ზემო სვანეთისგან განსხვავებით, ქვემო სვანეთში მდებარე სასტუმროებს ნაკლები დატვირთვით უწევთ მუშაობა. როგორც Lentekhi Mountain Inn/ ლენტეხის მთის სასტუმროს დამფუძნებელი ნინო ფეტელავა Business Insider Georgia- თან ამბობს, ამის მიზეზი ქვემო სვანეთის დაბალი ცნობადობაა, რის გამოც სასტუმროები ძირითადად სადღესასწაულო პერიოდებში მუშაობენ.
„სხვა რეგიონებთან შედარებით, ქვემო სვანეთი მივიწყებულია, როცა ზემო სვანეთში ტურისტული ბუმია, ჩვენ მაღალ დატვირთულობას ძირითადად სადღესასწაულო პერიოდებში ვახერხებთ. მაისში, როცა ,,სვანსეტი“ ტარდებოდა, 2 თვის წინ დაიწყო თადარიგი და ღონისძიების განმავლობაში სასტუმრო 100%-ით იყო დატვირთული. პრობლემა ნაკლები ცნობადობის გამოა, ამ დროს ორივე მიმართულებაში პოტენციალი თანაბარია, უბრალოდ, ჩვენს მხარეს პიარი აკლია, რაც ადგილობრივი ტურისტული ობიექტების საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ქვემო სვანეთს ცნობადობა აკლია, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ არის, ეს თუ მოგვარდა, ბიზნესიც და მოსახლეობაც დიდ სარგებელს მიიღებს“, - აცხადებს ნინო ფეტელავა.
ლენტეხის მთის სასტუმრო - Lentekhi Mountain Inn ქვემო სვანეთში ლენტეხში მდებარეობს. ოჯახური ბიზნესი USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)-ს მონაწილეს და „კრისტალ კონსალტინგის“ წარმატებულ ბენეფიციარს - ნინო ფეტელავას ეკუთვნის.
ახალგაზრდა მეწარმის მიზანია, რეგიონში მსხვილი ეკო-ტურისტული ადგილი შექმნა. საოჯახო სასტუმროსა და კოტეჯში განთავსების გარდა, ნინო თავის სტუმრებს სხვა მრავალფეროვან მომსახურებასაც სთავაზობს, როგორიცაა ადგილობრივი კერძების მასტერკლასები, დეგუსტაცია და რეგიონის მასშტაბით საფეხმავლო თუ სამანქანო ტურები. ლენტეხის მთის სასტუმროს საკუთარი ტყე და ადგილმდებარეობა გამოარჩევს, ის რაიონის ცენტრიდან 700-800 მეტრში განსხვავებულ, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაძვნარში მდებარეობს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, ნინო ფეტელავა ამ ეტაპზე კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს, რომელიც EBRD-ევრო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ელექტრონული კომერციის ვებ გვერდის შექმნას გულისხმობს, რაც მომსახურების გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ცნობისთვის, USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ ,,კრისტალის“ მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (WGDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა