გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული „ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციას“ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების შეგროვება-უტილიზაციის ვალდებულება აქვს.
როგორ მუშაობს ეს მიმართულება, Business Insider Georgia ამ საკითხზე საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC -ის დამფუძნებელსა და დირექტორს ზურაბ ბაზღაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ დარგი გამოწვევების წინაშეა.
„კანონი დახვეწილია და მაგრამ აღსრულება რთულია. ვითარება თანდათან გამოსწორდება და 5-10 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ ნარჩენების გადამუშავების გამართულ სქემას. ეს ეხება საბურავს, პლასტმასას, აკუმულატორებს და შესაფუთ მასალებს“, - ამბობს მეწარმე.
TRC -ს დღეს 5 ტონა საბურავის გადამუშავება შეუძლია. მანამდე წარმადობა 2,5 ტონა იყო. როგორც მეწარმე ამბობს, კანონის ამოქმედების შემდეგ, მეორადი საბურავების სამი წლის მარაგი აქვთ, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება.
ძირითადი საექსპორტო პროდუქცია რეზინის ფხვნილია, რომელიც რეზინის აღდგენასა და რეზინის წარმოებაში, თუნდაც საბურავების დასამზადებლად გამოიყენება.
როგორც ზურა ბაზღაძემ განაცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები თურქულ კომპანიასთან აქვთ და წარმოების გაფართოებას გეგმავენ, თუმცა ინვესტორები დარგში კაპიტალის ჩადების საკითხს სიფრთხილით უდგებიან.
„ინვესტიციების მოზიდვაზე ვმუშაობთ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან. ვერ ვიტყვით რომ ხვალ ინვესტორს შემოვიყვანთ. ინვესტორს აბრკოლებს სასამართლო რეფორმა, კანონის აღსრულების ნება. ეს სქემა რომ აწყობილი იყოს ჩვენ უფრო გამართული გვექნება. საბურავების უტილიზაციაში ფულს უნდა იხდიდნენ. დამაბინძურებელი იხდის რეციკლირების თანხას. ჩვენთან ეს სქემა ჯერ არ არის აწყობილი. იმედი გაჩნდა, თუმცა ინვესტორი შიშით უყურებს ყველაფერს, რომ ვითარება გამოსწორდეს და შემდეგ ჩადოს ინვესტიცია. თურქული კომპანია, რომელიც მუშაობს საბურავების გადამუშავების სფეროში. ჰქონდა ინვესტირების სურვილი და სამჯერ იყო უკვე საქართველოში ჩამოსული. დაბრკოლებები არის... ევროპელები განსაკუთრებით იკავებენ თავს“, - ამბობს მეწარმე.
ცნობისთვის, TRC „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა. რომელიც კონკურსზე „Meliora 2018“ წლის სტარტაპად დასახელდა.
ასევე, კომპანიამ გაიმარჯვა კატეგორიაში - მწვანე ინიციატივა და ამ მიმართულებით, საუკეთესო პროექტი გახდა.
პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანიას აქვს რესურსი ასეულობით ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავება მოახდინოს. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ნარჩენებიდან შესაძლებელია წლიურად 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც სამომავლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავდა.
ეს ნიშნავს, რომ ყველა იმპორტიორი და მწარმოებელი, ვისაც სურვილი აქვს განათავსოს თავისი პროდუქცია ბაზარზე, ერთიანდება და პასუხისმგებლობას იღებს მათ მიერ წარმოშობილი ნარჩენების მართვაზე. განსაზღვრულია 6 ძირითადი მიმართულება, როგორიცაა შესაფუთი მასალისგან წარმოშობილი ნარჩენი, ასევე ელექტრონული ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები, საბურავები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები.
სპეციალურად ამ მიზნით 2022 წელს ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია დაფუძნდა, რომელსაც ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა დაევალა.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე