დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

10-03-2025 17:44:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც  მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებსა და აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენტული გარემოს გაძლიერების სტანდარტის ამაღლების მიზნით წლიდან წლამდე დგამს. როგორც მან აღნიშნა საკანონმდებლო სიახლეებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვის პროცესში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის კონსულტაციებს და ინტენსიურ თანამშრომლობას თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს. ამასთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მარეგულირებელ აქტებში მუდმივად ხდება სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მომხმარებელთა მომართვიანობაზე დაყრდნობით ცვლილებების შეტანა.

„წინა წლების მსგავსად 2024 წელსაც ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობდა საფინანსო სექტორში მომხმარებელზე მორგებული გარემოს კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე,  ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა / ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, გარკვეული ტიპის დამატებითი მარეგულირებელი მოთხოვნები გავრცელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე. კერძოდ, უფრო დეტალურად გაიწერა მომხმარებლების მიერ პრეტენზიის დაფიქსირებისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, რომლის დაცვაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიმდინარე წლის 15 აპრილიდან მოუწევთ.

ასევე, გავაძლიერეთ საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება, რომელიც მათ შორის რისკებზე დაფუძნებულ ზედამხედველობას გულისხმობს და სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე მორგებული გარემოს შექმნის ხელშეწყობასა და არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან სექტორის შესაბამისობაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით შევიმუშავეთ საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიის პროექტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას და ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება მიმდინარე წელს მოხდება“,  - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

გამოსვლაში ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ მსგავსი თარიღების აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნულ ბანკში მომხმარებლების მომართვიანობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახება მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე. 2023 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს  და მომხმარებლებისთვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს წარმოადგენს. კომისიამ 2024 წელს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის წამოჭრილი 90-მდე დავა განიხილა, რომელთა 85% მომხმარებლების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ანაზღაურებულმა თანხამ ჯამურად 300 000 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა ინკლუზიის  ხელმისაწვდომობაზე გაკეთდა. ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერებას და მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

„დღევანდელი დღის ერთ-ერთ თემატიკას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. ამ კუთხით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მცირე ბუკლეტი, სადაც მოკლედ არის მოცემული ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი უფლებებისა და პასუხისმგებლობების უკეთ გაცნობაში დაეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სექტორი აქტიურად მუშაობს შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და დახვეწაზე. აღნიშნულ პროცესს ეროვნული ბანკიც მხარს უჭერს და სამომავლოდ ამ მიმართულების კიდევ უფრო დახვეწისა და განვითარების სურვილი გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კვირეული 10-15 მარტს თბილისში, ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კვირეულის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები