რა სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ბიზნესს ჩინეთთან უვიზო რეჟიმი - ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასება
02-03-2024 13:00:00
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გიორგი აბაშიშვილის რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ამბობს, რომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესი სარგებელს მიიღებს.
კერძოდ, ეს გადაწყვეტილება ყველაზე ეფექტური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ტურიზმის სექტორისთვის იქნება.
„საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში თავისუფალი გადაადგილებას, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. საქართველოს მოქალაქეები ადვილად შეძლებენ ჩინეთში მოგზაურობას. არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკური განვითარების ხერხემალი, ეს ადამიანები შეძლებენ თავისუფალ გადაადგილებას და მოგზაურობას ჩინეთში. მათ არ მოუწევთ გარკვეული დროის დახარჯვა ვიზის მისაღებად. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მათ უფრო ადვილად დაამყარონ ურთიერთობა პარტნიორებთან, უფრო მეტ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ჩინეთში ხშირად იმართება. კერძოდ, პროფილური ღონისძიებები, რომელიც უკავშირდება ტურიზმსა და ექსპორტს, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას“,- ამბობს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.