მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. მისი მიმართულება ქართული მინა და მინაში გადატანილი ქართული მოტივებია. მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia ქეთი მექერიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ნამუშევრების უმეტესი ნაწილი ქართულ მოტივებს მოიცავს.
„2011 წლიდან დავიწყე საქართველოში მინაზე მუშაობა. ჩემი მიმართულება მინაში გადატანილი ქართული მოტივებია. 2013 წელს როდესაც პირველად გავხსენით ჩემი საავტორო ნამუშევრების პატარა მაღაზია მომხმარებლისგან ხშირად დასმული კითხვა იყო, იყო თუ არა ეს იტალიური მინის ნამუშევრები. რა თქმა უნდა ერთის მხრივ, ეს იყო კომპლიმენტი, თუმცა პარალელურად იწვევდა პროტესტსაც. სწორედ ამან განაპირობა ნამუშევრებში ხშირად გამომეყენებინა ქართული ორნამენტები და სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც პირველი შეხედვისთანავე აღქმული იქნებოდა, როგორც საქართველოში დამზადებული მხატვრული მინა “, - ამბობს ქეთი მექერიშვილი.
ქეთი მექერიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები მეტად მრავალფეროვანია და აქტიურად გამოიყენება, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოეთშიც მიაქვთ პროდუქცია.
„ინტერიერში საკმაოდ აქტიურად იყენებენ მინას. მაქვს რამდენიმე ხაზი. მაგალითად, სამაგიდო თამაშები: ჭადრაკი, დომინო, ნარდი. ჭადრაკი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ნამუშევრების შექმნისას ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. შეიძლება იყოს მომხმარებელი, რომელიც უცხოეთში იმყოფება და სურს შეძენა. ამ დროს, ნივთზე მუშაობისას უამრავ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, რომ ნივთი დაუზიანებლად ჩავიდეს ადრესატამდე. ძალიან ბევრი დეტალია თითოეული მიმართულებით, რომელიც ამ წლების მანძილზე დავაგროვე. რა თქმა უნდა ვუშვებდი შეცდომებსაც. მუდმივად დაკვირვების პროცესში ვარ, ყოველთვის რაღაც იდეას ვამუშავებ. არის ნივთები, რომელიც ჩავანაცვლე. მაგალითად, დომინო, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო. ამ ეტაპზე ხესთან კომბინაციაში ვაკეთებ. შუშის ნარდი, რომელიც ყველას უცნაურად მიაჩნდა ქართული საგვარეულო გერბებით, ქართული თემატიკით, ქართული ანბანით, ორნამენტებით დავამზადე. არც ერთი ზემოთ აღნიშნული მიმართულება არ იყო ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, რადგან თვითონ დარგი არ იყო განვითარებული. ძალიან მეამაყება ქართული ანბანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს. ძირითადად, ქართველების მხრიდან არის მოთხოვნა. ხშირად მიაქვთ საჩუქრად, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ამერიკასა და იაპონიაშიც კი. გარდა ამისა, ასორტიმენტში შედის ჭურჭელი, ყველის დაფები, სანათები, თეფშები, რომელიც ძირითადად გაჯერებული არის ქართული ორნამენტით. ყველაფერში არის რაღაც ქართული “, - აცხადებს ქეთი მექერიშვილი.
ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენცია ფაქტობრივად არ არის, რადგან ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ამ საქმიანობითაა დაკავებული. სამუშაო მასალა ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება და გერმანიიდან ხდება მისი ჩამოტანა.
„ძალიან ცოტანი ვართ ამ სპეციალობით ჩვენს ქვეყანაში. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რა თქმა უნდა ყველა ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთოთ. მაქვს სურვილი, რომ ყველამ განვავითაროთ სხვადასხვა მიმართულება და გვქონდეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი. ასე ბევრად საინტერესო და მიმზიდველი გახდება ეს სფერო და მიმართულება. ჯერ-ჯერობით, კონკურენცია ამ მიმართულებაში არ არის, თუმცა ძალიან მინდა რომ იყოს, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ნიშნავს რომ უფრო მეტად ვითარდები, იზრდები. რაც შეეხება სამუშაო მასალას, ის არ მოიპოვება საქართველოში. მეცამეტე წელია ვთანამშრომლობ გერმანულ კომპანიასთან, საიდანაც ჩამომაქვს საუკეთესო ხარისხის სამუშაო მასალა “, - აღნიშნავს ქეთი მექერიშვილი.
ცნობისთვის, თავად ქეთი პროფესიით დიზაინერია. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
უახლესი
1 დღის წინ
„ჭოტიაშვილის ღვინის სახლი“ უკვე თბილისშია