დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა და პროდუქციას „ფრუტერას“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ამ ბაზარზე დიდი კონკურენციაა.
„დღეს საქართველოში რაც მშრალი ხილი იყიდება, არ არის ნაწარმოები მხოლოდ საქართველოში. ალბათ 70-80% მაინც იმპორტირებულია. მაგალითად ჩინეთიდან შემოდის ვაშლის ჩირი, რომელიც საქართველოში სეზონურად ჭარბად იწარმოება“, - ამბობს დავით გელუტაშვილი.
მეწარმის თქმით, ძირითადი კონკურენცია უწევთ იმპორტთან, თუმცა ადგილობრივი წარმოებაც იზრდება და სასურველია იმპორტი მალე ჩაანაცვლოს.
„მშრალი ხილის იმპორტს ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ. ბუნებრივია, მომხმარებელი წყვეტს რომელი პროდუქტი იყიდოს. ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ადგილობრივი ნაწარმი უფრო ძვირი?
იმიტომ, რომ ადგილობრივი ნაწარმი არ შეიცავს კონსერვანტებს, რასაც ვერ ვიტყვი იმპორტზე. მაგალითად, იმპორტირებული შავი ქლიავის ჩირი შეიცავს კონსერვანტებს. საჭმლის ზეთს ასხამენ, რომ სიპრიალე ჰქონდეს . ხარშავენ შაქრიან წყალში, რომ გემო გაუუმჯობესდეს. მომხმარებელი შედის შეცდომაში, რადგან ეს ინფორმაცია არ აქვს“, - ამბობს მეწარმე.
მისი თქმით, ნატურალური პროდუქციის წარმოება ძვირი ჯდება.
„ადგილობრივი ნაწარმი კონსერვანტს არ შეიცავს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წარმოების წესებით, თუ შეცდომა დაუშვით და ჩირი არ იქნება კარგად გამომშრალი, შეფუთულ მდგომარეობაში ობდება. ხოლო ის მეწარმეები, რომლებიც კონსერვანტს იყენებენ, უფრო მეტ წყალს ტოვებენ პროდუქტში, წარმოება უფრო იაფი უჯდებათ და პროდუქტს წონაც მეტი აქვს. ამ შემთხვევაში კი კონკურენციის გაწევა რთულია“, - ამბობს „ფრუტერას“ მფლობელი.
„ფრუტერას“ ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 10 დასახელების ტყლაპი და ჩირი გამოაქვს.
დავით გელუტაშვილი ამბობს , რომ „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია.
„პროდუქცია იმდენად არის გამომშრალი რომ 1 წლის განმავლობაში ხარისხს ინარჩუნებს. სამი სახის ვაშლის ჩირს ვაწარმოებთ, ასევე ალუბლისა და შინდის კერკს“, - ამბობს მეწარმე.
„ფრუტერას“ 2024 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. როგორც დავით გელუტაშვილი ამბობს საწარმო ჰასპის სერტიფიკატის ასაღებად ემზადება, ხოლო 2025 წელს ექსპორტსაც გეგმავს.
ექსპორტისთვის პირველი სამიზნე ბაზარი გერმანია იქნება. შესაძლოა, ამ ბაზარზე „ფრუტერას“ პროდუქცია 2025 წელს გამოჩნდეს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 27,22 ტონა, $150 ათასის ღირებულების ხმელი ხილი (გარგარი, შავი ქლიავი, ვაშლი და სხვა) იმპორტირდა.
საქართველოში მშრალი ხილის ძირითადი იმპოპრტიორია სომხეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, ტაილანდი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ირანი, თურქეთი.
უახლესი