ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია ,,მანნა" მომავალი წლიდან ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.გასულ წელთან შედარებით, გაიზრდება წარმოების მაჩვენებელიც.
როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია Business Insider Georgia- თან ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ძალიან მალე პროდუქცია ექსპორტზე კატარის ბაზარზე და აშშ-ში გავა. ამ ეტაპზე ბრენდი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
„ველოდებით, რომ უკეთესი წელიწადი იქნება. შარშან წარმოების მოცულობა 30 ტონამდე იყო. გაისად ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ და დავამატებთ ახალ პროდუქციას, მიმდინარეობს მუშაობა და დეტალებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
რაც შეეხება დისტრიბუციას, ეს სერვისი კომპანია ,,გაგრა+“-ს გადავეცით. ჩვენი ჩაი აქამდე ყველა დიდ ქსელში იყიდება, ახლა ვცდილობთ, რომ ყველა სასურსათო მაღაზიის დახლებზე განვათავსოთ და ადგილობრივ ბაზარზე არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდეს", - ამბობს ირაკლი ღურჭუმელია.
კომპანია ,,მანნა" სტაბილურად ასაქმებს 25 ადამიანს, აქედან 12 საწარმოს თანამშრომელია.
კომპანიის დირექტორის თქმით, წარმოების კუთხით 2022 წელი ყველაზე წარმატებული იყო, ვინაიდან გაყიდვები დაახლოებით 240-250%-ით გაიზარდა და ამით ,,მანნამ" ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
ცნობისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩაეშვა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
უახლესი