დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალტექნოლოგიური კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საარჩევნო პროცესების შესახებ - მაგდა კოტრიკაძე

მაღალტექნოლოგიური კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საარჩევნო პროცესების შესახებ - მაგდა კოტრიკაძე

27-01-2024 10:11:00

ავტორი: მაგდა კოტრიკაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

სტატიის ფარგლებში მინდა გაგიზიაროთ, იმ ულტრათანამედროვე კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიოში პირველად ჩატარდა საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკით დაინტერესბული პირებისთვის, ასევე ნებისმიერი სფეროს ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელბიც აქტიურად იყენებენ კვლევით კომპონენტს, პირებისთვის, რომელბიც ხშირად გამხდარან მანიპულაციების: ტყუილის, პროპაგანდის მსხვერპლი და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც მუდმივად აქვთ გამოწვევები მანიპულაციების, მცდარი ინფორმაციის და მათი გავლენის ირგვლივ. იმის გათვალისწინებით, რომ შედეგებმა უპრეცედენტო ინფორმაცია მოგვცეს, სიცრუის გავლენაზე საარჩევნო კვლევების კონტექსტში, მის მასშტაბებსა და საფრთხეებზე, ასევე პროპაგანდის როლზე  ქართველი პოტენციური ამომრჩევლის კონტექსტში. ვფიქრობ, თავად აპარატის გამოყენების აქტუალობაც დადგება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. საქართველოში უახლოეს მომავალში, იმედი მაქვს, გავლენის კვლევის პროცესებში აქტიურად იქნება გამოყენებული  მოცემული აპარატები. ასევე, ნეიროფიდბექი და ბიოფიდბექი შეიძლება ჩაერთოს ჯარის/ მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების, სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსების და ლიდერების ფსიქიკური მდგრადობის და სტაბილურობის მისაღწევად. გარდა ამისა, მოცემული ტიპის მაღალტექნოლოგიური კვლევები  წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მესიჯის, სლოგანის, პოლიტიკური მიმართვის ტექსტის შექმნისა და ფორმირების პროცესშიც.

სანამ კვლევას მიმოვიხილავ, მკითხველს ინდა გავაცნო თავად ეს ორი აპარატი, რომელზეც ერთდროულად ტარდებოდა ტკლევა ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პიარის მანიპულაციებზე დაკვირვების მიზნით.

ნეიროფიდბექი შეიქმნა ორმა მკვლევარმა დოქტორმა ჯოზეფ კამიამ ჩიკაგოს უნივერსიტეტში და დოქტორმა ბარი სტერმანმა UCLA-ში 1950-1960 წლებში ექიმმა ჯოი კამიამ აღმოაჩინა, რომ მარტივი ჯილდოს სისტემის გამოყენებით ადამიანებს შეეძლოთ აკონტროლონ საკუთარი ტვინის ტალღები. ის ავარჯიშებდა ადამიანებს ალფა მდგომარეობის მისაღწევად ზარის ხმით დაჯილდოებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს რეალურ დროში უკუკავშირი მიეცათ მათი EEG მონიტორინგის საფუძველზე -  რამდენიმე წლის შემდეგ, დოქტორმა ბარი სტერმანმა ჩაატარა ექსპერიმენტი NASA-სთვის იმის თაობაზე, იწვევდა თუ არა რაკეტის საწვავი კრუნჩხვებს და მან გამოიყენა კატები, როგორც ექსპერიმენტის საგნები. ამ კვლევის დროს მან აღმოაჩინა, რომ კატები, რომლებმაც გაიარეს SMR ტრენინგი, მნიშვნელოვნად ნაკლებად განიცდიან კრუნჩხვებს, ვიდრე სხვა კატები. შემდეგ დოქტორმა სტერმანმა გამოიყენა ეს ტექნიკა ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე, სადაც აღმოაჩინა, რომ სუბიექტების 60%-ს შეეძლო ეპილეფსიური კრუნჩხვების შემცირება 20-100%-ით და რომ შედეგები გრძელვადიანი იყო.

1970-იან წლებში დოქტორმა ჯოელ ლუბარმა პირველად დაიწყო კონტროლირებადი კვლევების ჩატარება ბავშვების, მოზარდებისა და მოზარდების მიმართ ნეიროფეიდბეკის ტრენინგების გამოყენებით ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) სამკურნალოდ. მას შემდეგ გაჩნდა კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ADHD-ისთვის ნეიროფედბექ თერაპიის ეფექტურობის შესახებ, სადაც მრავალი კვლევა აჩვენებს მნიშვნელოვან და გრძელვადიან გაუმჯობესებას ნეიროფიდბექის ვარჯიშის შემდეგ. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ADHD-ის ნეიროფედბექ თერაპიის არსებითმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გაუმჯობესება.

არსებობს ტვინის ტალღების ხუთი ტიპი (დელტა, თეტა, ალფა, ბეტა და გამა), ისინი დაკავშირებულია ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობასთან, მათ შორის სიფხიზლესთან, მოდუნებასთან, ისევე როგორც ძილს, და მათ შეუძლიათ წარმოადგინონ ინფორმაცია თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, მათ შეუძლიათ მიუთითონ, როდესაც გრძნობთ დაღლილობას, კონცენტრირებას ან მოდუნებულს. ასე რომ, როდესაც მშვიდად ხართ, თქვენი ტვინის აქტივობის გაზომვები სავარაუდოდ აჩვენებს გაზრდილი ალფა ტვინის ტალღის აქტივობას. მეორეს მხრივ, თუ სტრესული და გადატვირთული ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი ბეტა იყოს თქვენი ტვინის ტალღების დომინანტური სიხშირე. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ თამაშობთ ვიდეო თამაშს, როდესაც თქვენი ტვინის ტალღების აქტივობა გაზომილია EEG-ით. ამ თამაშში თქვენ მართავთ მანქანას და უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა დარჩეთ გზაზე. სიმშვიდის მდგომარეობაში შესვლისას, სენსორები ზომავენ თქვენი ტვინის აქტივობას და თამაში ასახავს აქტივობას რეალურ დროში რეაგირებით. რაც უფრო მშვიდი ხართ, მით უფრო სწრაფად მიდის მანქანა. პირიქით, თუ დაიწყებთ შფოთვას, მანქანა შეანელებს. ამ გზით, თამაში აჯილდოებს რელაქსაციას, ეხმარება ტვინის ვარჯიშს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ეს ორმხრივი მიდგომა ნიშნავს, რომ ნეიროფიდბეკი გასწავლით თქვენი ტვინის ფუნქციის უკეთ რეგულირებას.

მეორე აპარატი, რომლითაც ჩატარდა კვლევა ბიოუკუკავშირია. ტერმინი ბიოუკუკავშირი, პირველად გაჟღერდა 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს და ის ერთგვარ „რეალურ დროში ფიზიოლოგიური სარკე“-ს წარმოადგენს. ის აღიქვამს სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებს და აფიქსირებს ემოციებს რეალურ დროში. მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ფიზიოლოგიურ ფუნქციებში ცვლილებები მხოლოდ უნებლიე ან რეფლექსური პროცესების შედეგად შეიძლება მომხდარიყო. მეცნიერ, ნილ მილერის  ექსპერიმენტების სერიამ ცხოველებზე აჩვენა, რომ ANS-ის სხვადასხვა ფუნქციების ოპერაციული კონდიცირება შესაძლებელია. ამრიგად, ბიოფიდბექი ფსიქოლოგიაში თერაპიის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ნებაყოფლობით კონტროლს ქმნის პაციენტში.

ეგრეთწოდებული „ტყუილის კვლევა“[1] ჩემს მიერ, ჩემი ხელმძღვანელის პროფესორ ვახტანგ მაისაიას უშუალო დაკვირვებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე და მისი ყოველი ერთეული ოთხი ნაწილს მოიცავდა:

1. ცდისპირი ხელს აწერდა კონფედენციალობის დოკუმენტს და ავსებდა ანკეტას განწყობის შესახებ

2. ცდისპირი უყურებდა ეკრანს კადრის გარეშე და ორივე აპარატი ჰქონდა დამონტაჟებული თავსა და ხელზე (8 წუთის განმავლობაში).

3. ცდისპირი უყურებდა მარკეტინგულ პროდუქტს: პროპაგანდის ვიდეოებსა და პოლიტიკოსების გამოსვლებს (8 წუთის განმავლობაში)

4. სულ ბოლოს კი ავსებდა ანკეტას დეტალური კითხვებით. (17 შეკითხვა ნანახი ვიდეოების ირგვლივ)

კვლევაში გამოყენებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციის თემატიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. ცდისპირებმა ნახეს სულ ცხრა მასალა, მათგან სამი პროპაგანდული კლიპი, ხოლო ექვსი სიტყვით გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა.

პროპაგანდული ვიდეო კლიპი

  1. აშშ-ს საელჩოს კლიპი - “ის რაც მიუღწეველი ჩანს ცალკე,[2] - შესაძლებელი ხდება ერთად! საქართველოს აერთიანებ შენ!” ქრონომეტრაჟი 1.47 წთ ნახვა სოციალურ ქსელებით 1.6 მლნ გამოქვეყნების თარიღი 16 მაისი 2022 წელი. წამძღვარებული ტექსტი: „ქართველ ხალხს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შენების გზაზე არაერთხელ შეხვდა რთული გამოწვევა. ბევრს არ სჯეროდა საქართველოს შესაძლებლობების, ბევრი დღესაც ამჯობინებს სკეპტიკურ მხარეს დარჩეს. თუმცა საბედნიეროდ ისტორია გვაჩვენებს რომ რაც არ უნდა რთული იყოს გამოწვევა და შორს ჩანდეს მიზანი”. [3]
  2. თიბისი ბანკის კლიპი - “100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.” [4]100 ავტორის მიერ მოთხრობილი 100 წელი. მუსიკა გია ყანჩელი, ნიკა მაჩაიძე. 5000 ნახვა სოციალურ მედიაში. ქრონომეტრაჟი 1.38 წთ, 2018 წელი 26 მაისი გამოქვეყნების თარიღი
  3. საქართველოს ბანკის პროპაგანდული კლიპი, [5]გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” ქრონომეტრაჟი 1.48 წთ,  25 მაისი 2020 გამოქვეყნების თარიღი, 1,3 მლნ ნახვა სოციალურ ქსელში

კვლევაში გამოვიყენე ასევე 6 პოლიტიკური მიმართვა:

  1. ზურაბ ჟვანია - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”[6]

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ეს სიტყვები საქართველოს აწგარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.[7]წყარო იუთუბ არხი 2014. 27.06 გამოქვეყნების თარიღი

  1. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ -  “ზურაბი ძალიან მიყვარდა მისი სახელი ჩემთვის არის წმინდათაწმინდა”,[8] წყარო ინფო 9 17.10.2023 გამოქვეყნების თარიღი

სააკაშვილის კომენტარი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ხელახალ გამოძიებაზე. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში გააკეთა. იგი აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.[9]მე არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს. ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ რა მოხდა. იყო უბედური შემთხვევა. ცუდი იყო რაც მოხდა, მაგრამ ფედერალური გამოძიების ბიუროს დეტალური დასკვნა არსებობს, ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა გასაგები მიზეზების გამო არ გამოვაქვეყნეთ, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ღრმა და ისეთ დეტალს. ნამდვილად, ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა. თუ ეს არ არის ხელშეუხებელი ვინმესთვის, მათ შორის არც ოჯახის წევრისთვის, მის სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და მისი ხსოვნა ჩემთვის არის წმინდათაწმინდა. ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და ასავალ-დასავალისჟურნალისტებს“.[10]

  1.  ივანე მერაბიშვილი - ბრიფინგი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, წყარო რადიო თავისუფლება 03.02.2016 სტუდია “რეპორტიორი”, რადიო თავისუფლება” “ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი, იმ ოთახში ვიმყოფებოდი, (ასწორებს) იმ ოთახში დამონტაჟებული  იყო ირანული გაზქურა, ალბათ მოხდა ეს უცაბედად რადგან, რადგანაც ბატონი ზურაბ ჟვანია იჯდა სავარძელში.” [11]
  2. კელი დეგნანი - აშშ-ს საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი -„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს და მზაკვრული ნარატივი „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან გრძელდება“,[12] - ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აკეთებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს და ამერიკას ომის გაფართოება არანაირი ფორმით არ სურს. კელი დეგნანის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. მათი თქმით, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი რუსეთია, რასაც ბოლო 30 წელია ყველა ვუყურებთ. 30.06.2022 გამოქვეყნების თარიღი [13]
  3. ალტ ინფო  - წყარო “ტია ჯი” თემა: ევროკავშირის კითხვარი საჯარო გახდა” “ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ვინც არის, ნუ დღეიდან, მანამდეც ასე იყო. დღეიდან უკვე ოფიციალურად ასეა. გაწევრიანების მომხრე ვინც არის ის გეი აქტივისტია. არანაირი სხვა გზა აღარ გვრჩება. [14] 16.04.2022 გამოქვეყნების თარიღი
  4. ალტ ინფო - მეხუთე ვიდეოც პოლიტიკური კონტექსტისაა “ალტ ინფოს” მცირე ქრონომეტრაჟის კადრია რომელიც მიმდინარეობს ხმის გარეშე და აწერია ტიტრად “ევროკავშირი გაიკეთეთ უკან”.[15]

კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. პირველყოფილისა ცდისპირი ავსებს ანკეტას რომ გავმიჯნოთ ცდისპირის ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარეობა და ქალაქი, ამასთან განწყობა რომლითაც ის მოვიდა კლინიკაში. ცდისპირი ავსებს თანხმობის წერილს და აწერს ხელს რომ თანახმაა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში და მისი მასალები დამუშავდეს კვლევის მიზნებისთვის კონფედენციალობის წესის დაცვით. შემდეგ ხდება ცდისპირის თავის ტვინის გადაღება ნეიროფიდბექის[16] და ბიოფიდბექის[17] მეშვეობით ერთდროულად რათა გაირკვეს ცდამდე ცდისპირის განწყობა, აღგზნების დონე, კონცენტრაციის დონე, ამ პროცესში ის არ უყურებს ვიდეო მასალას, არამედ ცარიელი სივრცის მიმართ აქვს მზერა მიპყრობილი და მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, მის ფიქრებთან და განცდებთან.

შემდეგ, ვაჩვენებთ ცდისპირს რვა წუთიან ვიდეოს, რომელშიც შედის როგორც სამი პროპაგანდული კლიპი, ასევე ექვსი პოლიტიკური გამომსვლელის მცირე ვიდეო ჭრები. ამის შემდეგ, განხორციელდა კვლავ კითხვარის შევსება, რომელშიც დეტალურად ჩავეკითხეთ რამ მიიზიდა, რამ გააღიზიანა, კონკრეტულად რა მასალამ ან რა დეტალმა ცდისპირი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ორივე მასალა იდენტური ქრონომეტრაჟისა იყო (რვა წუთი) შესაძლებელი გახდა დეტალური დაკვირვება და შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსგავსი დროის შუალედში როგორ იქცევა ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემა ვიდეოს ყურების მომენტში და როდესაც არაფერს უყურებდა.

 ამის შემდგომ, თავის ტვინსა და პერიფერიაზე გადაღებული ერთეული ცდისპირის მასალა გავაგზავნეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეიროფიდბექის მასალების შემსწავლელ ცენტრში. საიდანაც დაგვიბრუნდა დამუშავებული, ერთგვარი ტვინის რუკები, რომელიც მოიცავს როგორც პირველად სურათს ასევე მასალის ყურებისას არსებულ შედეგებს.[i]მასალებს დანართად ვერ წარვადგენ, რადგან ის კონფიდენციალურია და ამის ვალდებულება მაქვს აღებული როგორც მკვლევარს, რომ არსად იქნეს გამოქვეყნებული პერსონალური ინფორმაცია. იმისათვის, რომ წარმოდგენა შექმნა მკითხველს რა მოცულობის სამუშაო შესრულდა გაგაცნობთ ციფრობრივად მასალის გვერდების რაოდენობას: ცდისპირის თანხმობის განაცხადი 100 გვერდი, ცდისპირთა პირველადი კითხვარი 200 გვერდი, ცდისპირთა მეორადი კითხვარი 300 გვერდი, ცენტრალური და პერიფერიული ჩანაწერები 200 ფაილი, დამუშავებული ფაილები “Eeg professional”-ის მიერ ერთეული 44 გვერდი სულ 4400 გვერდი.

აღგზნების მატებას ვაზუსტებთ პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე დაკვირვებით, ხოლო განწყობებს პერიფერიული ნერვული სისტემაში გამოკვეთილ პოზიტიური ემოციის კვლევით. ძირითადი მონაცემი მოგვცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას ვერ დავეყრდენით, ვინაიდან შესაძლებლად მივიჩნიეთ, რომ ადამიანზე მრავალი გარე ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო კვლევის პროცესში: გადაღლა, დისკომფორტი, ან სხვა მოვლენა რაც იმოქმედებდა ცენტრალ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ეს მონაცემი მაშინვე არ აისახებოდა ჩანაწერზე, ან აისახებოდა დაგვიანებით და შეგვიყვანდა შეცდომაში.

კვლევის ჰიპოთეზა: (H1) პოლიტიკური პიარის მანიპულაციებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს ელექტორატზე; (H2) პოლიტიკურ პროპაგანდას საქართველოს აზრის ლიდერებში აქვს დადებითი გავლენა;

მოწოდებული მასალები დამუშავდა და გამოიკვეთა ოთხი პოტენციური ჯგუფი, რომელთაც პირობითი სახელები დავარქვით:

მაღალი აღგზნება, მაღალი პოზიტიური ემოცია; - Research

დაბალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია; -Neitral

მაღალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია - High Emo

დაბალი აღგზნება; მაღალი პოზიტიური ემოცია; - Low Emo

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ჯგუფები და კითხვარებს შევადარე ჩანაწერების შედეგები, გამოიკვეთა:

მონაწილეთა 96%-ზე გავლენა იქონია ვიდეოებმა: მოიმატა, ან დაიკლო პერიფერიული ნერვული სისტემის როგორც აღგზნების, ასევე დადებითი ემოციის დონემ. ამ მონაცემით, შეგვიძლია დავასაბუთოთ პირველი ჰიპოთეზა და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც პროპაგანდის, ასევე საჯარო გამოსვლის შემთხვევაში გავლენა ცდისპირებზე 96%-ია, რაც შეგვიძლია მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. აქვე, უნდა ითქვას, რომ დარჩენილი 4%-ის შემთხვევაშიც გავლენა იყო სხვადასხვა ნაწილში, მაგრამ არა ყველა ცვლადში. სულ 4 ადამიანი იყო ისეთი, რომელთა შემთხვევაშიც აღგზნება არ შეიცვალა და დარჩა იგივე, თუმცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ განიცადა ცვლილება.

პოლიტიკური პროპაგანდის ვიდეოებზე გამოვლინდა მხოლოდ 2% ნეგატიური განწყობისა, ხოლო პოლიტიკურ გამომსვლელებზე 98% გამოიკვეთა ნეგატიური განწყობა. ამ მოცემულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პროპაგანდას საქართველოში არ აქვს ნეგატიური გავლენა და პოლიტიკურ პროცესებში უმჯობესია, სწორედ პროპაგანდული ვიდეოებით იმუშაოს პოლიტიკურმა პიარმა. ვიდეოები, რომლებიც ადამიანს ახსენებს პოზიტიურ გამოცდილებას, ახალგაზრდობას, ბავშვობას, ოჯახს, გამარჯვებულ ქვეყანას და გარკვეულ სენტიმენტებს დადებითად აისახება ფსიქიკაზე და ვლინდება, რომ ნეგატიური განწყობა ქვეითდება. მოცემული მიგნება ადასტურებს მეორე ჰიპოთეზას და ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტებიდან პროპაგანდა საქართველოს მაგალითზე ნამდვილად საჭირო ინსტრუმენტია.

უმნიშვნელოვანეს მიგნებად მიმაჩნია, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მასალებიდან ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ცდისპირი საშუალოდ 30%-ით იტყუება ანკეტის შევსების მომენტში. პერიფერიული ნერვული სისტემა თუ დადებით ემოციას აჩვენებს, ანკეტაში წერია ნეგატიური შიგთავსი: შიში, შფოთვა, გაღიზიანება, მიუღებლობა, გავლენა და ა.შ ასეთი სხვაობა ჩვიდმეტიდან მინიმუმ ექვს კითხვაში ვლინდება, რომ განვაზოგადოთ და საერთო პროცენტი დავითვალოთ საშუალოდ 30% ტყუის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდისპირები არ იყვნენ უცხო, გარედან მოსული ადამიანები, იყვნენ კეთილგანწყობილები და დახმარებისთვის ორიენტირებულები, რაც მაფიქრებინებს, რომ ნეიტრალური ჯგუფის შემთხვევაში, სადაც კვლევის ავტორის მიმართ სრულიად ნეიტრალური იქნებოდა განწყობა, შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ტყუილის კომპონენტი აღმოჩენილიყო. მოცემულობა, მაფიქრებინებს, რომ ანკეტირებული კვლევები ვერ იქნება რელევანტური, რადგან საშუალოდ ცხრა პროცენტის ნაცვლად მათში მინიმუმ 30% ტყუილია, რაც ვერანაირად ვერ მოგვცემს რეალურ სურათს და კვლევაც არარელევანტურია. თუმცა, მაქვს მოსაზრება რომ ონლაინ კვლევა (სოციალური მედიის კვლევა) იქ სადაც პერსონალური ინფორმაცია არ ფიქსირდება შესაძლებელია უფრო მართებული იყოს საქართველოში. რასაც ვერ ვიტყოდი სატელეფონო კვლევებზე, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი სატელეფონო კავშირები არ არის დაცული. ამ საკითხში დიდი წვლილი აქვს, იმ გავრცელებულ რეპორტაჟებსაც, სადაც იწერენ ხმას, დაუმონტაჟებლად ხვდება ეთერებში, არ არსებობს რეგულირება ჩანაწერის ავთენტურობის, არავის მოეთხოვება პასუხი იმ შემთხვევაშიც,  როდესაც ფარულად იწერს და ავრცელებს, მოიპოვებს კომპრომატებს და ა.შ ფარული ვიდეო ჩანაწერები, სახმო სიგნალების ჩანაწერები ცნობილ ადამიანებზე, ეგრეთწოდებული „დიფ ფეიკი“-რომელთან ბრძოლაც მსოფლიო გამოწვევაა და არ არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ აქ არის მძაფრი დაუცველობის განცდა. ტყუილს და მცდარ ინფორმაციას იკვლევს მთელი მსოფლიო, მით უფრო რომ მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. უკრაინა იკვლევს და ამზადებს შესაბამის ვებგვერდს,[18] რომელიც უშუალოდ მცდარი ინფორმაციის გამოვლენის შემცირებას ემსახურება. საქართველოში, კი მსგავსი პორტალი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ მოცემულ გვერდს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, კარგი პრომოციის შემთხვევაში საუკეთესო შედეგსაც დადებდა, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილიდან ადამიანს, რომელიც დარეგისტრირებულია მოცემულ გვერდზე, სრულიად მარტივი რეგისტრაციის წესით, შეუძლია „დაარეპორტოს“, ანუ ამცნოს მის საერთო მეგობრებს და ონლაინ (სხვადასხვა) ქსელის ადმინისტრაციას რომ ეს ინფორმაცია მცდარია. ეს მოქმედება საკმაოდ მძლავრი რესურსის მქონეა და საქართველოშიც რომ არსებობდეს, მივესალმებოდი. მედია, როგორც პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება პოლარიზებულია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეროვნული უსაფრთხოების დონეზე საფრთხეებს. 2023 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა „ცენზურის კანონის შესახებ“, რამაც მედია ორგანიზაციების და არასამთავრობოების გაღიზიანება გამოიწვია, ამავე წელს გაჩნდა კანონპროექტი „უცხო გავლენის აგენტების შესახებ“, რასაც ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვა. უნდა ფლობდეს, თუ არა საზოგადოება ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ და უნდა დადგეს თუ არა გარკვეული ეთიკური ნორმების სავალდებულო განხორციელების ვალდებულება. ამ საკითხებს მოცემული თემის ფარგლებში ვერ დავფარავთ, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე რომ დავსვათ შეკითხვა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ისევ კვლევაზე დაყრდნობით რომ ვიმსჯელოთ რადგან მასაზე ახდენს 96% გავლენას ინფორმაცია, უნდა დადგეს მისი რეგულირების საკითხიც, ერთი მხრივ მისი თავისუფლების სავალდებულოდ დაცვის, მეორე მხრივ კი ამავე თავისუფლების დარეგულირებისა, იმ საზღვრებში როდესაც ადამიანის უფლება არ ირღვევა. სულ კვლევის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 100-მა ცდისპირმა, აქედან 30% იყო ექსპერტი.

ცდისპირთა უმრავლესობა გააღიზიანა ისეთმა დეტალებმა, როგორიცაა ტუჩსაცხის ფერი, სწრაფი კადრი, თვალის ფერი და მიიზიდა ახალგაზრდობასთან დაკავშირებულმა, უნივერსიტეტის, ოჯახის კადრებმა, ნოე ჟორდანიას კადრები კი ცდისპირთა 70%-მა მოიწონა. ევროკავშირის თემას არ შეეხო, არ გამოყო, როგორც საინტერესო მომენტი, არ მიიჩნია მიმზიდველად  არც ერთმა ცდისპირმა, კელი დეგნანის მიმართ, კი 40%-მა ნეგატივი გამოთქვა. პერსონალური ნეგატივის გამოხატვა არ გაუჭირდათ ცდისპირებს, თუმცა თუ იგივე 40% სავარაუდოდ არ ემხრობოდა ნარატივს ევროკავშირთან დაკავშირებით, მან ეს არ გამოხატა პროპაგანდული ვიდეოს მიმართ. ამიტომ, უნდა შეიზღუდოს მწვავე, გლობალურ თემებზე, საჯარო გამოსვლები და საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ მასშტაბში, პირად ემოციასთან თანმხვედრ პროდუქტებით, ისეთი როგორიც არის პროპაგანდა.

როგორც ზემოთ, მოგითხრეთ, კვლევა მიზნად ისახავდა პიარის მანიპულაციებზე დაკვირვებას. სწორედ ამიტომ, ცდისპირები პროცესში პოლიტიკურ გამომსვლელებს და პროპაგანდულ ვიდეო მასალას უყურებდნენ.  პოლიტიკური და პიარული მანიპულაციების კვლევა სპეციალური ტენოლოგიების ჩართვის გარეშე შეუძლებლად მივიჩნიე და ამან მოგვცა ფასეული შედეგი.

კვლევამ გამოკვეთა, რომ პროპაგანდის როლი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია პიარის მანიპულაციებში და ის მჟღავნდება უმეტესწილად საარჩევნო სუბიექტების დაპირისპირების და საარჩევნო პროცესებისა დროს. პროპაგანდა როგორც ინსტრუმენტი მუდმივად გამოიყენებოდა საქართველოში როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური და მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ. ვინაიდან პროპაგანდის შეჩერება, დაბლოკვა და მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის მუშაობს და მოქმედებს ადამიანთა ფართო მასებზე, აქვს ბრენდი, აქვს მიზანი, აქვს სამიზნე და ზოგჯერ კონკრეტული დისკრედიტაციის ობიექტი ან ჯგუფი, ან პარტია, ან მთავრობა. შესაბამისად, დგება აუცილებლობა,  ქვეყნის დონეზე არსებობდეს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც პერიოდულად განახლდება და დაგეგმილი მოქმედებისა და რეაგირების საშუალებას მისცემს სახელმწიფოს. მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტები არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათზე დაყრდნობით ხდება წინმსწრები გეგმის მომზადება. ცხადია, თუ   მმართველი გუნდი თავად არ იყენებს არაეთიკური პროპაგანდის იარაღს,  ინფორმაციის გავრცელების საკმარისად მაღალი სტანდარტი მკვიდრდება, რომელსაც იცავს როგორც ქვეყანა, ასევე რიგითი მოქალაქე. ის რომ პოლიტიკური მასალები უშუალოდ ტვინზე ზემოქმდებენ და გამოიკვეთა ცდისპირთა 96%-ზე სრული გაველენა ხოლო დანარჩენ 4%-ში ნაწილობრივი მიუთითებს, იმაზე, რომ პოლიტიკური მასალა მძლავრი ფსიქოლოგიური გავლენის მქონე პროდუქტია და ჩემი წარმოდგენით შეიცავს კვლევამ აჩვენა რომ პოლიტიკურ პიარს აქვს  პირდაპირი კორელაცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამას ადასტურებენ, ექსპერტები და ჩვენს მიერ ჩატარებული სიტუაციური ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს პიარის როლი ინფორმაციის მიღება-გაცემის პროცესში და არასწორად, ან არაეთიკურად მართული პიარ კამპანიის მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. მაგალითად კოვიდ პანდემიის პროცესში, ლუგარის ლაბორატორიის ან უკრაინის ომის კონტექსტში.

 კვლევის პროცესში გაჩნდა ახალი ტერმინი “უსაფრთხოების მარკეტინგი”, ან/და “ეროვნული უსაფრთხოების მარკეტინგი” რომელიც მოიცავს მარკეტინგულ პროდუქტებზე, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაკვირვებას და მიდევნებას, აღმოფხვრას ან ინფორმირებას შესაბამისი უწყებების.

საკითხების დაკვირვებისა და პრევენციული ღონისძიებების მიღების ხელშეწყობისთვის სტატიის ფარგლებში დამატებით სამსჯელოდ გთავაზობთ ჩემს მიერ სადოქტორო თემის ფარგელბში წარმოდგენილ ტერმინების დეფინიციას რომელსაც ვფიქრობ აქვს არსებობის უფლება: “უსაფრთხოების მარკეტინგი” ეს არის ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნულ უსაფრთხოებაში მარკეტინგული პროდუქტის მნიშვნელობას, მის სახეს, მათზე ზედამხედველობას და მონიტორინგს, ახდენს მის იდენტიფიცირებას და შესწავლას. ერთგვარ კონტროლს, რათა არ მოხდეს ყალბი პროდუქტის გავრცელება, რომელიც სამომავლოდ ქმნის საფრთხეს ეროვნულ დონეზე. აქვე გთავაზობთ ტერმინს: „ფსიქიკური ეკოლოგიის ეროვნული საფრთხე“ - საფრთხე რომელიც მოქმედებს ინდივიდზეც და ჯგუფზეც, არის ასიმეტრიული საფრთხეების რიგში და ფსიქოსომატურ დონეზე ძლიერ, ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს, მით უფრო ისეთ პატარა ერებში როგორიც საქართველოა.

ტერმინი: „ინფორმაციის პარადოქსული/კონტრასტული გავლენის ეროვნული საფრთხე“, რომელიც წარმოადგენს მასების მართვის სიმეტრიულ იარაღს.

ტერმინი: „მედია უსაფრთხოება/ანდა კომუნიკაციის უსაფრთხოება“ - გავრცელებული ინფორმაციის ტემპი და დაფარვის შეუქცევადი საფრთხე შესაძლოა გახდეს ისეთი მასშტაბის საფრთხე, რომლის მართვაც პრევენციის გარეშე წარმოადგენს ეროვნული დონის საფრთხეს.

ტერმინ: ფსიქიკური ეკოლოგიის ეროვნული საფრთხე - საფრთხე რომელიც მოქმედებს ინდივიდზეც და ჯგუფზეც, არის ასიმეტრიული საფრთხეების რიგში და ფსიქოსომატურ დონეზე ძლიერ, ბიოლოგიურ იარაღს წარმაოდგენს, მით უფრო ისეთ პატარა ერებში როგორიც საქართველოა.

 

ასევე აღსანიშნავია,  ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები, კულტურული ფასეულობების დაცვის სტრატეგია და სხვა შემუშავებული სქემების გვერდით, უნდა არსებობდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯების, ქვეყნის დროშის, რუკის, ისტორიოგრაფიული, არქეოლოგიური და რა თქმა უნდა პირადი ინფორმაციების ეროვნული უსაფრთხოების დონეზე შესწავლის და დაცვის მექანიზმი. უნდა დადგინდეს კომუნიკაციის საერთო სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან, აქტიური პროპაგანდის მეშვეობით სიძულვილის ენის წინააღმდეგ,  უცხოენოვანი ტერმინებისა და კალკის წინააღმდეგ, რათა დაიწმინდოს და არ წახალისდეს ამგვარი კომუნიკაციის ფორმა. ყველა ეს მიდგომა, შეზღუდავს აგრესიის მოზღვავებას ველში, რომლიდანაც ჩვენგან დამოუკიდებლად ვიღებთ ზღვა ნეგატივს. რადგან აგრესიული მოქალაქის მზაობა წახალისებული იყოს აგრესიული ქმედებისკენ გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მშვიდისა და გაწონასწორებულის, რაც საერთო ჯამში ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განიხილება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დაგროვილი ნეგატიური გამოცილება თავის თავში გულისხმობს დაკვირვებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც სწორი სახელმწიფო პროპაგანდის და ეთიკური პიარის ხელში იქნება გამოყენებული სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი და მოქმედი სტრატეგიის შემუშავებისთვის.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიოგრაფია

 

მაგდა კოტრიკაძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1980 წლის 12 აგვისტოს, 1986-1997 წლებში სწავლობდა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში.

1997 წელს  ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და 2001 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.

2001 წელს ჩაირიცხა  და წარჩინებით დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მიიღო ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. თემაზე: „ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში ასახული რიტორიკის ხერხებისა და რიტორიკული ჩანართების ტრადიცია“.

2011 წელს სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით და მიიღო CBA ხარისხი.

2017 წელს დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო - საკონსულტაციო ცენტრში მიიღო გამოყენებითი ფსიქოლოგიის სერტიფიკატი (A).

2017 წელს ჩააბარა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის (EAGT) საერთაშორისო პროგრამაზე და დაასრულა სწავლა 2023 წელს. ამ ეტაპზე, საერთაშორისო აკრედიტაციის ფაზაზეა.

2021 წელს გაიარა მეტყველების თერაპიის სრული კურსი და მიიღო მეტყველების თერაპევტის სერტიფიკატი  ენისა და მეტყველების ცენტრ „ლოგომედში“(A).

2021 წელს ჩააბარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით 2023 წელს წარჩინებით დაასრულა სწავლა. მუშაობდა თემაზე: „პოლიტიკური პიარი და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები (პოსტსაბჭოთა საქართველოს მაგალითზე)“.

 

სამუშაო გამოცდილება

2018 წლიდან დღემდე მაგდა კოტრიკაძე არის საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2021 წლიდან დღემდე მიჰყავს რადიო გადაცემა „მაესტროს ანატომია“, ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს სხვადასხვა სფეროში (კლინიკები, ჰოლდინგები, კერძო კომპანიები) და ასევე აქვს 13 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე სახელმწიფო სექტორში. 2020-2001 წლებში საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადიოდა პროფესორის ასისტენტირების პრაქტიკას  პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან. 2021 წელს დააფუძნა შპს „ქამელეონი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ორი დრამატურგიული ფესტივალი, 2022 წლიდან დღემდე არის „SI“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქოსოციალური დაცვა, უსაფრთხოება და ინტეგრაცია“-ს დირექტორი. 2013-2017 წლებში მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. 2016-2018 წლებში მუშაობდა „ფსიქოპროექტის“ პიარის კონსულტანტის პოზიციაზე, 2014-2015 წლებში იყო დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ პიარის ხელმძღვანელის პოზიციაზე, 2017-2020 წლებში იყო დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის პიარის ხელმძღვანელი და მის ფარგლებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების ექვსი პროექტი განახორციელა. 2011-2012 წლებში მუშაობდა info9-ის ინფორმაციული მონიტორინგის ანალიტიკური ანალიზის ჯგუფში, 2011-2012 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „მაესტროში“ ჟურნალისტად, 2009 -2011 წლებში იყო წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორი, 2000-2004 წლებში მუშაობდა ევრობანკისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. 2020 წელს შექმნა პიარფსიქოლოგიის მეთოდოლოგია და პერმანენტულად ატარებს ტრენინგებს  საჯარო გამოსვლების ორგანიზებისთვის. ამჟამად, მოქმედი ტრენერია ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ლოგომედი - მეტყველების განვითარების ცენტრის, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის და სხვა.

 

ტრენინგებ

 

19.07.2023 –  27.09.2023 სტრატეგიული კომუნიკაციის ონლაინ სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისათვის“ სერტიფიცირებული სპეციალისტი.

 

31.03. 2022 – 03.05.2022 TOT - ტრენერთა ტრენერის (კემბრიჯის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით) სერტიფიცირებული სპეციალისტი.

 

24.05.2018 – 05.07.2018  TOT - ტრენერთა ტრენერის სერტიფიცირებული სპეციალისტი (ხელმძღვანელი ზ. მხეიძე)

 

2011.01.05 სატრენინგო კურსი „ინდივიდუალური ზრუნვის მეთოდები“ /საქ. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასოციაცია „ჩვენი სახლი“/

 

2010.01.04 სასწავლო კურსი „ბავშვთა სამზრუნველო ინსტიტუციებიდან ინდივიდუალური ზრუნვის მიდგომამდე“/USAID,POLSKA POMOC,SAVE THE CHILDREN/

 

1994 წელს მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი - პირველ რესპუბლიკურ ლიტერატურულ კონკურში „ბავშვი და ბუნება“ /განათლების სამინისტრო/

 

 

მოპოვებული გრანტი

 

2022 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური გრანტების ფარგლებში გაიმარჯვა და განახორციელა „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექისა და ბიოფიდბექის აპარატებზე“

 

კონფერენციები/სამეცნიერო სტატიები

  1. კოტრიკაძე ., ჟურნალიპოლიტოლოგოსი”, “პოლიტიკური პიარი, საარჩევნო პროცესიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, N5, თბილისი, 2022.
  2. კოტრიკაძე ., „ფსიქოლოგიური ომის თანამედროვე გამოწვევები, პირველი ულტრათანამედროვე კვლევა ტყუილსა და პროპაგანდაზე თავის ტვინის იმპულსების შესასწავლად ნეიროფიდბექის აპარატით.“17th Internatonaln Silk Road Conference, IBSU Uublications,Tb., თბილისი, 2023
  3. Maisaia  V., Kotrikadze M., Maisaia G., “COVID-19 Threat Geopolitics and Prerequisite for Information Warfare”  Lugar Laboratory Case, Poland, 2022
  4. Kotrikadze M., article “First Ultramodern, Neuromarketing Research on Lying and Propaganda to Study Brain Impulses with Neurofeedback and Biofeedback Devices”Vol. 2 No. 6 (2023): INTERNATIONAL JOURNAL OF INCLUSIVE AND SUSTAINABLE EDUCATION [22.10.12], [L.S 08.20.2023] 
  5. Kotrikadze M., article “The Candidate as a “Political Goods” and the Electorate as a “Potential Client”: The Role of Public Relation on Political Campaign”Indonesian Journal of Cultural and Community Development,[22.11.2022]

 

პროფესიული ინტერესებ: თემის აქტუალობიდან გამომდინარე იკვლევს პიართან მიმართებაში სხვადასხვა დარგს, მარკეტინგის, ფილოლოგიის, ფსიქოლოგიის და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ინტერესდება უახლესი მეთოდებით და მეთოდოლოგიებით, მათი დანერგვით და ტესტირებით. აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება პიარის რიგითი წევრიდან ხელმძღვანელის პოზიციის ჩათვლით. აქვს საჯარო მოხელეების, მაღალი რანგის საჯარო გამომსვლელების მომზადების გამოცდილება. არის პიარფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის ავტორი.

 

ზოგადი ინტერესები: წერს ფოტო-პროზას, მისი ლიტერატურული ნაშრომები იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს ლიტერატურულ ჟურნალებში: „ცისკარსა“ და „ჭოროხში“, ატვირთულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე. მის ლექსებს, პირველი კლასიკური გიმნაზიის საიუბილეო წიგნშიც შეგიძლიათ გაეცნოთ. ამჯერად, რადიო გადაცემის წამყვანია და წლებია უძღვება სამედიცინო თემატიკის გადაცემას „მაესტროს ანატომია“. აქტიური პრაქტიკა აქვს გეშტალტთერაპიის მიმართულებით და ყოველდღიურად იღებს კლიენტებს ფსიქოლოგიური გართულებებით. მოქმედი ტრენერია არაერთ ტრენინგ ცენტრში და უნივერსიტეტში. ამ დრომდე, განხორციელებული აქვს სამოცდაათზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი, როგორც კერძო, დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.

 

 

 


[1] კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში, დაფინანსდა ულტრათანამედროვე კვლევა ნეიროფიდბექის და ბიოფიდბექის აპარატებზე, რომლის ფარგლებშიც ვიკვლიე აზრის ლიდერები, ასი ცდისპირი, პიარის მანიპულაციების გავლენაზე.

 

 

[3] აშშ-ს საელჩოს კლიპი - “ის რაც მიუღწეველი ჩანს ცალკე - შესაძლებელი ხდება ერთად! საქართველოს აერთიანებ შენ!” https://www.youtube.com/watch?v=lozqHz57hc0  [ბ.ნ 07.06.2023]

[4] თიბისი ბანკის კლიპი - 100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან https://www.facebook.com/tbcbank/videos/10155505918611188/?extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&mibextid=2Rb1fB&ref=sharing [ბ.ნ 07.06.2023]

[5]საქართველოს ბანკის პროპაგანდული კლიპი, “გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/560865551285128/?extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&mibextid=2Rb1fB [ბ.ნ 07.06.2023]

[6]ზურაბ შვანიას ვიდეო მიმართვა "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!"    იხ., <https://www.facebook.com/watch/?v=544892557299240> [07.06.2023]

 

[8] იქვე.

[10] წყარო ინფო 9 https://info9.ge/politika/87052.html  [07.06.2023]

[11]  მერაბიშვილი ივანე -  ბრიფინგი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, წყარო დარიო თავისუფლება 03.02.2016 სტუდია “რეპორტიორი”, რადიო თავისუფლება”https://www.palitravideo.ge/video/68272-rogor-amcno-merabishvilma-zhvanias-gardacvaleba-saqarthvelos-tragikuli-dghis  [ბ.ნ 07.06.2023]

იქვე., qronika/?fbclid=IwAR1J4oB4SDgo1R3gGmvCQn2Zi2ZfM0NvU_8Ob0zSCv4jif7lqkAVkbdTsoI [ბ.ნ 07.06.2023]

[12] საზოგადოებრივი არხის იუთუბ არხი, https://www.youtube.com/watch?v=Y9ng1z43D0w [ბ.ნ 07.06.2023]

[13] საზოგადოებრივი არხის იუთუბ არხი, იხ.https://www.youtube.com/watch?v=Y9ng1z43D0w [ბ.ნ 07.06.2023]

[14] ატლ ინფო  წყარო “ტია ჯი” https://www.facebook.com/watch/?extid=CL-UNK-UNK-UNK-AN_GK0T-GK1C&mibextid=2Rb1fB&v=590736728782422 [ბ.ნ 07.06.2023]

[15] იქვე.

[16] კოტრიკაძე მ., „ფსიქოლოგიური ომის თნამედროვე გამოწვევები, პირველი ულტრათანამედროვე კვლევა ტყუილსა და პროპაგანდაზე თავის ტვინის იმპულსების შესასწავლად ნეიროფიდბექის აპარატით.“17th Internatonaln Silk Road Conference, IBSU Uublications,Tb., თბილისი, 2023, გვ.249-256

[17]  Kotrikadze M., article “The Candidate as a “Political Goods” and the Electorate as a “Potential Client”: The Role of Public Relation on Political Campaign”, Indonesian Journal of Cultural and Community Development. https://ijccd.umsida.ac.id/index.php/ijccd/article/view/869/1036?fbclid=IwAR33WLBSC22uFjaGupygZR5L8gK8Lpfvs8jg-MBarTbW3fSeHL-kj2gNstU [L.S 22.11.2022]

 

[18]უკრაინის რესპუბლიკის ტრული ინფორმაციის ამოცნობის ვებ გვერდი https://www.stopfake.org/en/main/,[ბ.ნ 8.20.2023]

 


 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები