ბიუჯეტი დარჩება იგივე, ხოლო მოსახლეობის იმ კატეგორიის მოცვა, ვისაც ეს მედიკამენტები სჭირდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Business Insider Georgia-ს კითხვას, რა იქნება ე.წ. „მეას“ კონტაქტების ეფექტი და რა თანხას დაზოგავს ბიუჯეტი. მინისტრმა თქვა, რომ დაზოგვის ხარჯზე არანაირად არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება
„სამწუხაროდ არ შემიძლია ზუსტი ციფრები გითხრათ რა დაზოგვას და ფასდაკლებას მიაღწევს სახელმწიფო. თუმცა შეგილიათ თქვენ თავადაც იმსჯელოთ, გამომდინარე იქიდან, რომ რა ფაქტიც გვქონდა აპრილში, როდესაც 3-ჯერ და 4-ჯერ გაძვირდა მედიკამენტები. რა მარჟებზეა საუბარი შეგიძლიათ თქვენ თავად დათვალოთ. მნიშვნელოვანი დაზოგვაა და ამის თქმის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ დაზოგვის ხარჯზე არანაირად არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება. ბიუჯეტი დარჩება იგივე, ხოლო მოსახლეობის იმ კატეგორიის მოცვა, ვისაც ეს მედიკამენტები სჭირდება მნიშვნელოვნად გაიზრდება და ასევე წლის განმავლობაში კურსს რაც სჭირდებოდა სრულად მიიღებენ“, აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, მთავრობის სხდომაზე გარკვეული ტიპის მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვით შემოტანაზე იმსჯელეს. როგორც მინისტრმა თქვა, საუბარია ე.წ. „მეას“ ტიპის მედიკამენტებზე.
„პარლამენტში მიდის კომიტეტებში ეს განხილვა, ეს არის ე.წ. მეას ტიპის შესყიდვა მედიკამენტების. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირდაპირი შესყიდვის გზით შეგვეძინა და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე. დღეს მსგავსი შესყიდვები ისედაც გვაქვს სამინისტროში, მაგალითად, ეს არის ინსულინის მარაგების შეძენა, ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვა. 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს იშვიათი მედიკამენტებისთვის ბიუჯეტი, ასევე ინსულინისთვის არის 10 მილიონ ლარზე მეტი და უკვე მსგავსი შესყიდვები გვინდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ და ამ ტიპის შესყიდვაზე კანონში ჩავწეროთ, რომ ცალ-ცალკე არ იყოს შესათანხმებელი. აქედან გამომდინარეა კანონში ეს ცვლილებები. აქვე მინდა ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტიც გაგახსენოთ- წლის დასაწყისში, როდესაც რეფერენტული ფასები შემოვიტანეთ, პირველად იყო ასეთი სამწუხარო ფაქტი, როცა 5 კომპანიამ ერთი და იგივე მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით შემოგვთავაზა ფასები, ეს ფასები შეეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს, და იყო 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერ გაზრდილი. სწორედ ამის დასაზღვევად, ასევე ჩვენი პაციენტებისა და ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად არის „მეას“ კონტრაქტი, რომელიც გვინდა, რომ კანონში ჩავწეროთ,“- განაცხადა აზარაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია