მეღვინეობა „ჩელთი“ ჩინეთში, შანხაიში ერთდროულად ორ გამოფენაში მონაწილეობდა. ერთი „აწარმოე საქართველოს“, ხოლო მეორე ღვინის ეროვნული სააგენტოს ეგიდით გაიმართა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ შანხაიში გამართული გამოფენების შემდეგ, ამ ბაზარზე ჩვენი კომპანიის პოზიციები უფრო გამოიკვეთება და ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდება. ჩვენ ჩინეთთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. გვყავს იმპორტიორი, თუმცა „ჩელთის“ ღვინის ექსპორტზე ჩინეთში ექსკლუზივი არავის არ აქვს. ამიტომ ვეძებთ ახალ პარტნიორებს და გამოფენაზე სწორედ ამ მიზნით წავედით. ჩინეთში გამოფენები ყოველთვის მასშტაბურია და შედეგები რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოიკვეთება“, - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან.
რაც შეეხება სამიზნე ბაზრებს, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფილიპინების ბაზარზე შესვლაზე.
„გვაქვს აქტიური მარკეტინგული სვლები ამ მიმართულებით. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფილიპინების ბაზარზე შევიდეთ. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.
ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.
უახლესი