სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში 2020-2021 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა ჯამური ბიუჯეტის 14,8%, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ამასთანავე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30-წლიანი ვადით და სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
შესყიდვები
მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შეფასება და აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად განხორციელება.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის 77 შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ პროექტის მიმწოდებელზე ბიუჯეტიდან გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 265,401 ლარი, თუმცა მიღებულია ხარვეზებით შედგენილი პროექტები და რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ იქნა განხორციელებული.
სახელშეკრულებო პირობების დაუსაბუთებელი ცვლილებები და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები - ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაუსაბუთებლად არის შეცვლილი, ხოლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში შეტანილი ცვლილებები შეუსაბამოა ექსპერტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
გარე განათების მომსახურებაში არსებული ხარვეზები - გარე განათების მომსახურების შესყიდვის დროს სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული წერტილების ჩართვა-გამორთვის რეგულირება და განათების ჩართვა-გამორთვის გრაფიკი. ბაზრის სრულყოფილი კვლევის გარეშე, დაუსაბუთებლად არის მიღებული გარე განათების წერტილების მომსახურების და მოწყობის სავარაუდო ფასი. ამასთანავე, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებში, რომელიც გახდა ანაზღაურების საფუძველი, რიგ შემთხვევებში არ იდენტიფიცირდება მომსახურებასთან დაკავშირებული პარამეტრები.
არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული შესყიდვა - ქალაქ ბათუმში, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის პროცესში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა, არაერთგვაროვანი მიდგომით არის განხორციელებული.
დაუდასტურებლად ანაზღაურებული ხარჯები - ქუჩების რემონტისათვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალების შესყიდვის, გადაზიდვის, უვარგისი გრუნტის დამუშავების და გატანის, ასევე სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების პერიოდის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, გადახდილია სამუშაოების ღირებულება.
რა რეკომენდაციები მისცა აუდიტის სამსახურმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას?
რეკომენდაცია №1:
შემუშავდეს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების რაციონალურ მართვას, ჯეროვნად შეფასდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიით დასაფინანსებელი თანხების ოდენობა. ამასთანავე, დამატებითი შემოსავლების მიღების და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რეკლამის განთავსების უფლების გაცემის დროს გათვალისწინებულ იქნეს საბაზრო პირობების ცვლილებისადმი შესაბამისი უფლების გაცემის ვადები და სარეკლამო სივრცის ოპტიმალური მოცულობა.
რეკომენდაცია №2:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.
რეკომენდაცია №3:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების საჭიროების ზუსტად და სრული მოცულობით განსაზღვრას და სახელშეკრულებო პირობების შესრულებას.
რეკომენდაცია №4:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო პირობების შესაბამისად განხორციელებას. ამასთანავე, ქ. ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების და ხიდის კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის დადასტურებისათვის გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას
ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს
რეკომენდაცია №5:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დანერგონ შიდა კონტროლის მექანიზმები, გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისათვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას
რეკომენდაცია №6:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ სამართლიან და ერთგვაროვან მიდგომას.
ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს
ა(ა)იპ − მუნიციპალური სერვისების სააგენტოს
რეკომენდაცია №7:
დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს განსახორციელებელ სამუშაოებზე სათანადო მონიტორინგს და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით თანხების ანაზღაურებას. ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით.
უახლესი