დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუქსემბურგი დამარცხებულია! ახლა საბერძნეთის ჯერია

ლუქსემბურგი დამარცხებულია! ახლა საბერძნეთის ჯერია

23-03-2024 14:22:00

გიზიარებთ ბლოგს:  ისტორიული მატჩი შედგა! ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 2-0 დაამარცხა. თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა 51 000-მა და საქართველოს მასშტაბით ეკრანებთან მობილიზებულმა ასიათასობით მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. მატჩის დინამიკასა და მიმდინარეობაზე გავლენა იქონია მეტეოროლოგიურმა პირობებმაც – წვიმიანი საღამო, სველი მინდორი, სწრაფი ბურთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუდუ ზივზივაძის ორი უპასუხო გოლი ლუქსემბურგის კარში.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა არ უღალატა უკვე კარგად დასწავლილ და გამოცდილ სათამაშო სქემას – 3-4-1-2 – 3-მცველიანი სქემა, ფლანგებზე მორბენალი 2 ფეხბურთელი, 2 საყრდენი, წინ კლასიკური 10-იანი და კიდევ უფრო წინ 2 ფორვარდი:

მამარდაშვილი; კვერკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, შენგელია; ჩაკვეტაძე; მიქაუტაძე; ზივზივაძე.

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ სანიოლის სქემამ იმუშავა. საუცხოო შეხვედრა ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ზუსტად შეასრულა თავისი მოვალეობა, შექმნა ცენტრალური რგოლი, რომელმაც შეაკავშირა ნახევარდაცვა და თავდასხმა. დუბლის ავტორი ბუდუს შემდეგ ჩაკვე ცხადად გამორჩეული იყო ჩვენს გუნდში.

ბუდუმ პირველი გოლი 41-ე წუთზე გაიტანა – შენგელიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და როგორც ტარანის ტიპის თავდამსხმელს შეეფერება, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, ძლიერი და აუღებელი დაარტყა – 1-0!

ასევე გამორჩეულად კარგი იყო ლევან შენგელია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ფლობდა მარცხენა ფლანგს დაცვასა და შეტევაში. მატჩამდე მას ურთულესი მოცემულობა ჰქონდა – შეეცვალა შეუცვლელი ხვიჩა კვარაცხელია – ბევრი სახიფათო გარღვევა, სახიფათო ჩაწოდებები, ხარიხა ჯარიმის შემდეგ, საგოლე გადაცემა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რომელიც ლევანმა ჩვენს ნაკრებს მოუტანა.

სწორედ შენგელიას უზუსტესი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა ბუდუმ მეორე გოლი (64 წუთი) – მცველების უკან ჩასაფრებულმა შესანიშნავად ითამაშა დასწრებაზე და ფაქტობრივად ცარიელ კარში შესრიალებით შეაგდო – 2-0!

შეიძლება ითქვას, რომ დროული იყო ვილი სანიოლის შეცვლებიც – უკვე 2-0-ზე – წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვევკესკირი და კანკავა ზუსტი დროულობით ჩაერთნენ შეხვედრაში და თითოეულმა გავლენა მოახდინეს კიდეც თამაშის მიმდინარეობაზე და შედეგის ბოლომდე შენარჩუნებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. სიმბოლური იყო ჩვენი ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას დაბრუნება – განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა ჯაბას ბორის პაიჭაძის სტადიონი და მოქმედმა კაპიტანმა, გურამ კაშიამაც გადაულოცა კაპიტნის სამკლავური მას.

მიუხედავად დამაჯერებელი ანგარიშისა, თამაშის მიმდინარეობისას მაინც იყო პრობლემები, განსაკუთრებით საყრდენ და დაცვით ფაზაში, მაინც მოგვიწია ნერვიულობა მეორე ტაიმის სტარტზევე, როცა ლუქსემბურგის ლიდერმა და 10-იანმა, ჟერსონ როდრიგესმა მოახერხა მამარდას კარის აღება, თუმცა საბედნიეროდ VAR-მა გვიშველა: გადამოწმდა გოლამდე რამდენიმე წამის წინ საეჭვო ეპიზოდი, როცა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს გიორგი მიქაუტაძე – საკუთარ კარში გოლის მაგიერ მივიღეთ სახიფათო ჯარიმა მეტოქის კარში და პლუს წითელი ბარათი ლუქსემბურგელ მცველ შანოს ბოლო იმედის ჯარიმის კვალიფიკაციით.

ასე და ამგვარად გავედით ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, რომელიც 26 მარტს კვლავ ბორის პაიჭაძის სტადიონზე გაიმართება – მეტოქე ლუქსემბურგზე გაცილებით ძლიერი საბერძნეთის ნაკრებია, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე ყაზახეთი 5-0 დაამარცხა. თუმცა გვიბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია და კვლავაც სრულად სავსე იქნება სტადიონი – საუკეთესო წინ არის!

ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები