დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართულ თხილზე შესაძლოა, 2022 წელს დაფიქსირებული საფასო პოლიტიკა შენარჩუნდეს  - NUTSGE-ს დირექტორი

ქართულ თხილზე შესაძლოა, 2022 წელს დაფიქსირებული საფასო პოლიტიკა შენარჩუნდეს - NUTSGE-ს დირექტორი

29-07-2023 10:00:26

2023 წელს არის მოლოდინი,რომ თხილის მოსავალი უფრო მეტი იქნება, თუმცა ხარისხთან დაკავშირებით შეფასებას ჯერ ვერ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ წელს 2022-ში დაფიქსირებული საფასო პოლიტიკა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს ზუგდიდში მდებარე ქართული თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიის NUTSGE-ს დირექტორმა მამუკა ბერიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 2022 წელს აგვისტო-სექტემბერში ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი $1-1,5 აშშ დოლარი იყო ხარისხისა და ტენის მიხედვით, ხოლო გარჩეული თხილი $5 ღირდა.

„ვფიქრობ ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. რაც შეხება ფასებს მსოფლიო ბაზარზე, ამ ფაქტორს განსაზღვრავს თხილზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება. ჩემი შეფასებით, წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი სტაბილური იქნება. პროდუქტი გაგვაქვს ყველა კონტინენტზე და მუდმივად ვიმატებთ ახალ ბაზრებს. წელს ჩვენი სამიზნეა აშშ-ის ბაზარი .“

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ქართული თხილის ყველაზე დიდი მოცულობა ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ. ამ კუთხით, კი იმაზე არიან დამოკიდებული, თუ რამდენად ხარისხიან თხილს აწარმოებს ფერმერი.

„თუ ფერმერი ხარისხიან ნედლეულს მოიყვანს, შესაბამისად ჩვენი პროდუქციაც ხარისხიანი იქნება. 2022 წელს 1 500 ტონა თხილი გავიტანეთ ექსპორტზე. წელს ნაკლებად ვფიქრობთ ექსპორტის გაზრდას, თუმცა ახალი პროდუქტების წარმოებაზე ვფოკუსირდებით“, - ამბობს მეწარმე.

კომპანია NUTSGE-ში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თხილის მოსავლიანობის 11%-ით ზრდას ელოდებიან. მიმდინარე წლის თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 5 000 ტონით მეტი იქნება. თხილის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები 2023 წელს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად მეტი შემოსავლიანობის მისაღებად, ფერმერებმა ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა უნდა გაზარდონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები