მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Crystal • კრისტალი მიკრო ბანკის ლიცენზიის მოლოდინშია. როგორც „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე განმარტავს, ლიცენზიის მიღება მალე მოხდება, რადგანაც ამისათვის „კრისტალის“ მხრიდან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„მიკრო ბანკების კუთხით კანონმდებლობა ძალაშია. უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა მეორადი, ნორმატიული ბაზის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ლიცენზირების ძალიან აქტიურ ფაზაში. იმედი მაქვს, რომ შედეგიც მალე გვექნება. აქტიურად ვმუშაობთ, ძალიან დიდი დოკუმენტაცია მომზადდა. „კრისტალი“ მზად არის იმისთვის, რომ მიკრო ბანკის ლიცენზია მიიღოს“, - განმარტავს არჩილ ბაკურაძე.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სამი კვარტლის შედეგები საკმაოდ დადებითია.
„ჩვენ მომგებიანობით ერთ-ერთი ლიდერი ვართ ფინანსურ სექტორში. ზრდა გვქონდა ზომიერი, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში. ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სამეწარმეო დანიშნულებით დაფინანსებას, სოფლის მეურნეობას და საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად ვემზადებით ახალ ახალი სერვისების გამოტანისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მომავალი წლიდან იმედი გვაქვს, რომ ახალ-ახალი სერვისებით წარვდგებით ჩვენი მომხმარებლების წინაშე.
ჩვენ აუცილებლად დავრჩებით იმ სეგმენტზე ორიენტირებული, სადაც დღეს ვართ. ჩვენთვის არსებული მომხმარებლების კეთილდღეობა უმთავრესია. ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს მათთან და კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იმედი მაქვს, რომ გავფართოვდებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. თუმცა „კრისტალი“ რჩება მცირე და საშუალო ეკონომიკის მხარდამჭერი“, - ამბობს არჩილ ბაკურაძე.
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს.
„კრისტალი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პლატფორმას, რომელიც ინდივიდუალური სერვისებითა და საჭირო გამოცდილების გაზიარებით, ფერმერების, მიკრო და მცირე მეწარმეების საქმიანობების ზრდას უწყობს ხელს, ეხმარება მათ ბიზნესპოტენციალის გაცნობიერებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
კრისტალი ისწრაფვის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვისკენ, რაც ინტეგრირებულია მის კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება“, - აღნიშნულია კრისტალის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი