ცივად დაწურული ზეთების მწარმოებელი კომპანია „ხახაბო“ ადიგენში გოგრის ქარხნის მშენებლობას აპირებს. წესით, პროექტი 2022 წელს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ინვესტიციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო გადაიდო.
სამომავლოდ ქარხნის მშენებლობა ,,ხახაბოს" 5-წლიანი გეგმის ფარგლებში შედის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ქარხნის მშენებლობის გარდა, გეგმა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა სელის წარმოება, სხვადასხვა მცენარეული სამკურნალო და კოსმეტიკური ზეთების წარმოება, მესაქონლეობის ფერმის გახსნა და სხვა. „კომპლექსური ბიზნეს-გეგმა 5-წლიანია და თითქმის ყველა სპექტრს მოიცავს, მათ შორის წარმოების იმ მიმართულებას, რომელსაც უკვე ვახორციელებთ და ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ. ვაპირებთ, რომ საქართველოში გოგრისა და სელის კულტურა განვავითაროთ. ამ ეტაპზე სელი ძირითადად იმპორტირებულია, გოგრა ქართულია, მაგრამ ნედლეულის დეფიციტს განვიცდით.
გოგრის თესლის საბითუმო ბაზარი საქართველოში არ არის, ამიტომ ჩვენ თვითონ დავდივართ მოსახლეობაში, ძირითადად, ახალციხეში და გასარჩევ პროდუქტს ვყიდულობთ.
ასევე ვაპირებთ, რომ სელის მოყვანას ჩავუყაროთ საფუძველი, რის დიდი ტრადიციაც იყო. საქართველოში კოლხური სელი იწარმოებოდა, რომელიც თანდათან გადაშენდა, დღეს ეს პროდუქტი რეალურად არავის მოჰყავს", - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.
რაც შეეხება გოგრის ქარხნის მშენებლობას, მეწარმის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ადიგენში იგეგმება.
„500-600 ტონა გოგრა გვჭირდება წლიური წარმოებისთვის, ამ მიზნით გადავწყვიტეთ გოგრის გადამამუშავებელი ქარხანა გავხსნათ. გლეხებთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ, რომ დაიწყონ მიწების დამუშავება და პროდუქტის მოყვანა, რომელსაც გარანტირებულად გაყიდიან მათთვის მისაღებ ფასში. პროდუქტის რბილობი ცალკე წავა საკვებად მეცხოველეობის ფერმებში, გოგრის გულს მთლიანად ზეთის წარმოებაში გამოვიყენებთ", - ამბობს სვიმონიშვილი Business Insider Georgia- თან.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება. ქარხნის მშენებლობითა და საწარმოო ხაზის განვითარებით „ხახაბოს" 150 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.
უახლესი