ხელნაკეთი შარფების, ჩანთებისა და სახლის აქსესუარების ქართული ბრენდი Naninfinita-ს დამფუძნებელი ნანუკა ჩხეიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ 2023 წელს მის ნაწარმზე მოთხოვნა 30-50%-ით გაიზარდა.
„მომხმარებელს 20 წელია განსხვავებულ და ექსკლუზიურ პროდუქციას ვთავაზობ. ვიყენებ მრავალფეროვან მასალას, ტყავს, აბრეშუმს, ლითონს და ბუნებრივ ქვებს, ვქმნი გამორჩეულ ნაწარმს, შარფებს, ჩანთებს, საფულეებს, რომლის შეფუთვაც ექსკლუზიურია“, - ამბობს ნანუკა ჩხეიძე.
ყველა აქსესუარის ფასი ინდივიდუალურია და მომხმარებელს პროდუქციის შეძენა, ონლაინ შეუძლია. ნანუკა ჩხეიძე Business Insider Georgia- თან მისი ბიზნესისთვის არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. ეს არის პროფესიონალების სიმცირე, ვისაც ბრენდს ანდობს.
„დიდი სურვილი მაქვს მქონდეს სერიული წარმოება, თუმცა პროფესიონალებს ვერ ვპოულობ. ბრენდის სახელის გაფუჭებას ცოტა შეკვეთა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება მირჩევნია“, - ამბობს ხელოვანი.
მისი თქმით, ინდივიდუალურობისა და მაღალი ხარისხის გამო Naninfinita-ს ბრენდი ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პოპულარულია.
„კარგახანია უცხოეთის ბაზარზე გავედი. ბრენდს მომხმარებელი ჰყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აშშ-ში. 2023 წელს პროდუქციაზე მოთხოვნა 30%-50% ით გაიზარდა და ყველაზე მოთხოვნადი ხელნაკეთი ორნამენტებით დამზადებული შარფია“.
რაც შეეხება სიახლეებს, 2024 წელს Naninifinita მომხმარებლებს ახალ კოლექციას შესთავაზებს და საბავშვო ხაზსაც განავითარებს.
„ამ ხაზის ერთ-ერთი მიმართულებაა საბავშვო წიგნების ილუსტრირება,. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი საბავშვო გმირები, რომლებიც ბავშვებში დადებით ემოციას გამოიწვევენ და ესთეტიკური გემოვნება ჩამოუყალიბდებათ“, - ამბობს Naninfinita-ს დამფუძნებელი.
Naninfinita-ს ბრენდით ადგილობრივ ბაზარზე აქსესუარები 20 წელია იყიდება.
უახლესი