საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აი სი არ ტრეიდისთან“, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება მაღაზია „ბატას“ საქმიანობის ფარგლებში - შეცვალოს შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, კომპანიას დაევალა:
- ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.
შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.
„აი სი არ ტრეიდი“ საცალო ვაჭრობის სექტორში, 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების ობიექტებს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.
უახლესი