დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული არამხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ პროცესში დამსაქმებელის ჩართულობაზეც - გიორგი ხუბუა

საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული არამხოლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ პროცესში დამსაქმებელის ჩართულობაზეც - გიორგი ხუბუა

31-03-2025 13:00:00

საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად იყოს არამხოლოდ ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე და გამოწვევებზე, არამედ სწავლების პროცესში იმთავითვე აქტიურად იყოს ჩართული დამსაქმებელი, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა. მისი განმარტებით, არსებობს საერთო ინტერესი, რომ ქვეყანაში განვითარების და ეკონომიკური ფაქტორი გახდეს უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა - პროდუქტიული საგნობრივი დისკუსია. ყველა ის თემა, რომელიც იყო განხილული ადასტურებს, რომ გამორჩეულად ცალკე ინტერესები ბიზნესის, სახელმწიფოს და განათლების სფეროს ეს მხოლოდ პირობითია. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ქვეყანაში განვითარების და ეკონომიკური ფაქტორი გახდეს უნივერსიტეტი. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად იყოს არამხოლოდ ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე და გამოწვევებზე, არამედ სწავლების პროცესში იმთავითვე აქტიურად იყოს ჩართული დამსაქმებელი. არამხოლოდ, სასწავლო პროგრამები, არამედ მიდგომები სწავლების მეთოდის კუთხითაც იმთავითვე ითვალისწინებდეს ბიზნესის მოლოდინებს", - განმარტა გიორგი ხუბუამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
 

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები