საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კომპლექსი Kass Land-ი 2023 წლის შედეგს აჯამებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტურისტების მხრიდან ინტერესი დიდია, რასაც მოწმობს ვიზიტების დიდი რაოდენობა.
კერძოდ, Business Insider Georgia- თან საუბრისას Kass Land-ი ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკმაოდ აქტიური და წარმატებული წელია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო სექტორმა გარკვეული დანაკარგი განიცადა.
„წალკის კანიონის დაცულ ტერიტორიას 2023 წელს 70 ათასზე ვიზიტორი ესტუმრა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვიზიტორების დაახლოებით 60% შეადგენენ. ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ნოემბერში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით იყო შემცირებული. თუმცა ჯამურად რომ შეფასდეს, პოზიტიური და გამორჩეული წელია. შედეგმა დაგვანახა, რომ ,,კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" გამორჩეული ადგილია ვიზიტორებისთვის, განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.
განსხვავებული ინფრასტრუქტურა და ბუნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მოგონებებს უქმნის ვიზიტორებს, რაც ჩვენთვის უპირველესი და საამაყოა. ჩვენი მიზანია გავაორმაგოთ ვიზიტორების რაოდენობა მომავალ წელს", - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება მომავალი წლის სტრატეგიას, 2024 წლისთვის იგეგმება სასტუმროს გახსნა, აქტიური მარკეტინგული და PR კამპანიები, მუსიკალური და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
უახლესი