მრავალპროფილური სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა (მარქეთფლეისი) Profy · პროფის მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად 30-40%-ით იზრდება. როგორც Business Insider Georgia-თან Profy-ს გენერალურმა მენეჯერმა ცოტნე შეროზიამ განაცხადა, დღეისათვის Profy სერვისების მიწოდებას თბილისსა და ბათუმში ახდენს, თუმცა საშუალო ვადიან პერიოდში ქუთაისი და რუსთავის ათვისებაც იგეგმება.
„დღეისათვის Profy-ი საკუთარი პლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს ჯამურად 500-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მაინც დალაგების სერვისია. ასევე მოთხოვნადია ხელოსნის მომსახურების ისეთი მიმართულება როგორიცაა ონკანის შეკეთება, ონკანის გამოცვლა. სეზონურად იზრდება ხოლმე გათბობის სისტემების მონტაჟი, ხოლო ზაფხულში კონდენცირების სისტემების მონტაჟი“, - ამბობს ცოტნე შეროზია.
Profy-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ბაზარზე პროფესიონალი კადრების დეფიციტია, თუმცა Profy მათ პოვნას მაინც ახერხებს და საჭიროების შემთხვევაში მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს.
„პროფესიონალი ხელოსნის პოვნა მარტივი არ არის. კარგი ხელოსნის და კარგი პროფესიონალის პოვნა არსებულ ბაზარზე საკმაოდ რთულია. თუმცა მაინც ვპოულობთ. ამის შემდეგ ხდება მათი შემოწმება, ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობს მათი გადამოწმება, რამდენად ფლობენ კონკრეტულ უნარებს და ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ტრენერების მიერ მათი გადამზადებაც ხდება. შესაბამისი სკრინინგის გავლის შემდეგ მათ ეძლევათ საშუალება, რომ დაიწყონ მუშაობა. გარდა ამისა გვაქვს სტაჟირების პროგრამა, როცა უკვე არსებულ ხელოსანთან ხდება სტაჟირების გავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, ხოლო ამის შემდეგ ეძლევა მას მომხმარებლის მომსახურების უფლება“, - აცხადებს შეროზია.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც Profy-ის მეშვეობით მომხმარებლებს ემსახურებიან საკმაოდ მზარდია.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუ კი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, მათი რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი. ეს ადამიანები ჩვენთან დასაქმებულები კი არა, არიან ჩვენი პარტნიორი პროფესიონალები არიან.
ჯამში უკვე 100 ათასზე მეტი მომხმარებელი გვყავს. Profy უკვე მეხუთე წელია რაც ბაზარზეა და ყოველწლიურად ჩვენი სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია. საუბარია 30-40%-იან ზრდაზე.
დრეს ბაზარზე Profy-ს უნიკალურობა არის ის, რომ მას გააჩნია სპეციალური აპლიკაცია. რეალურად ერთადერთი აპლიკაცია ვართ ბაზარზე და თან ქართული აპლიკაცია, რომელიც ერთი ხელის დაწერით, საკმაოდ მარტივად ხდება შესაბამისი ხელოსნის არჩევა და გამოძახება. გარდა ამისა დავამატეთ „ფავორიტი“ სერვისი. თუ მომხმარებელს ჩვენი კონკრეტული ხელოსანი, დამლაგებელი მოეწონება და მას ამ ადამიანისგან გაწეული სერვისი დააკმაყოფილებს და მოეწონება შეუძლია დადებითი შეფასება დაუწეროს და საჭიროების შემთხვევაში ისევ ის, „ფავორიტი“ ხელოსანი თუ დამლაგებელი აირჩიოს“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
თუ კი კონკრეტული ხელოსანი/დამლაგებელი უფრო მეტი მომხმარებლის „ფავორიტია“ მისი მომსახურების ტარიფის გაძვირება არ ხდება. როგორც Profy-ს გენერალური მენეჯერი აცხადებს, „ტარიფს არ ვაძვირებთ, კი კარგი ხელოსანია, მაგრამ ჩვენ უმეტესობა სწორედ კარგი ხელოსნები გვყავს“.
მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად უცვლელია Profy-ს ტარიფები.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე ფასებმა მოიმატა ჩვენი ტარიფები ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია. ვცდილობთ, რომ ისეთი ტარიფები გვქონდეს, რომ ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისათვის“, - ამბობს ცოტნე შეროზია.
დღეისათვის Profy ბათუმში ყველა სერვისით წარმოდგენილი არ არის, თუმცა 2024 წლის ბოლომდე ბათუმში სერვისების რაოდენობა უკვე თბილისისას გაუტოლდება.
„ბათუმში ჯერჯერობით ყველა ის სერვისი არ გაქვს, რაც დღეს თბილისის მასშტაბით გაგვაჩნია. თუმცა ვცდილობთ, რომ ეტაპობრივად დავამატოთ. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ბათუმს ყველა სერვისი დავამატოთ და ბათუმის შემდეგ უკვე ვეცდებით, რომ სხვა მსხვილი ქალაქებიც ავითვისოთ“, - აღნიშნა Profy-ს გენერალურმა მენეჯერმა.
PROFY 505 არის პლატფორმა, რომელიც 2019 წლის მარტში გაეშვა.
„ამ იდეის მთავარი მიზანია ის, რომ გვინდა მომხმარებელს შევუქმნათ ჯერ არნახული კომფორტი სახლისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, რადგან დღევანდელ რეალობაში კარგი ხელოსნისა და დამლაგებლის მოძიება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პროცესია, არჩევანით დაწყებული, ანგარიშსწორებით და შემდეგ საქმის ხარისხის შემოწმებით დამთავრებული.მეორეს მხრივ ჩვენთვის მოტივაციაა შევქმნათ შესაძლებლობა იმ ადამიანების კულტურულ სივრცეში თვითდასაქმებისთვის, ვისაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეუძლიათ, თავიანთი ცოდნიდან გამომდინარე. გვჯერა რომ ჩვენი დაწყებული საქმე სტიმული იქნება პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში და ბევრად მეტი ადამიანი გადაწყვეტს აითვისოს პროფესიული უნარ-ჩვევები. ამით უფრო მოქნილი და მოთხოვნა-მიწოდებაზე დამყარებული გახდება ქართული საგანმანათლებლო ბაზარი და საერთო ინტერესიც მეტად იქნება რეალიზებული“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი