დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინი ვერ გამართლდა, ადგილობრივ ბაზარზე ნუშის ფასები დაბალია - „ნუშიკოს ბაღი“

მოლოდინი ვერ გამართლდა, ადგილობრივ ბაზარზე ნუშის ფასები დაბალია - „ნუშიკოს ბაღი“

30-01-2024 14:00:00

Business Insider Georgia-თან ფერმერი ზაზა ხელხელაური, რომელიც კახეთში ნუშის ბაღებს ფლობს და პროდუქციას „ნუშიკოს“ ბრენდით აწარმოებს, ამბობს, რომ 2023 წელს ვერც დაგეგმილი მოსავალი მიიღო და ადგილობრივ ბაზარზე ნუშის ფასები დაბალია.

„რაც გვქონდა დაგეგმილი ის მოსავალი ვერ მივიღეთ. ადგილობრივ ბაზარზე ნუშის საბითუმო ფასები და რეალიზაციის მაჩვენებელი დაბალია. გარჩეული ნუშის საბითუმო ფასი 17-18 ლარია, გაუტეხავი ნუში კი 5-6 ლარი ღირს“, - ამბობს ფერმერი.

ზაზა ხელხელაური ადგილობრივ ბაზარზე დაბალ ფასებს, მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას უკავშირებს.

„წელს საერთაშორისო ბაზარზე ნუშის ფასი დაბალია, რაზეც ადგილობრივ წარმოებას გავლენა ვერ ექნება. ქართული ნუშისთვის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტია აშშ, ესპანეთი, იტალია, თურქეთი. ყველა ვინც აწარმოებს“. 

2024 წელს ფერმერი ნუშის ნარგავი ფართობის გაზრდას არ გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ამ ბიზნესს პერსპექტივა აქვს  და მისი ბაღების წარმადობა 12-15 ტონას მიაღწევს, ხოლო შემდეგ წლებში უფრო მაღალ ნიშნულზე გავა.

„დაახლოებით ორ წელიწადში სრული მოსავლიანობით 30 ტონას მივუახლოვდებით. ნუშის წარმოებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ რა მოლოდინებიც გვქონდა ყველას ფასებთან მიმართებით, პროდუქტზე ეს ფასი არ იქნება“.

ფიზიკურმა პირმა ზაზა ხელხელაურმა 6 ჰა-ზე ნუშის ბაღის გაშენება კახეთში, თელავის რაიონ სოფელ კონდოლში, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. როგორც ფერმერი ამბობს, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ-ს დროინდელი კოლმეურნეობის საშრობი იყო, რომელიც დაშალა და ნუშის დარგვა დაიწყო.

დღეს კი „ნუშიკოს ბაღი“ იტალიური სუპერნოვას ჯიშის ნუშის ხეებს აერთიანებს. წარმოების პროცესში ჩართულები არიან გამოცდილი აგრონომები, ბაღის მოვლა საერთაშორისო ნორმების დაცვით მიმდინარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები