„ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ქსელურ მარკეტებში შესვლა. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ქსელთან, თუმცა ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება და შესვლის მარჟა მაღალია“, - ამბობს Business Insider Georgia-თან კომპანია „შინაოს“ კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი.
კომპანია „შინაო“ ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და მომხმარებელს შეფუთულ მწვანილსა და გაყინულ ბოსტნეულს სთავაზობს.
„შინაოს“ კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, რომ სამი წლის წინ USAID-ის (ამერიკელი ხალხის დაფინანსება) დაფინანსებით დაწყებული ბიზნესი წარმატებულია.
კომპანია სამაცივრე მეურნეობას ფლობს და ბაზარზე გაყინული ხილ-ბოსტნეული და შეფუთული მწვანილი გამოაქვს.
„2021 წლის ბოლოს გამოუშვით პირველი პროდუქტი - გაყინული კარტოფილი. შემდეგ დავიწყეთ შეფუთული მწვანილის 6 სახეობის წარმოება. ასევე გაყინული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ახლა უკვე გვაქვს სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე ბაზარზე გავიტანეთ ამ პროდუქტების მიქსები. 2023 წლის დასაწყისში უკვე დავამატეთ გაყინული ხილი“, - აცხადებს „შინაოს“ კომერციული დირექტორი.
გიორგი ქვრივიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა იპოვეს ნიშა, რაც „შინაოს“ სხვა მწარმოებლებისგან გამოარჩევს.
„გვყავს კონკურენტები მწვანილის წარმოებაში, რომლებიც დაფასოებულ პროდუქტს ყიდიან, რაც შეეხება ბოსტნეულის მიმართულებას, დაჭრილი, შეფუთული და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტი მომხმარებელს მხოლოდ ჩვენ შევთავაზეთ. ამ კუთხით ქართულ წარმოებაში კონკურენტი არ გვყავს. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი ნაწარმი იმპორტირებულ პროდუქტზე 3-4-ჯერ იაფია“.
„შინაო“ პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
„აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და ხილ-ბოსტნეულის შესყიდვისას ვირჩევთ იმ რეგიონს, სადაც უფრო ხარისხიანი პროდუქტი მოდის. იმერეთში ვყიდულობთ მწვანილს, კახეთში ხილს, ბოსტნეულს შიდა ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.
კომპანია დისტრიბუციას, მთელი საქართველოს მასშტაბით ლაგოდეხიდან - სარფამდე ახორციელებს.
„თბილისის თითქმის ყველა უბანში არაქსელურ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს, „შინაოს“ პროდუქცია დასავლეთ საქართველოში „დეილის“ ქსელში იყიდება. ასევე „გუდვილში“ და „მაგნიტის“ მაქს ფილიალებში. ასევე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, პლატფორმაზე მოიტანე.ჯი.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას“, - ამბობს გიორგი ქვრივიშვილი.
„შინაოს“ კიდევ ერთი გამოწვევა საექსპორტო ბაზრებია. კომპანია წარმოებაში HACCP-ის სტანდარტის დანერგვას გეგმავს, რაც ევროპის ბაზარზე ექსპორტს გზას გაუხსნის.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ადგილობრივი და შემდგომ ევროპის ბაზარი“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„შინაოს“ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი