რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს ავიაბაზარზე, როგორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ხედვები, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში ირაკლი ქარქაშაძე თელავის და ქუთაისის აეროპორტებში დაგეგმილ სიახლეებზე დეტალურად საუბრობს.
- უკვე ცნობილია, ვისი კონცეპტ-დიზაინით აშენდება თელავის აეროპორტი. ამის შემდეგ რა პროცესები გველის წინ, რომ აეროპორტმა მგზავრების მიღება რაც შეიძლება მალე განაახლოს?
- უკვე გამოქვეყნდა და გამარჯვებულად დასახელდა თელავის აეროპორტისთვის „ხმალაძე არქიტექტორების“ დიზაინ კონცეფცია. ამის შემდეგი ეტაპია პროექტირება და პარალელურად დავიწყებთ მშენებლობას. დღეის მდგომარეობით არსებული 1000 მ სიგრძის ასაფრენ/დასაფრენი ზოლი დაგრძელდება 1700 მეტრამდე და მოხდება არსებულის რეაბილიტაციაც. ბაზრის კვლევის დასრულებისთანავე კი დავიწყებთ მშენებლობას. ვგეგმავთ, რომ აეროპორტის რეკონსტრუქცია 2024 წლის ბოლომდე დავასრულოთ და თელავის აეროპორტი წელსვე შევიდეს ექსპლუატაციაში.
საკმაოდ ამბიციური გეგმაა იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან, როდესაც დავიწყეთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციაზე ფიქრი, მაშინ საუბარი იყო მცირე ზომის, არსებული ტერმინალის რეაბილიტაციაზე. თუმცა ჩვენი გადაწყვეტილებით, იქიდან გამომდინარე, რომ კახეთი ერთ-ერთი პირველია შიდა ტურიზმის მიმართულებით და ზოგადად საქართველოს ტურიზმში დიდი კონტრიბუტორია, მხოლოდ რეაბილიტაციას არ დავჯერდით და გავზარდეთ სამუშაოების მოცულობა. ტერმინალის საორიენტაციო ფართი, რომელიც პროექტირებისას დაზუსტდება 3 500 მეტრამდეა და ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 200 ათას მგზავრამდე იქნება.
- რა ტიპისა და მოცულობის ხომალდების მიღებას შეძლებს უკვე განახლებული თელავის აეროპორტი?
- აეროპორტი შეძლებს მიიღოს მცირე და საშუალო ზომის საჰაერო ხომალდები. საუბარია, 70-80 მგზავრზე გათვლილ ხომალდებზე, ამასთან გააჩნია მათ კონფიგურაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს მეზობელი ქვეყნებიდან ჩარტერული რეისებიც მივიღოთ. ჯერ დავიწყებთ შიდა, ადგილობრივ ფრენებს და შემდეგ გვექნება რეგიონული რეისების მიღების საშუალებაც.
- თუ არის ჯერ ცნობილი, საერთაშორისო აეროპორტის სტატუსის მისაღებად სერტიფიცირებაზე როდის გააკეთებთ განაცხადს? იმისათვის, რომ საერთაშორისოს სტატუსი მივიღოთ კიდევ გვჭირდება თელავის აეროპორტის გაფართოება, თუ არსებულ საზღვრებშიც იქნება შესაძლებელი?
- არა, ინფრასტრუქტურაში დიდი სხვაობა არ იქნება. დამატებით მხოლოდ საჭირო იქნება სასაზღვრო და საბაჟო ზონის შექმნა, რაც ინფრასტრუქტურაში თავიდანვე იქნება გათვალისწინებული და მხოლოდ დოკუმენტური და პროცესიონალური მოწესრიგება იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე იგეგმება, რომ აეროპორტი იყოს შიდა ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული. როცა უკვე საჭიროება დადგება, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ საერთაშორისო მოდელზე გადავიდეთ.
- დღეს რაც ავიაკომპანიები ოპერირებენ ბაზარზე, AK AIR-ის ფლოტი გაუძლებს თუ არა იმ სატენდერო მოთხოვნებს, რომელიც თქვენ გექნებათ, ეს სათუოა? Georgian Wings-ის უფრო სხვა გეგმები გაუჩნდა და აქტიურობას საერთაშორისო ბაზარზე ცდილობს, Georgian Airways-ს შიდა ბაზარი ნაკლებად აინტერესებს, ასეთ ვითარებაში რა გათვლები გაქვთ, ვინ უნდა შეასრულოს შიდა ფრენები?
- შიდა ფრენებზე კომუნიკაცია გვქონდა საქართველოში სერტიფიკატის მქონე ყველა ავიაკომპანიასთან. ასევე გვქონდა საუბარი AK Air-თანაც. შედეგების გახმაურებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გაგზავნილი გაქვს მთავრობაში ახალი ნებართვა შესათანხმებლად და როგორც კი შევათანხმებთ და განკარგულება გამოიცემა, გამოვაცხადებთ ტენდერს. მეტ-ნაკლებად ყველა ავიაკომპანიის პოზიციები ჩვენთვის ცნობილია.
- ეს იქნება კონსოლიდირებული ტენდერი, თუ ცალ-ცალკე ლოტებად გამოცხადდება?
- იგივე მოდელით წავალთ რაც აქამდე იყო. ორი ან სამი ტენდერი გვექნება, რომელიც დაყოფილი იქნება სხვადასხვა მიმართულებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მოთხოვნაა, სხვადასხვაა რეისების ღირებულებაც.
- ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებულის გამოვლენა ტურისტული სეზონის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი? ცნობილია, რომ ზაფხულში თბილისი-ბათუმის მიმართულება განსაკუთრებით აქტიურდება.
- ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ სიხშირეებსაც გავზრდით. შარშან გამოჩნდა ტენდენცია, რომ ავიაკომპანიებმა თბილისსა და ბათუმს შორის კომერციული ფრენებიც დაიწყეს, აქედან გამომდინარე აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები წელსაც აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ფრენებს საფრთხე არ ემუქრება. გაგრძელდება სუბსიდირების პროგრამაც და ტენდერიდან ტენდერამდე პერიოდში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მგზავრების დისკომფორტი.
- როგორც ვიცი მალაიზიაში Routes Asia 2024-ზე იმყოფებით. მესმის, რომ ერთჯერადი საუბრებით ახალ ავიაკომპანიას ვერ გადააწყვეტინებთ ჩვენს ბაზარზე შესვლას და ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ პერსპექტივას რომელ ავიაკომპანიებთან ან მიმართულებებიდან ხედავთ?
- წინასწარ არ ვაჟღერებთ ავიაკომპანიებს, რომლებსაც პერიოდულობით ვხვდებით. აღნიშნულ ფორუმზე ჩვენს მთავარ სტრატეგიას წარმოადგენს აზიისა და ჩინეთის მიმართულებები. თუმცა ძირითადად აღმოსავლეთ აზიაზე გაქვს აქცენტი. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და შემოვიყვანოთ საქართველოს ბაზარზე, რასაც თავის მხრივ დიდი შრომა დასჭირდება. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ტურიზმის ადმინისტრაციასთან და მათთან ერთად უნდა მოხდეს სწორი კამპანიების დაგეგმვა, იმისთვის რომ გაიზარდოს მოთხოვნა და ინტერესი ავიაკომპანიების მხრიდან და აზრი ჰქონდეს კომერციული ფრენების დაწყებას.
- 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს ავიაბაზარზე?
- ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ მაისიდან ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებაზე ფრენებს Austrian Airlines-ი იწყებს, რომელიც არის Lufthansa Group-ის წევრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენს ბაზარზე შემოდის Transavia, რომელიც თბილისსა და ამსტერდამს შორის იწყებს რეისებს. ჩვენი სწორი პოლიტიკით არა მხოლოდ ქუთაისს ვაკავშირებთ ევროპასთან, არამედ თბილისსაც, რომელიც აქამდე ძირითადად ტრანზიტული მგზავრებისთვის იყო საინტერესო. ესაა ის მიმართულებები, რომელიც უკვე გაჟღერებული გაქვს და ის მოლაპარაკებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. გვაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რა თქმა უნდა ინფორმაციას წინასწარ ვერ გავაჟღერებთ, ვიდრე ავიაკომპანიასთან საბოლოო შეთანხმება არ გვექნება.
- Wizz Air-ზეც მინდა გკითხოთ, ხომ არ იგეგმება ახალი ბაზის დამატება ქუთაისში, ან წელს ხომ არ პირებს ავიაკომპანია ახალი მიმართულების დაანონსებას ან პანდემიამდელი მიმართულებების აღდგენას?
- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ავიაკომპანიას ბევრი ხომალდი ჰყავს ტექნიკურ შემოწმებაზე ძრავებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო. რაც ცხადია, ავიაკომპანიის ბრალი არ არის და ამის გამო ბევრ აეროპორტს თვეობით და წლობითაც კი შეუჩერეს ბაზები და გაიყვანეს ხომალდები. თუმცა გეტყვით, რომ ეს ყველაზე მინიმალურად შეეხო ქუთაისის ბაზას. აპრილის ბოლოს ვგეგმავთ, რომ სრულად დავაბრუნოთ ყველა მიმართულება და ყველა სიხშირე, რომელიც აქამდე იყო, გაქვს აქტიური მოლაპარაკება, რომ უფრო მეტი საჰაერო ხომალდი გვყავდეს. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის რამდენად სწრაფად ექნება ავიაკომპანიას რომ ხელმისაწვდომი ჰქონდეს ახალი საჰაერო ხომალდები. აქედან გამომდინარე ამაზე ვართ დამოკიდებული, თუმცა გიდასტურებთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ Wizz Air-თან ახალი მიმართულებებისა და ბაზების დამატებაზე.
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის პროექტზე მინდა გკითხოთ, რა ეტაპზეა ეს პროექტი?
- ხელშეკრულება გაფორმებულია და აპრილის ბოლოსთვის მშენებლობაც უნდა დაიწყოს. ზაფხულში ჩვენ აქტიური სატვირთო ტერმინალი უნდა გვქონდეს. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ეს იქნება ძალიან მცირე ზომის ტერმინალი იმისათვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მომსახურების კუთხით პრეცედენტი შეუქმნას.
- აღნიშნული სატვირთო ტერმინალი მხოლოდ სამგზავრო რეისებით შემოტანილ ტვირთებს მოემსახურება, თუ აპირებთ მოლაპარაკებებს და უშუალოდ სატვირთო ავიაკომპანიების დაინტერესებას?
- ჩვენთვის ტვირთის დამუშავება პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი რისი საშუალებაც ტერმინალს არ ექნება, არის სასაწყობე მეურნეობა, სადაც იქნება ტვირთების დიდი ხნით დასაწყობების შესაძლებლობა. ეს ცალკე ბიზნესია, ცალკე მიმართულებაა, ცალკე სტანდარტებია, რაშიც ჩვენ არ შევდივართ. ჩვენ უბრალოდ მივიღებთ და გავატარებთ ტვირთს.
- თუმცა, ამ ბიზნესის საწარმოებლად არის თუა არა გარკვეული ტერიტორია იგივე აეროპორტში ან მიმდებარედ?
- აეროპორტის ტერიტორიაზეც არსებობს მსგავსი აქტივობებისთვის სივრცე და ასევე ობიექტის მიმდებარედაც.
- ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაელოდება კონკრეტული ბიზნესის ინტერესს, თუ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა?
-სატვირთო ტერმინალების განვითარების მიზნით, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბიზნესთან და შესაბამისად, ინტერესი არის. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ აეროპორტში არ არსებობს ტვირთების მომსახურების პრეცედენტი და შესაბამისად ისტორიული მონაცემები არ არის, რთულია პირველად ვინმემ დაიწყოს მსგავსი აქტივობა. შესაბამისად, ამის წახალისება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალით გვინდა და შემდეგ უკვე უფრო მეტი სტიმული მიეცემა კერძო სექტორს. არიან კომპანიები, ვისაც ინტერესი აქვთ, სხვადასხვა კომერციულ და ტექნიკურ დეტალებზე გაქვს პერიოდულად მოლაპარაკებები და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი.
უახლესი