ხელნაკეთი არტ შოკოლადის მწარმოებელი „შოკოტელა“ გაფართოვდა. როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა, „შოკოტელას“ რიგით მეორე ფილიალი თბილისის ცენტრში, ტურისტულ და ხალხმრავალ უბანში გაიხსნა, სადაც გათვლა ძირითადად ტურისტებზე კეთდება.
„მეორე ფილიალი გავხსენით ტურისტულ ზონაში, შარდენის ტერიტორიაზე. შესაბამისად გათვლა უფრო მეტად არის უცხოელ ტურისტებზე, თუმცა ქართველი მომხმარებლებიც აქტიურად გვაკითხავენ და სხვადასხვა აპლიკაციიდანაც უკვეთენ“, - განმარტავს მარიამ კაპანაძე.
„შოკოტელას“ ახალი მაღაზია სიონის 8-ში, „თბილელის ქარვასლას“ შენობაში მდებარეობს.
რაც შეხება „შოკოტელას“ გაყიდვებს, როგორც მარიამ კაპანაძე აცხადებს, ზაფხულის პერიოდში „დუბაის შოკოლადზე“ იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, რომ ეს მოთხოვნა დღესაც ისევ აქტუალურია.
ირკვევა, რომ „შოკოტელაში“ საახალწლოდ კორპორატიული შეკვეთები გაზრდილია.
„საახალწლოდ კორპორატიული შეკვეთების მიღება აქტიურად დავიწყეთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. გეტყვით, რომ წელს ბევრად მეტი კომპანიაა ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული“, - აცხადებს კაპანაძე.
ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე შოკოლადის ფასები გაზიარდა, თუმცა „შოკოტელამ“ მოახერხა და ფასები იგივე დონეზე შეინარჩუნა.
„ჩვენ პროდუქცია არ გაგვიძვირებია. გეტყვით, რომ 1,5 წლის განმავლობაში ნედლეულის ფასი დაახლოებით 70%-ით გაძვირდა. ახალი წლის შემდეგ ელოდებიან, რომ ბირჟაზე კაკაოს მარცვლის ფასი ქვემოთ წამოვა და დღეისათვის ფასის შენარჩუნებას ვახერხებთ“, - განმარტავს „შოკოტელას“ მფლობელი.
„შოკოტელა“ არის ბრენდი ავტორული პრემიუმ ხარისხის შოკოლადის, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.
უახლესი