე აღიარებულია ღვინის სამშობლოდ. აგრეთვე, საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც პრესტიჟთან ერთად, წარმოებული პროდუქციის ხარისხზე მკაცრი კონტროლის მოთხოვნებს და მისი განხორციელების მექანიზმებს გულისხმობს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, წინა წლებში დაგროვილი დადებითი შედეგების გათვალისწინებით სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ხარისხის კონტროლის განხორციელებისას, რაც ითვალისწინებს ლაბორატორიის მიერ გაცემული დოკუმენტების და სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტების იდენტიფიკაციას, კვლავაც მიზანშეწონილი იქნება არჩევანი შეაჩეროს არა ერთ, არამედ რამდენიმე აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიაზე.

ვინაიდან ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი იზრდება ყოველწლიურად, შესაბამისად იზრდება სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ნიმუშების ოდენობაც, რაც პირდაპირ კავშირშია განსახორციელებელი კონტროლის რაოდენობის ზრდასთან. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოში არსებული ადამიანური რესურსი არ არის საკამარისი, რიგ შემთხვევაში კონტროლის განსახორციელებლად სააგენტო გეგმავს მონაცემთა შეკრება-ანალიზისთვის ჩართოს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რითიც ასევე უზრუნველყოფილი იქნება პროცესის როგორც გამჭვირვალობა ასევე სანდოობა.

„წინა წლების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში შესასყიდი მომსახურების შესყიდვის ვადები და მოცულობა წინასწარ გაუთვალისწინებელ და ცვალებად ხასიათს ატარებს. გამომდინარე იქედან, რომ ღვინის კომპანია სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად თვითონ ირჩევს აკრედიტირებულ ლაბორატორიას, ჩვენს მიერ განსახორციელებელი კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის კვლევა უნდა ჩატარდეს იმავე ლაბორატორიაში, რადგან კვლევის მეთოდიკა სხვადასხვა ლაბორატორიაში განსხვავებულია და ცდომილება იმდენად დიდი შეიძლება იყოს ნორმატიული აქტით დადგენილთან შედარებით, რომ ვერ მოხდეს სწორი იდენტიფიცირება და ჭეშმარიტების დადგენა, დარღვევასთან გვაქვს თუ არა საქმე, გამომდინარე აქედან, სატენდერო პროცედურებისა და ვადების გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული ლაბორატორიის სპეციფიკაცია რის მიხედვითაც ხორციელდება ნიმუშის კვლევა. ასევე სატენდერო პროცედურების შესაბამისად ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან, ხოლო ღვინის კომპანიები სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თვითონ ირჩევენ ლაბორატორიას, ჩვენს მიერ ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში შეგვეძლება მათ მიერ წარმოდგენილი შედეგების გადამოწმება, რაც თავისთავად ამცირებს კონტროლის მექანიზმის ეფექტურობას.
ამასთან, ჩვენს მიერ ხორცილედება კონტროლი რაც გულისხმობს საწარმოებიდან ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ნიმუშების აღებას და მათ ლაბორატორიულ კვლევას სხვადასხვა კომპონენტებზე. საქართველოში დღეის მდგომარეობით აკრედიტირებულია 6 ლაბორატორია, რომელთაგან ერთი რომელიმე ლაბორატორია ყველა საჭირო კომპონენტზე ვერ ახორციელებს კვლევებს, რაც აუცილებელია ხარისხის კონტროლისათვის. ამიტომ გვიწევს ერთ სახეობა ნიმუშზე სხვადასხვა ლაბორატორიაში ვაწარმოოთ კვლევები, რიგ შემთხვევაში კი გვიწევს, ზოგიერთ კომპონენტზე კვლევები განვახორციელოთ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აკრედიტაცია ლაბორატორიებს ეძლევათ გარკვეული პერიოდით და წლის განმავლობაში ვადის გასვლა ვერ იქნება იმის წინაპირობა, რომ ის ისევ მოიპოვებს აკრედიტაციას, რომელიმე კონკრეტულ კომპონენტებზე. გასათვალისწინებელია, რომ დროის ერთ მონაკვეთში აღებული ნიმუშების რაოდენობა, იმდენად დიდი ოდენობისაა, ერთი კონკრეტული ლაბორატორია დროის შეზღუდულ ვადებში ვერ უზრუნველყოფს პასუხების მოწოდებას.
გარდა ამისა, ალკოჰოლიან სასმელისა და სპირტის ნიმუშების (ისეთი კომპონენტების შემოწმება, რომლის შემოწმება საქართველოში არ ხდება) ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებში შემოწმებისას ლაბორატორიები არ არიან დაინტერესებული მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჩატარებულ სატენდერო პროცედურებში. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის განხორციელება საჭიროებს, ასევე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესყიდვას. 2024 წლისათვის სააგენტო გეგმავს მონაცემთა შეკრება-ანალიზის პროცესში ჩართოს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება. უნდა აღინიშნოს რომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს საშიშროება იმისა რომ ვერ მოხერხდეს დროულად და ეფექტიანად შესაბამისი შესყიდვის განხორციელება რაც რისკის ქვეშ აყენებს პროგრამის მიზნების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგება აუცილებლობა ქვეპროგრამით „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“ გათვალისწინებული შესყიდვები განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში.
შესაბამისად წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მომართვებში მითითებული CPV კოდებით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია“,  - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას მიუერ შესყიდვებისსააგენტოს ხელმძღვანელის სახელზე გაგზავნილ წერილში, რითაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ სერვისის გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელების ნებართვა ითხოვა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები