დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინდოეთიდან ტურისტები მოიზიდოს - ჯემალ ინაიშვილი

მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინდოეთიდან ტურისტები მოიზიდოს - ჯემალ ინაიშვილი

28-10-2023 11:00:14

„თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი, Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ინდოთი საქართველოსთვის სხვა და სხვა მიმართულებით საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შესაძლოა, უფრო სწრაფად განვითარდეს, არის ტურიზმი.

„ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა ინდოეთი. ავიაკომპანია „ინდიგო“ ნიუ-დელიდან სამჯერ დაფრინავს საქართველოს მიმართულებით. იმედია, რომ ფრენა ახლო მომავალში ყოველდღე განხორციელდება.

ინდოეთში საშუალო ფენა 30%-ია. ყოველწლიურად საშუალო ფენა ამ ქვეყანაში 6%-ით იზრდება, ამდენითვე, იზრდება ეკონომიკა. ინდოეთიდან საქართველოში ფრენას 4 საათი სჭირდება. ინდოელი ტურისტი ჩვენთვის მიმზიდველია იმ კუთხითაც, რომ მათ უყვართ გართობა, ღვინო...მხარჯველი ტურისტია. ჩვენ გვჭირდება დივერსიფიცირება ტურისტული ბაზრების.

კარგად განვითარდა ტურიზმი, რომელიც ეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს. შესაბამისად, ამას თუ ინდოეთი დაემატება, ძალიან კარგი იქნება. ინდოელები ინგლისურად საუბრობენ, რაც კომუნიკაციას უფრო აადვილებს.

ტურიზმი იწყება საზღვრიდან, პოლიციელიდან...ბევრი შემთხვევაა, როცა ტაქსის მძღოლები ატყუებდნენ სტუმრებს, ორჯერ-სამჯერ ზრდიან ტარიფს. ასეთი ფაქტები კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, რათა ქვეყნის იმიჯი არ შეილახოს“,-ამბობს ჯემალ ინაიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინდოეთიდან ტურისტები მოიზიდოს.

„ჩვენ ამ სფეროში კონკურენტებიც გვყავს. ყველა ცდილობს, იგივე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი, რომ ინდოელი ტურისტები მოიზიდოს. ტრანზიტით მივფრინავდი სტამბულის აეროპორტიდან და ორი ბოინგი იდგა აეროპორტში და ინდოეთიდან თურქეთში 350 მგზავრი ერთდროულად ჩამოფრინდა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყველა პირობა შევუქმნათ ტურისტს და მათ შორის სტრატეგიულად უნდა ავირჩიოთ ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა.

არ გვაქვს იმის რესურსი რომ ყველას მივწვდეთ, მაგრამ ინდოეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სკანდინავიაა ძალიან საინტერესო. ჩემი პარტნიორები არიან ნორვეგიელები და ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ პირდაპირი ფრენები არ არის ოსლოდან თბილისში. ნორვეგია უმდიდრესი ქვეყანაა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ $60-70 000-ია. საქართველოში მათთვის კლიმატური პირობების მხრივ ოთხივე სეზონი მისაღებია და იმ პროდუქტების სიიაფე, რაც ნორვეგიაში ძვირია“, - ამბობს ინაიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები