როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში.
„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უახლესი