დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას, რათა მობილურ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს - კომპლექსური კვლევის მიხედვით

„მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას, რათა მობილურ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს - კომპლექსური კვლევის მიხედვით

16-04-2024 16:43:00

ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის მასშტაბის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს. ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით კი, ექსპერტების დასკვნით აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორმა თავის ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველ კომპანიას თავისუფალი დაშვება მისცეს, ამისთვის კი მათივე განცხადებით,  „მაგთიკომისთვის“ მარეგულირებელმა სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება უნდა დააკისროს.  

ერთ-ერთ ასეთ დაშვების ვალდებულებას წარმოადგენს ეროვნული როუმინგი, რომელიც მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორს (SMP)  ავალდებულებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მსურველ ოპერატორებს, რომელთაც ქვეყნის ყველა წერტილში არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად - დაფარვა, მისცეს საშუალება ისარგებლონ მისი ქსელით.

კერძოდ, ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ ქვეყნის ფარგლებში, სხვა ოპერატორის აბონენტს, იქ სადაც მის ოპერატორის არ აქვს დაფარვა და შესაბამისად - არ იჭერს, შეეძლოს ავტომატურ რეჟიმში ან მისთვის სასურველი დროით მაგთის ქსელზე გადართვა, როგორც ეს საზღვარგარეთ როუმინგის შემთხვევაში ხდება.  

ეს ერთი მხრივ, დაშვების მსურველ ოპერატორს მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვანი დანახარჯისა და ინვესტიციის გარეშე მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურება ქვეყნის ყველა წერტილში, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მომხმარებელს დაკავშირების შესაძლებლობით ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ამასთან, ეს დიდი ოპერატორისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება.

გარდა ეროვნული როუმინგისა, ექსპერტების დასკვნით მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს თანალოკაციის ვალდებულება უნდა დაეკისროს. დაშვების ეს ფორმა გულისხმობს, რომ მობილური სერვისების პროვაიდერს შეუძლია განათავსოს თავისი ქსელური ინფრასტრუქტურა (ქსელის მართვის აპარატურა, გადამცემი მოწყობილობები და მობილური საბაზო სადგურების ანტენები) სხვა ოპერატორის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, კერძოდ კი ანძაზე, შენობის სახურავზე განთავსებულ კონსტრუქციასა თუ აპარატურისთვის განკუთვნილ შენობაში. ეს ოპერატორს აძლევს საშუალებას მარტივად, დიდი ინვესტირების გარეშე, გააფართოვოს საკუთარი ქსელი და ისარგებლოს დიდი ოპერატორის ელექტროენერგიით, ასევე გაგრილებისა თუ დაცვის სისტემებით, რისი მოწყობაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც, სარგებელს ორივე მხარე და საბოლოოდ - გაუმჯობესებული მომსახურების სახით, სარგებელს მომხმარებელი იღებს.

„მაგთიკომისთვის“ განსაზღვრულ კიდევ ერთ ვალდებულებას მობილური ვირტუალური ოპერატორის, იგივე MVNO-ს ქსელზე დაშვება წარმოადგენს. ეს ვალდებულება ისეთ კომპანიებს, რომელთაც არ გააჩნიათ ქსელი, მისცემს შესაძლებლობას ბარიერის გარეშე შემოვიდნენ მობილურ ბაზარზე და ოპერირება მხოლოდ ქსელზე დაშვების საფასურით, ყოველგვარი ქსელური ინფრასტრუქტურის გარეშე დაიწყონ. MVNO-ს დაშვება მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს შეუწყობს ახალი მოთამაშეების შემოსვლას, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს კონკურენციას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვან არჩევანს შექმნის.

ექსპერტების განცხადებით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს სამივე დაშვებაზე ხუთი

სპეციფიკური ვალდებულება უნდა განესაზღვროს. აღნიშნულის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის წევრები ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ და „მაგთიკომს“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად სცნობენ, „მაგთიკომი“ ვალდებული იქნება ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ქსელზე დაუშვას და მეტი გამჭვირვალეობისთვის გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, რაც დაშვების მსურველ ოპერატორს საშუალებას მისცემს ჰქონდეს ინფორმაცია დაშვების პირობებთან დაკავშირებით. ამასთან,  ოპერატორი ვალდებული იქნება, დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციული პირობები შესთავაზოს, ხოლო საფასური აუცილებლად იყოს ხარჯზე ორიენტირებული, რათა დაშვების მსურველმა, კომერციულად საინტერესო საქმიანობის განხორციელება შეძლოს. დამატებით, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს დაევალება დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენა კომუნიკაციების კომისიისთვის, რომლის საფუძველზეც, კომისია შეძლებს განახორციელოს მონიტორინგი, იმისთვის, რომ ოპერატორმა კროსსუბსიდირების გამოყენებით არ აიძულოს კონკურენტი გავიდეს ბაზრიდან - რაც სხვა მომსახურებების ხარჯზე, ერთი პროდუქტის ფასის შემცირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები