დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევებია ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების სექტორში და რა მაჩვენებლებზე გავიდა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია

რა გამოწვევებია ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების სექტორში და რა მაჩვენებლებზე გავიდა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია

18-07-2024 17:00:00

იანვარ-ივნისში ჩვენს მიერ ამოღებულია და გადამუშავებულია 1300 ტონაზე მეტი ნარჩენი საბურავი, 600 ტონა ნარჩენი ზეთი და  200 ტონაზე მეტი ნარჩენი აკუმულატორები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან ა(ა)იპ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასოციაციის მიერ წელს ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამოღებულ ნარჩენების მაჩვენებლებთან შედარებით ზრდას აჩვენებს. 

„მიმდინარე წლის 6 თვეში ჩვენი ასოციაციის მიერ ამოღებულია 600 ტონაზე ნარჩენ ზეთი. ნარჩენი ზეთი წარმოადგენს სახიფათო ნარჩენს, არის საკმაოდ ტოქსიკური, რომლის დაცვაც შესაბამისი ნებართვის და პირობების გარეშე დაუშვებელია, რადგანაც არის საკმაოდ მავნებელი როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისე გარემოსთვის. ჩვენს მიერ ამოღებული თითოეული ლიტრი ნარჩენი ზეთი მიდის ლიცენზირებულ გადამამუშავებელ საწარმოში „ალტერ ვეისტში “, სადაც ზეთის ნაწილის გადამუშავება ხდება, ხოლო ნაწილის ევროპის ქვეყნებში ექსპორტი ხდება. 

რაც შეეხება ნარჩენ საბურავებს, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ჩვენს მიერ ამოღებულია 1300 ტონაზე მეტი ნარჩენი საბურავები, საიდანაც დიდი ნაწილი შევიტანეთ ჰაიდელბერგ ცემენტში, სადაც ხდება მისი ენერგიის აღდგენის მიზნით გამოყენება, ხოლო ნაწილი გავიტანეთ ექსპორტზე თურქეთში. რაღაც ნაწილი კი დასაწყობებული გვაქვს შეგროვებით პუნქტებში.  გამოწვევა ინდუსტრიაში, საბურავების ნარჩენების მიმართულებით არის ის, რომ გადამამუშავებელი, დიდი, თანამედროვე საწარმო არ არსებობს. თუმცა მიუხედავად ამისა აქტიურად ვეძებთ საშუალებებს, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ. აქტიური მოლაპარაკებები გაქვს ასევე ნარჩენი საბურავების პაკისტანში გატანაზე. მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა ჩვენ ამ პრობლემას ვაგვარებთ და ვუმკლავდებით. 

2024 წლის ექვს თვეში ამოღებული გაქვს 200 ტონაზე მეტი  ნარჩენი აკუმულატორები.  ნარჩენ აკუმულატორებთან მიმართებაში გეტყვით, რომ თბილისთან ახლოს მდებარეობს საკმაოდ თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჩვენი პარტნიორია. 

ჩვენ მიმდინარე წლის 6 თვეში უფრო ნაყოფიერად ვიმუშავეთ ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმიტომ, რომ ეტაპობრივად პრაქტიკას ვიღებთ, ნარჩენების წარმომქმნელები ჩვენთან თანამშრომლობას აქტიურად იწყებენ, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენი ამოღებების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება“, - აცხადებს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 

ვანო მთვრალაშვილი ნარჩენების სფეროში არსებულ „შავ ბაზარზეც“ საუბრობს და განმარტავს, რომ ასოციაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაზე ინტენსიურად მუშაობს

„გამოწვევა არის „შავი ბაზარი“, მაგალითად ნარჩენ ზეთთან მიმართებაში.იმიტომ, რომ ზეთს აქვს თავისი ფასი, ჩვენ ამ ნარჩენს ვყიდულობთ, ნულოვანი ტარიფით არ ვიღებთ. არსებობს ე.წ. შავი ბაზარი, როდესაც არაუფლებამოსილი პირების მიერ ხდება ამ ნარჩენი ზეთის შესყიდვა და მოხმარება, არალეგალური/კუსტარული გადამუშავება და სხვა. იგივე პრობლემებია აკუმულატორებთან მიმართებაში. თუმცა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს ამ პრობლემების გადაჭრაზე. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების არსებობას ხელი შევუწყოთ და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ე.წ. შავ ბაზარს ვებრძოლოთ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.  

საგულისხმოა, რომ ასოციაცია საკუთარი მოვალეობების აღსრულებას 2023 წლის დასაწყისიდან შეუდგა. 

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია წარმოვადგენთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზებულ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციას და ავტორიზებული ვართ ნარჩენი ზეთების, ნარჩენი საბურავებისა და ნარჩენი აკუმულატორების შეგროვება/გადამუშავებაზე. ასოციაცია აერთიანებს 300-მდე წევრს და ისინი წარმოადგენენ ნარჩენების წარმომქმნელებს. თავად ბიზნეს ასოციაცია დაფუძნდა ნავთობპროდუქტების ბიზნეს სექტორისა და ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ და ჩვენი გამოცდილება ნარჩენების შეგროვების მიმართულებით 2023 წლიდან იწყება.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ახალი ინსტიტუციაა ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა გითხრათ, რომ საქართველო პოსტ საბჭოთა სივრცეში ლიდერია. სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც არ არის მსგავსი ინსტიტუცია, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენებს, არიან ჩართულები ამ ნარჩენების შეგროვება/გადამუშავებაში. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია პრაქტიკა და გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების წარმომქმნელების, მოსწავლე-ახალგაზრდებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების ინფორმირებას ნარჩენების მართვის  თანამედროვე სისტემების შესახებ.

ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის 1 იანვრიდან მომსახურების ღირებულება (რეციკლირების წინასწარი შენატანი) შეადგენს:

  • საქართველოში იმპორტირებული საავტომობილო ზეთზე - 12 თეთრი კგ-ზე დღგ-ის ჩათვლით;
  • საქართველოში იმპორტირებული საბურავზე - 12 თეთრი კგ-ზე დღგ-ის ჩათვლით;
  • საქართველოში იმპორტირებული აკუმულატორზე - 30 თეთრი კგ-ზე დღგ-ის ჩათვლით 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები