კახეთში მდებარე Melaanian Vintage - Guest House გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელმა თეონა თაბორიძემ განაცხადა, Melaanian Vintage - Guest House-ს ტერიტორიაზე იგეგმება საკონფერენციო დარბაზის და აუზის მოწყობა.
„სამომავლოდ ახალი სივრცის დამატებას ვგეგმავთ, საუბარია საკონფერენციო სივრცეზე და ასევე გეგმაშია ღია რესტორანი და პატარა, ღია აუზი. აუზზე ჩვენი სტუმრების მხრიდან სულ არის მოთხოვნა“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.
ირკვევა, რომ ზაფხულის ცხელ თვეებში Melaanian Vintage - Guest House-ზე მოთხოვნა იკლებს, თუმცა აგვისტოს ბოლოდან ჯავშნები იზრდება და გვიან შემოდგომამდეა აქტიურობა.
„ივლის-აგვისტოში კახეთში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და სიცხის გამო ოდნავ იკლებს სტუმრების რაოდენობა, თუმცა აგვისტოს ბოლოდან უკვე ჯავშნების რაოდენობა იზრდება. აქტიურად შემოდიან ტურისტული ჯგუფებიც.
Melaanian Vintage - Guest House-ს მაგალითზე უცხოელი სტუმრები ლიდერობენ და განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანელ ტურისტებს“, - აცხადებს თეონა თაბორიძე.
მისივე თქმით, Melaanian Vintage - Guest House გარდა ღამის თევის სერვისისა სტუმრებს გასტრო მიმართულებასაც აქტიურად სთავაზობს, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი ევროპელ ტურისტებშია.
„აქტიურად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის კულინარიულ მასტერკლასებს და ინტერესის კუთხით ევროპა ლიდერობს. გვაქვს ასევე ჩაის სმის ცერემონიალები, მოდიან ჩაის დასაგემოვნებლადაც, სხვათა შორის აზიიდანაც. ჩაის კრეფის სეზონის დროს ჩაის შეგროვების ტურები გაქვს, სადაც აქტიურობენ როგორც ევროპელი ტურისტები, ისე ქართველი დამსვენებელიც.
შემოდგომიდან რთველის ტურებიც ემატება. ამ მხრივ წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გაქვს, სადაც სტუმრებს რთველში მასტერკლასების და სხვადასხვა აქტივობების გარდა სადილსაც ვთავაზობთ“, - აცხადებს Melaanian Vintage - Guest House-ს მფლობელი.
სასტუმრო Melaanian Vintage 2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა. Melaanian Vintage ეკო კომპლექსია, სადაც სტუმრების განთავსება განსხვავებულ ეკო ვინტაჟურ გარემოში ხდება. ეკოვინტაჟურ სასტუმროში ოთხი ნომერია, სადაც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ კახეთის რეგიონისთვის განსხვავებულ სივრცეში აღმოჩნდებით და ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაის სათავგადასავლო ტურშიც ჩაერთვებით.
ამ ეკოტურისტული მეურნეობის განსაკუთრებული მიმართულება ბიო-ნატურალური ჩაია. მასპინძელი ამჟამად ორი სახეობის - ბარამბოს და ვარდის კვირტის ჩაის აწარმოებს, რომლებსაც დეგუსტაციის შემდეგ აქვე შეიძენთ.
უახლესი
16 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება17 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით