დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში ₾9 600 მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა წლიურად 35%-ით გაიზარდა

მაისში ₾9 600 მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა წლიურად 35%-ით გაიზარდა

22-06-2023 15:48:43

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9 600 ლარს ან უფრო მეტს იღებდნენ, წლიურად 35.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 91.7% იყო. მაისში 9 600 ლარიანი, ან უფრო მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.8%-ს ჰქონდა.    

ერთ წელში 4.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მაისში დამსაქმებლები 2 400 ლარს ან უფრო მეტს უხდიდნენ. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, მათი რაოდენობა 9.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გასულ თვეში ამ ოდენობის ხელფასს დასაქმებულების 21.3% იღებდა.

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, მაისში, დასაქმებულთა 18.4%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის მაისთან შედარებით, 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მაისში ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7-ით, ხოლო 2021 წლის მაისთან შედარებით, 11.5%-ით გაიზარდა.

დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 38%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 5%-მა შეამცირა, ხოლო 57%-მა არ შეცვალა.

გამოკითხული კომპანიების 51% გეგმავს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის III კვარტალში, 2% გეგმავს შემცირებას, ხოლო 47% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.

III კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, სადაც მომდევნო კვარტალში, კომპანიათა 82% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 39 630 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაისში, აპრილთან შედარებით კი, გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 22.1%-ით გაიზარდა.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 7 384 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში, 10 495 ვაკანსია - გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9 313 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები