დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - ლევან  დავითაშვილის განმარტება „მინისტრის საათის“ ფორმატში

რა გეგმები აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - ლევან დავითაშვილის განმარტება „მინისტრის საათის“ ფორმატში

03-04-2024 16:49:00

პრიორიტეტული მიმართულებაა კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.

„ასევე იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება - 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას ითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საინვესტიციო ფონდების განვითარება - მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.

„მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 80 მილიონ დოლარამდე იქნება.

2024 წელს ასევე დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაზიდად გამოიყენონ. პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტების განხორციელება.

2023 წელს სესხის პროცენტის სუბსიდირების ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 650-ზე მეტმა პროექტმა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 900 მილიონ ლარამდე შეადგინა. 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, შედეგად მოხდება 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება. ასევე წარმატებით ფუნქციონირებს „საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმი“ - მის ფარგლებში 2023 წელს გაიცა 340-მდე სესხი, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.

ჯამურად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შექმნის დღიდან, ანუ 2014 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარზე მეტი მიმართა, მოხდა 5 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის ხელშეწყობა და შეიქმნა 75 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. სააგენტოს მიერ სესხის სუბსიდირებისთვის დახარჯულ 1 ლარზე ბენეფიციარებმა 14 ლარის შემოსავალი მიიღეს. 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარია, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე, ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის. მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს დაგეგმილია მიკროსესხების მხარდაჭერის ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს არსებული და დამწყები მიკრო ბიზნესისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების დაწყება/გაფართოება შეძლონ. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელის განვითარება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაიწყო და რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის კეთების კომპტენციის ამაღლებას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას. სამი ცენტრი უკვე გაიხსნა ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში. 2024 წელს დაგეგმილია მინიმუმ ხუთი ახალი საკონსულტაციო ცენტრის გახსნა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რაც შეეხება ექსპორტის მხარდაჭერის კუთხით გაწეულ საქმიანობას - 2023 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი მეწარმეები წარმოდგენილი იყვნენ 20-მდე საერთაშორისო ღონისძიებაზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორიცაა Gulf Food, Anuga და სხვები. ამგვარად მოხდა 220-მდე კომპანიის მხარდაჭერა. ამასთან, გასულ წელს გადავამზადეთ 60 ახალი ექსპორტის მენეჯერი და გავაფართოვეთ ისეთი პროგრამები, როგორიცა ტექნიკური დაზმარების მექანიზმი, რომელიც კომპანიებს ეხმარებათ სერტიფიცირების და სტანდარტების დანრეგვაში, ბრენდის გუმჯობესებასა და ახალ ბაზრებზე შესვლაში.

„2024 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 200-მდე ქართულ კომპანიას საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბის საექსპორტო ღონისძიებებში. გადამზადდება 50-მდე ექსპორტის მენეჯერი, 30-მდე ქართულ კომპანიას კი სააგენტო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართულ ხარჯებს დაუფინანსებს. ასევე, ახალი, შემსყიდვლებთან დაკავშირების პროგრამის საშუალებით, 50-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უცხოური კონსულტანტების მხარდაჭერით დაამყარონ ურთიერთობები პოტენციური შემსყიდვლებთან“,  - აღნიშნა მინისტრმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები