დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nekresi Estate სასტუმრო მიმართულებას აფართოებს

Nekresi Estate სასტუმრო მიმართულებას აფართოებს

23-01-2025 16:10:00

Nekresi Estate ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნარა სილაგაძემ განაცხადა, Nekresi Estate-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს როგორც სასტუმრო მიმართულების გაფართოება, ასევე ფართოვდება თანმდევი ინფრასტრუქტურაც.

„ამ ეტაპზე ზამთრის სეზონია და შესაბამისად დიდი აქტივობა არ გვაქვს. თუმცა როგორც კი სეზონი დაიწყება, ჩვენ ვაკეთებთ საუნას, გვაქვს აუზი, გვექნება საცხენოსნო ტურები, რომლებიც ისედაც გვაქვს მაგრამ უკვე საჯინიბოც გვექნება. ასევე გვექნება დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც სტუმრებს შეუძლიათ როგორც სამუშაო სივრცე გამოიყენონ და ეს ყველაფერი არის პროექტები, რომელიც გაზაფხულიდან უკვე ჩაეშვება“, - აღნიშნა ნარა სილაგაძემ. 

Nekresi Estate-ს სტუმრების 50%-ი ადგილობრივები, ხოლო 50%-ი უცხოელი ტურისტები არიან. 

„დინამიკაში რასაც ვუყურებდი ალბათ 50-50-ზეა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლები. სტუმრები მივიღეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კორეიდან, სინგაპურიდან. ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. შესაბამისად, საკმაოდ დიდი აქტივობა იყო  გასულ წელს. 2025 წელს კი კიდევ უფრო დიდ აქტივობას ველოდებით, რადგანაც Nekresi Estate-ს  უმრავლესობამ ახლახან გაიცნო და მაგიტომ ველოდებით უფრო დიდ ნაკადს“, - აცხადებს Nekresi Estate-ს გენერალური მენეჯერი. 

ირკვევა, რომ 2024 წელს Nekresi Estate-ში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც ობიექტის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა. 2025 წელს კი კომპანია უფრო მეტ სტუმარზე აკეთებს გათვლას. 

„2024 წელს პატარა რეორგანიზაცია მოვახდინეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა ზუსტად წლევანდელ წელს გაიგო ჩვენი არსებობს შესახებ და მე როგორც დავინახე, გასული წლის ზაფხულში ალბათ ორჯერ გაზრდილი იყო ჩვენზე მოთხოვნა. შემოდგომის და ზაფხულის განმავლობაში  იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, ამიტომ ვფიქრობ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება, ამისი მოლოდინები გვაქვს.

Nekresi Estate, რომელიც ღვინოსაც აწარმოებს საკუთარ პროდუქციას ექსპორტზეც ყიდის. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების გაზრდაზე. 

„ჩვენი საქმიანობა 2015 წლიდან დაიწყო, როგორც მეღვინეობა. 2021 წელს გაიხსნა რესტორანი და სასტუმრო. ინფრასტრუქტურა 2019 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ კოვიდის პერიოდი დაემთხვა და ამიტომ მოგვიანებით გაიხსნა. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ნატურალურ ღვინოებს. ჩვენი მიმართულება არის ნატურალური ღვინოების წარმოება. გვაქვს 11 სახის ღვინო. მათ შორის არის ნატურალი პეტნატები შუშხუნა ღვინოები და აქ გვაქვს ხუთი სახეობის ნატურალური შუშხუნა ღვინო. გვაქვს ასევე ტრიუფელის ჭაჭა, რომელიც ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი არის, რომელიც ორი წელი ვარგდება  ტრიუფელის სოკოზე და გამოდის უკვე ტრიუფელის ბრენდით. ეს არის ღვინის მიმართულება.

გავდივართ ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ამერიკა, კორეა, ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. დიდი ექსპორტი არ გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე, რაც არის არის ეს ქვეყნები. დანარჩენი შიდა ბაზარზე იყიდება, როგორც ადგილობრივად ასევე თბილისში რამდენიმე კომპანიაში. რაც შეეხება სასტუმროსა და რესტორანს, ჩვენი კონცეფცია არის ეკო მეგობრული გარემოს შექმნა და სწორედ ამ მოტივებზე არის ჩვენი რესტორანიც და სასტუმროც შექმნილი. მეორადი გადამუშავებული ხის მასალით გვაქვს ყველაფერი და მდებარეობაც, ვიტრაჟებიც ყველაფერი ისე არის რომ ბუნებაში მაქსიმალურად იყოს შერწყმული და ადაპტირებული. ნეკრესში ისეთი ადგილები არის, რომ გარშემო სულ ტყეა და ამაში შევეცადეთ, რომ ვყოფილიყავით ადაპტირებულები. სასტუმროში გვაქვს რვა ნომრის. 15 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს კიდევ და დასრულდება აპრილის ბოლოს მაისის შუა რიცხვებში. გვაქვს აუზი, სეზონზე უკვე ძალიან ბევრი აქტივობა დაგვემატება როგორიც არის საუნა, საჯინიბო და ა.შ.

ჩვენ ვმასპინძლობთ ასევე რთველს. რთველი სექტემბერში იწყება. ხდება წინასწარი ჯავშნები. რთველთან ერთად პაკეტში შედის დეგუსტაცია, ვახშამი და ეს ყველაფერი უნდა დაორგანიზდეს. ამიტომ წინასწარ ვიღებთ ხოლმე მსგავს შეკვეთებს. ასევე ჩვენთან იმართება ქორწილები. ძალიან ბევრი ქორწილი გვქონდა გასულ წელს და კიდევ უფრო მეტი იქნება 2025 წელს“, - გამარტავს Nekresi Estate-ს გენერალურ მენეჯერი.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები