წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის თებერვალში 2023 წლის თებერვალთან შედარებით ყველაზე მეტად, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.
საუბარია ფასების 8.6%-იან ზრდაზე, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);
ფასები, უმეტესწილად, მომატებულია სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურებაზე. საუბარია წლიურ ჭრილში 6.7%-იან ზრდაზე.
წლიურ ჭრილში 5,5%-იან გაძვირებას აჩვენებს ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4 პროცენტი);
განათლების ჯგუფში წლიურ ჭრილში 3.5%-იანი გაძვირება ფიქსირდება, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი 2.5%-იანი გაძვირება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი