დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას

რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას

25-10-2024 11:20:00

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ხმის მიცემის პროცედურასა და წესებზე ისაუბრა. მან ამომრჩეველს დეტალური მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად.

ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე წამოსვლისას თან უნდა იქონიონ ვალიდური პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

„ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირველად შეხვდება ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის წევრს და გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ის შეამოწმებს, არის თუ არა დოკუმენტი ვადიანი და გადაამისამართებს რეგისტრატორთან. თუ ამომრჩეველი აქამდე ტრადიციული, ანბანური წესით ელოდებოდა რეგისტრატორს, ახლა უკვე ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეუძლია გადაინაცვლოს და გაიაროს ელექტრონული ვერიფიკაცია.

თუ დაზიანებულია დოკუმენტი, ამ შემთხვევისთვის აპარატს აქვს ხელით შეყვანის ველიც და მოხდება ამომრჩევლის პირადი ნომრის ხელით შეყვანა. რაც შეეხება ვერიფიკაციის აპარატს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრციდან ყველა ელექტრონული ტექნოლოგიის გატესტვა და დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის აღნიშნული ტექნოლოგიებისა და დოკუმენტაციის მიწოდება, თუ მოხდა რაიმე ტიპის ტექნიკური შეფერხება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება პროცესი საარჩევნო უბანზე სხვა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით. უბანზე იქნება მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის აპარატი და მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი აპარატი“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და შესაძლებელია საარჩევნო უბანზე შეიქმნას რიგი. თუმცა, მისი განმარტებით, ნაკადის მომწესრიგებელი რიგს კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგულირებს და ამომრჩევლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად გაიარონ აღნიშნული პროცესი.

„ამომრჩეველს რეგისტრატორი უკეთებს მარკირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ იბეჭდება შესაბამისი ელექტრონული ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან მას შემდეგ, რაც რეგისტრატორი კომისიის წევრი დაადასტურებს შესაბამისობას ამომრჩევლის, ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის და ასევე ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული მონაცემების შესაბამისობას. ამ ქვითარზე ამომრჩეველი აწერს ხელს, ქვითარი რჩება ჩვენთან. ეს არის დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივიდა.

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან. ასევე, ხელმძღვანელი პირები - თავმჯდომარე და მოადგილე უბანზე პროცესებს აქცევს ყურადღებას. თუ დახმარებაა საჭირო, აუცილებელია თავმჯდომარის საქმის კურსში ჩაყენება. როგორც იცით, ამომრჩეველი მარტო უნდა იყოს ფარული კენჭისყრის კაბინაში მას შემდეგ, რაც ბიულეტენს გადასცემს მას რეგისტრატორი. თუმცა, თუ მას დახმარება სჭირდება, შეუძლია, რომ თავმჯდომარეს მიმართოს და ნებისმიერი სხვა ამომრჩეველი დაეხმაროს ამომრჩეველს”, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ხვალინდელ არჩევნებზე იქნება ახალი სახის ბიულეტენები.

„ასევე ხმის მიცემის წესია შეცვლილი და ნაცვლად სასურველი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვისა ახლა ამომრჩევლებმა უნდა გააფერადონ სუბიექტის წინ არსებული წრე. რეგისტრატორი ამ წესს აუხსნის ამომრჩეველს, გააფერადებინებს საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდასთან, აუხსნის ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესსაც და ამის შემდეგ გადაამისამართებს ფარული კენჭისყრის კაბინაში’, - განმარტა ცესკოს პრესსპიკერმა.

მან ასევე განმარტება გააკეთა პირველად შედეგებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პირველად შედეგებს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, არის კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე პროცედურა, ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ორი საათის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება პირველადი შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საღამოს 8 საათზე უბანი დაიხურება, თუმცა, თუ რიგში დგას ამომრჩეველი, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარემ გადასატანი საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ ყუთებში და ამის შემდეგ უკვე დაიწყება პირველადი შედეგების ამობეჭდვა საარჩევნო უბანზე, გასაჯაროვდება ეს მონაცემები და პლანშეტის გამოყენებით პირდაპირ გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხზე, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ინტერნეტს, არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმის მთვლელი აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე, გააკეთონ არჩევანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება არ შეიძლება და ასევე ამას მიაქციონ ყურადღება. ველოდებით ყველა ამომრჩეველს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ხვალ მაღალი დონის სერვისი გაუწიოს ამომრჩეველს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები