„ნიკორა ტრეიდი“, რომელმაც სულ ახლახან 120 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიაზე განაცხადა, მოზიდულ სახსრებს თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოახმარს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ განაცხადა, აღნიშნული ცენტრი აშენდება თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, დაახლოებით 10 ჰექტარ მიწაზე.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მუშაობა სანებართვო დოკუმენტაციაზე, ხოლო მშენებლობა მომდევნო თვეებში დაიწყება.
„ჩვენი ვარაუდით, პროექტი 2-3 წლის ვადაში დასრულდება. ეს ცენტრი არ იქნება მხოლოდ „ნიკორას“ და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებისთვის. ცენტრი ასევე დააკმაყოფილებს სხვა კომპანიების პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საჭიროებებს. ლოგისტიკური ცენტრის ფართობი იქნება 42 000 კვადრატული მეტრი, და სრულად იქნება დატვირთული ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციით. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს კომპანიის ბიზნეს პროცესების ეფექტურობა, მოახდინოს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და გაზარდოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა მაღაზიებში. შემცირდება პროდუქტების დანაკარგიც, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
კომპანიის ისტორია ქართული წარმოებით იწყება, ამიტომ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ქმნიან საინტერესო პროდუქტებს, მაგრამ არ ფლობენ სადისტრიბუციო სიმძლავრეებს. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი პროდუქტი ერთ ადგილზე მიწოდებით გააშალონ მთელ ქსელში“, - აცხადებს თემურ ალექსანდრია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან სს „ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
უახლესი