„პონტუს დეველოპმენტი“, რომელიც „პონტუს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიაა გონიოში 546 სასტუმრო ნომერზე გათვლილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. ახალი სასტუმრო, რომელიც ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს, მოიცავს კერძო პლაჟს, რესტორნებს, სპა-ს, დახურულ და გარე აუზებს, ჯანმრთელობისა და ფიტნეს ცენტრს და ბავშვთა ინტერაქტიულ სათამაშო ზონას.
სასტუმროში Pontus Rotana Resort & Spa პრემიუმ სერვისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Rotana უზრუნველყოფს. Rotana-ს სასტუმროების ქსელის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და „პონტუს დეველოპმენტის“ მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ Pontus Rotana Resort & Spa მთელი წლის განმავლობაში დატვირთული იქნება და ინვესტიციაზე მაღალი უკუგება ენება.
ცნობილია, რომ Pontus Rotana Resort & Spa ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი საქართველოში. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2027 წლიდან შევა. სასტუმრო კომპლექსში 700 ადამიანზე მეტი დასაქმდება.
„პონტუს დეველოპმენტსა“ და Rotana Hotel Management Corporation PJSC-ს შორის 20 წლიანი ექსკლუზიური ხელშეკრულება 2023 წლის 23 მაისს გაფორმდა.
სასტუმრო, რომელსაც სრულად „პონტუს კაპიტალი“ აფინანსებს და „პონტუს“ შვილობილი კომპანიის, Geverse Construction-ის მიერ შენდება, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სექტორში.
„ეს პროექტი აამაღლებს Hospitality-ს დონეს აჭარაში და გახდება სამაგალითო კოლაბორაცია ჩვენს და არაბული საამიროების სტრატეგიულ პარტნიორს შორის“, აცხადებენ „პონტუში“.
სასტუმრო აღჭურვილი იქნება ყველანაირი საჭირო, თანამედროვე ინფრასტრუქტურით: შიდა აუზი/ გარე აუზი, სპა ცენტრი, ბიზნეს ლაუნჯი, სავარჯიშო დარბაზი, 3 რესტორანი, კაზინო, ბაღი, პარკინგი
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 71 მლნ დოლარია. პროექტის ფარგლებში 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით უკვე განხორციელებულია 8.3 მლნ დოლარის ინვესტიცია.
საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან სულ რაღაც შვიდი წუთის სავალზეა, ბათუმის ცენტრი 14 წუთის სავალზე, ხოლო თურქეთის საზღვარი 10 წუთის სავალზე.
სასტუმროს ოპერატორი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება. მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Rotana-ს ბიზნეს პორტფელი მოიცავს 10012 გასაღებს 36 სასტუმროში.
უახლესი