დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა

21-03-2025 18:13:00

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

აღნიშნული საკითხის განხილვამდე კომისიის წევრებმა კომისიის დებულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. 

„ჩვენ პლენარულ სხდომაზე კენჭი ვუყარეთ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომლის თანახმად, კომისიის თითოეულ წევრს მიეცა ინდივიდუალური უფლება გამოჰკითხოს ესა თუ ის პირი, შეადგინოს ოქმი და გააკეთოს აუდიო ჩანაწერი. დღეისთვის ჩვენს სახელზე უკვე 200-ზე მეტი განცხადებაა, ასე რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შეგიძლიათ გამოჰკითხოთ მათი ავტორები და ამით კომისია კიდევ უფრო სწრაფად იმუშავებს. დებულებაში, ასევე ჩაიწერება,  რომ ზოგიერთი პირი შესაძლოა, სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანის საქმე კომპლექსურია, მრავალკომპონენტიანია და მრავალი ნაწილისაგან შედგება.

„ბესარიონ ხარძიანი გახლდათ  საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, რომელსაც 2011 წელს,  როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მართავდა ჩვენს ქვეყანას, მრავალი უბედურება შეემთხვა, მათ შორის ხელისუფლებისა და პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ არის ცოცხალი. ბესარიონ ხარძიანის საქმეზე არაერთი პროცედურა ჩატარდა უკვე „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - არაერთი სამოქალაქო სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შედეგადაც, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოჯახმა  შეძლო კუთვნილი ქონების დაბრუნება. ქონებისა, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაათმობინეს ბესარიონ ხარძიანს ციხეში ყოფნის პირობებში. ასევე, ამ საქმის ნაწილია: ბესარიონ ხარძიანის მრავალგზის წამება გლდანის მე-8 საპატიმროში, არნახული ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრებზე - პირველ რიგში მეუღლეზე, ასევე,  შვილებზე, ძმაზე და დაზე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქმის გარემოებებზე კომისიის წინაშე ბიზნესმენის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა ისაუბრა. როგორც ბესარიონ ხარძიანმა განაცხადა, კუს ტბასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო, მაშინ როდესაც ბიზნესმენს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განუცხადა, რომ კუს ტბის მმართველ კომპანიაში წილის ფლობის გამო, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

მან კომისიის წევრებს გააცნო ფაქტები იმის თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების კიდევ რომელი წარმომადგენელი მოითხოვდა მისი მამისგან ფულს, კუს ტბის მმართველი კომპანიებისა და სხვა ბიზნესის წილების დათმობას, ასევე გლდანის ციხეში ბიზნესმენზე განხორციელებული წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. მისი თქმით, „კუს ტბის" წილის გადაფორმებით დაინტერესებული იყო გიორგი უდესიანი.

როგორც ბიზნესმენის შვილმა აღნიშნა, ბესარიონ ხარძიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში დატოვა და რომ არა 2012 წლის ოქტომბერში  ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილება, ბიზნესმენს ციხეში ყოფნა დიდხანს მოუწევდა, რაც საბოლოო ჯამში, მისი სიკვდილით დასრულდებოდა, რადგან ამით   კონკრეტული პირები  იყვნენ დაინტერესებული.

„კუს ტბის" წილების საქმესთან დაკავშირებით, კომისიის სხდომას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებიდან მსჯავრდებული  ზაზა გუგავა დისტანციურად ჩაერთო, რომელსაც კომისიის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს.

სხდომაზე მოწვეული იყო გიორგი უდესიანის ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე, რომელმაც ბესარიონ ხარძიანის მიერ „კუს ტბის" წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემის საკითხზე ისაუბრა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომისიის წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე შეკითხვები დაუსვეს ლამარა კობალაძეს, რომელიც  ბესარიონ ხარძიანის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ უფლებებს სასამართლოში წარმოადგენდა.

მისი თქმით, სასამართლოზე მოითხოვეს უკანონო გარიგებების ბათილად ცნობა, რაც გამოიხატებოდა ამ გარიგებების იძულებით დადებაში. გარიგებაში მოიაზრებოდა გაცემული მინდობილობა და ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება.

როგორც ლამარა კობალაძემ აღნიშნა, სასამართლომ ბათილად ცნო მინდობილობა და დაადასტურა, რომ ის დადებული იყო იძულებით. აქედან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი მინდობილობის  საფუძველზე ასევე იძულების გზით გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და წილები მათ პირვანდელ მესაკუთრეებს დაუბრუნდა.

სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისია ბესარიონ ხარძიანის საქმეზე მსჯელობას გააგრძელებს.

„დღეს განვიხილეთ ბესარიონ ხარძიანის საპატიმროში წამებისა და  საპატიმროში მასზე ზეწოლის გზით ქონების დათმობის საქმის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. კომისია იმსჯელებს ამ საქმეს როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, საჭიროა თუ არა წერილობითი პროცედურის ფარგლებში სხვადასხვა დოკუმენტაციის გამოთხოვა ან/და იმავდროულად სხდომაზე დამატებით სხვა პირების მოწვევა. ასევე, ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რომელი კონკრეტული საქმე ან და თემა ან კიდევ მიმართულება იქნება ჩვენს მომდევნო სხდომაზე  განხილვის საგანი და იმის და მიხედვით თუ როგორ დავამყარებთ ეფექტურად კონტაქტს მოსაწვევ პირებთან, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში კომისიის მორიგი   სხდომა გაიმართება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები