დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განვიხილავთ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს

ლევან დავითაშვილი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განვიხილავთ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს

23-10-2023 10:42:54

ინტერვიუ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

26 – 27 ოქტომბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეოთხედ უმასპინძლებს. ფორუმი 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა - ამით საქართველომ გააკეთა ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი, რომ მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისტორიული აბრეშუმის გზის განახლების პროცესში და ამ მიზნით, განახორციელოს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სატრანზიტო მოთხოვნებზე მორგება. მას შემდეგ, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე თბილისი გადაიქცევა რეგიონული მასშტაბის სადისკუსიო ცენტრად, სადაც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების ლიდერები განიხილავენ რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ვაჭრობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

No description available.

2023 წელიც არ არის გამონაკლისი. თბილისის ფორუმში სამი პრემიერ-მინისტრი გახსნის. ასევე განსაკუთრებული სტუმრები არიან პრემიერ - მინისტრის მოადგილე უზბეკეთიდან და მინისტრები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან, ყაზახეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სერბეთიდან და ა.შ. აგრეთვე ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და გლობალური კორპორაციებიდან.

წლევანდელი ფორუმის მთავარი  მესიჯია „Connecting Today Resilient Tomorrow”.  

საქართველო იყო, არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაზე გადის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც შუა დერეფნის სახელითაა ცნობილი და რომლის განვითარებისთვისაც ჩვენ მნიშვნელოვან სახელმწიფო და კერძო ინვესტიციას ვახორციელებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც თბილისში ასეთ მასშტაბურ ფორუმს ვატარებთ, სწორედ შუა დერეფნის უპირატესობებსა და მის განვითარებაში ჩვენი ქვეყნის როლის მნიშვნელობაზეა საუბარი. გარდა ამისა, საერთაშორისო დონის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ, ციფრულ და ფინანსური ჰაბად ქვეყნის გადაქცევა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, რისთვისაც ფორუმის პლატფორმა მიზნობრივადაა გამოყენებული. 

როგორ მოემზადა საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმისთვის? რა ახალი გლობალური გზავნილი იქნება გაგზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და რამდენად მასშტაბური იქნება წლევანდელი ფორუმი? „ბიზნეს ინსაიდერი“ ამ და სხვა მნიშვნელოვანი შეკითხვებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

„ბიზნეს ინსაიდერი“ - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მეოთხედ ტარდება და რაც განსაკუთრებით აღსანიშნია, ამ სადისკუსიო პლატფორმისადმი საერთაშორისო ინტერესი ფორუმიდან ფორუმამდე იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს დედაქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. რამდენად მასშტაბურია წლევანდელი ფორუმი და რით იქნება გამორჩეული?

ლევან დავითაშვილი - საქართველო ამჯერადაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე  აზიისა და ევროპის რეგიონებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საფინანსო ინსტიტუტებიდან, ბიზნეს-სექტორიდან და სამეცნიერო წრეებიდან. წლევანდელ მასშტაბურ ფორუმში მსოფლიოს 60-მდე  ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ადგილი, სადაც მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს.

როგორც იცით, ფორუმს სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები გახსნიან, რაც ხაზს უსვამს ღონისძიების განსაკუთრებულად მაღალ დონეს.

ორდღიან ფორუმზე 10 თემატური სესია გაიმართება და განხილული იქნება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხები. მეორე დღეს ფორუმი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმობა. დისკუსიების გარდა, ტრადიციულად, B2B შეხვედრებიც გაიმართება, რომლის დროსაც კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, პოტენციურ პარტნიორებთან განიხილონ თანამშრომლობის საკითხები  როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი ფორუმისთვის ტრადიციულად ვიწვევთ ცნობად პირებს საერთაშორისო მედიიდან და სამეცნიერო წრეებიდან. ეს ტრადიცია არც წელს დავარღვიეთ - მოვიწვიეთ BBC - ის, Deutsche Welle - ის, Bloomberg TV - ის, TRT - ის და სხვა წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

„ბიზნეს ინსაიდერი“ - დიდი ალბათობით, თბილისის ფორუმზე აუცილებლად აისახება რეგიონში არსებული გამოწვევების გავლენა. როგორ უპასუხებს მათ ფორუმი?

ლევან დავითაშვილი - ბუნებრივია, ფორუმის მსვლელობისას აუცილებლად იქნება განხილული რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები და ასევე შესაძლებლობები, რომლებიც ამ გამოწვევების შედეგად წარმოიქმნა.

ჩვენ ფორუმის მონაწილეებს გავაცნობთ საქართველოს მაგალითს, თუ როგორ შევძელით თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საგარეო შოკების გამკლავება და ასევე ახალი შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, ასევე რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება.

როგორც იცით, 2021 და 2022 წელს ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება  - კერძოდ, იანვარ-აგვისტოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ია. მთლიანობაში, 2022 – 2023 წლებში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და საქონლით საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. ასევე მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ინფლაციის შემცირების მიმართულებით და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ბევრად სწრაფად შევძელით ინფლაციის მოთოკვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლა.

მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიების - Fitch, S&P, Moodys’ შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე.

„ბიზნეს ინსაიდერი“ - ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მეტი პოპულარიზებისთვის. რა კეთდება დერეფანში მეტი ტვირთის მოსაზიდად?

ლევან დავითაშვილი - ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დერეფნის გამტარუნარიანობის და საიმედოობის ასამაღლებლად. კერძოდ, დაარსდა ერთობლივი შვილობილი კომპანია “Middle corridor intermodal”, რაც შესაძლებლობას მისცემს  ტვირთმფლობელს, როგორც შეკვეთა, ისე მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელოს.

ჯერ კიდევ 2017 წელს ჩამოყალიბდა საერთაშორისო ასოციაცია "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი". მასში სარკინიგზო გადამზიდავებთან ერთად გაერთიანდნენ საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის პორტები და საზღვაო გადამზიდავები (კურიკის, აქტაუს, ბაქოს პორტი, ბათუმის პორტი და კასპიის ზღვის სანაოსნო). აღნიშნულის საჭიროება განაპირობა შუა კორიდორის სპეციფიკამ, სადაც კონკურენტ ჩრდილოეთ დერეფნისგან განსხვავებით,  გადაზიდვის ერთ ჯაჭვს ქმნის მრავალი მონაწილის ერთობლიობა. შემდგომ პერიოდში მარშუტს მიუერთდა თურქეთის რკინიგზა, ასევე ასოცირებული წევრები გახდნენ უკრაინის, პოლონეთის და რუმინეთის სარკინიგზო და ლოგისტიკური კომპანიები.

ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ე.წ. “საგზაო რუკების”  შექმნაზე, სადაც ყველა ქვეყნის მიერ გაწერილია ის ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტები, რომელიც დერეფნის გამტარუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.

ასოციაციის ძირითადი ფუნქციაა დერეფანში ერთიანი გამჭოლი ტარიფის დადგენა, გადაზიდვების ვადების შემცირება და სტაბილიზება, რაც მრავალი მონაწილის დამოუკიდებლად ფუნქციონირების პირობებში გართულებული იყო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ჩინეთიდან საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების ოპერირების დაწყება ევროპის და თურქეთის დანიშნულებით.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და მონაწილეებს კვლავ წარვუდგენთ შუა დერეფნის უპირატესობებს.

„ბიზნეს ინსაიდერი“ - საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ მუშაობს ქვეყნის გადაქცევად სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, ფინანსურ, ციფრულ ჰაბად. რა კეთდება ამ მიმართულებით?

ლევან დავითაშვილი - გეთანხმებით, საქართველოს სერიოზული პერსპექტივა აქვს, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. თქვენს ყურადღებას რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე გავამახვილებ - მათი ამოქმედების შემდეგ, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტვირთბრუნვა და სატრანზიტო შემოსავლები. 

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლისთვის. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგი იქნება ყველაზე რთულ, საუღელტეხილო უბანზე არსებითად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა სარკინიგზო ოპერაციებისათვის: მსვლელობის დრო თბილისაიდან ბათუმამდე მნიშვნელოვნად შემცირდება, უფრო მეტად უსაფრთხო გახდება სარკინიგზო მიმოსვლა. ასევე, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 28 მლნ. ტონიდან 48 მლნ. ტონამდე გაიზრდება.

ცალკე გამოვყოფ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რომელიც რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია. მოცემული მაგისტრალი შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიიდან ევროპისკენ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილია.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ჰქონდეს. პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. შედეგად, საქართველოს ექნება რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი მაღალი დონის სამგზავრო და  სატვირთო ტერმინალებით. 

განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტზე. 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადებულია კერძო პარტნიორის/ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.  პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან დაფუძნდა ახალი კომპანია, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მოდელით შერჩეულ კერძო პარტნიორთან ერთად უზრუნველყოფს ნავსადგურის მშენებლობას და განვითარებას.

2023 წლის 20 სექტემბერს, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგი ეტაპისთვის გამოვლენილია  2 პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. გამარჯვებულთან ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება წელიწადში 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.

„ბიზნეს ინსაიდერი“ - მინდა გკითხოთ ვაჭრობის საკითხზეც, რადგან სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიკაცია ასევე ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

ლევან დავითაშვილი - მოგეხსენებათ, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას. 

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით.

2024 წლიდან ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ მოლაპარაკება კორეის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები