სპეციალური რეცეპტი, რომელიც შაბათ-კვირის მენიუს დანარჩენისგან განასხვავებს, ფაქტობრივად არავის შეუქმნია, თუმცა არის კერძები, რომელიც ,,ვიქენდს“ ყველაზე მეტად მოუხდება. გასტროტურიზმის ცნობილი სპეციალისტი, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი კვიჭიძე სარესტორნო ბიზნესში მოღვაწეობს და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ შაბათი ამ მხრივ დიდად გამორჩეული არ არის და რესტორნების მომხმარებლებს ნებისმიერი საყვარელი კერძის დაგემოვნება შეუძლიათ, თუმცა კვირას უფრო ისეთი მენიუ უხდება, რომელიც ნაბახუსევთან არის ასოცირებული.
,,საკმაოდ მრავალფეროვანი სამზარეულო გაგვაჩნია, რომელიც კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება იყოს მოთხოვნადი. რთულია გამოყო კონკრეტული პერიოდი, თუმცა არის წესები, რასაც მომხმარებელი ხშირად ითვალისწინებს. ალბათ, მაინც კვირას გამოვარჩევდი, განსაკუთრებით კი ,,ნაბახუსევს“, რომელსაც ტრადიციულად ჩიხირთმა უხდება, ასევე ხინკალი და შაშხი. შაბათსა და სხვა დღეებში ნაკლებად არის შესაძლებელი ასეთი დახარისხება, ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ყველაფერი, რაც უყვართ და სურთ. ვფიქრობ, შაბათს ყველაზე მეტად რაიმე იაპონური კერძი მოუხდება კოქტეილთან ერთად. სავარაუდოდ, უფრო ამ მიმართულებაზე გააკეთებენ აქცენტს“, - ამბობს ქეთი კვიჭიძე Business Insider Georgia -თან.
ამასთან, გასტროტურიზმის ცნობილი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიო ბაზარზე თავის წარმოსაჩენად დიდი პოტენციალი აქვს და გასტროტურიზმი, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ნიშაა, რასაც გაძლიერება სჭირდება.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი