ნახევრად ცქრიალა ღვინო „ჟუჟუნას“ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ჟუჟნამ“ საკუთარი წილი ადგილობრივ ბაზარზე გაზარდა და ექსპორტზეც გავიდა, მათ შორის უკვე წარმოდგენილია ევროკავშირის ბაზარზეც.
როგორც Business Insider Georgia-ს „ჟუჟუნას“ ბრენდით ღვინის მწარმოებელი კომპანია „სვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე განმარტავს, კომპანიის გეგმებშია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 50%-ით გაზარდოს.
„პანდემიის შემდეგ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე. შარშან წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე 150 ათასი ბოთლი ღვინო გავყიდეთ და ასევე 900 ერთეული 20 ლიტრიანი „კეგე“.
რაც შეეხება ექსპორტს, პროდუქცია გაგვაქვს ჩინეთში, იაპონიასა და უკვე ლიეტუვაშიც. ჯამურად საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები, მალე ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის მაჩვენებელს გაუტოლდება.
საექსპორტო ბაზრებზე 2021 წელს სატესტო შეკვეთები გავგზავნეთ, 2022 წლიდან კი სრულფასოვანი ექსპორტი დავიწყეთ. 2023 წელს დავიმატეთ ლიეტუვის ბაზარი, ანუ შევედით ევროკავშირის ბაზარზე, რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგი ამბავია. უკვე ლიეტუვის ბაზარზე გასაგზავნად მეორე შეკვეთას ვამზადებთ. ლიეტუვაში ჯერჯერობით ჰორეკა სექტორში ვართ წარმოდგენილი“, - განმარტავს ვასკა ჩუბინიძე და Business Insider Georgia-თან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.
ირკვევა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანია გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი ბრენდის შექმნას აპირებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარი. მიგვაჩნია, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმატებულები რთულია საექსპორტო ბაზრებს ელაპარაკო. მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ ინოვაციური, განსხვავებული პროდუქტი გაქვს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვიყოთ წარმატებულები და გარკვეული ვალიდაცია აქ გავიაროთ. თუმცა მთავარ ბიზნესს ექსპორტში ვხედავთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში მესამე საექსპორტო ქვეყანას ვითვისებთ და მიმდინარე მოლაპარაკებები გაქვს პოლონეთთან და ბელგიასთან ეს უკვე წარმატების მაგალითია. საკმაოდ იმედიანად ვართ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა ადგილობრივ ბაზრისთვის წარმადობა გავაფართოოთ. გეგმა უკვე გაქვს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორთან. ამიტომ წელს ჩვენი მთავარი გამოწვევა წარმადობის გაფართოებაა, რათა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ახალი ბაზრები ავითვისოთ. ასევე ვფიქრობთ ახალი ბრენდის შექმნაზე“, - აცხადებს ვასკა ჩუბინიძე.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებზე სიახლეებს, კომპანიამ ჩინეთის ბაზარზე ექსკლუზიურად ახალი პროდუქტი უკვე გაიტანა.
„წელს დავამატეთ ჩინეთის ბაზრისთვის ახალი პროდუქტი. აქამდე გვქონდა ორი - თეთრი და ვარდისფერი „ჟუჟუნა“, რომელიც ყველა ბაზარზე იყიდება, მაგრამ სპეციალურად ჩინეთისთვის დავამზადეთ ქარვისფერი „ჟუჟუნა“, რომელიც ექსკლუზიურად ამ ბაზარზე იყიდება, რადგან ჩინეთი საკმაოდ სპეციფიკური ბაზარია“, - ამბობს ვასკა ჩუბინიძე.
„ალკოჰოლი მოკრძალებული, თუმცა მატყუარა 11%-ია. „ჟუჟუნაში„ ყვითელი კენკრის და მწვანე ვაშლის ტონებს ამოიცნობ, მოკლედ ქორფა, მჩატე და ხალისიანია. ჰოდა, სწორედ ამიტომ, ბევრი კოქტეილის მოსამზადებელადაც ეძახიან.
„ჟუჟუნა“ ღვინო კახეთში იწარმოება. ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ვყიდულობთ, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ღვინის დაყენებასა და ჩამოსხმას კი მეღვინე გოგი დაქიშვილი ხელმძღვანელობს. ადრეულ რთველზე მოწეული რქაწითელი და მწვანე ზუსტად იმ დაბალ შაქრიანობასა და მაღალ მჟავიანობას ქმნის, რომელიც პირველადი ღვინო-მასალის მისაღებად გვჭირდება. ხოლო, ჟუჟუნას სიცქრიალეს წნევაგამძლე ცისტერნებში, შარმატის მეთოდით, მეორადი ფერმენტაცია განაპირობებს. შედეგად,„ჟუჟუ“ იტევს ალკოჰოლს, რომელიც მატყუარა 11%-ია. ღვინოში ნახშირორჟანგის წნევა კი 2.3 ბარია“, - აღნიშნულია „ჟუჟუნას“ ვებგვერდზე პროდუქტის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი