დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალზე ადევნება, ბულინგი და შევიწროება ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეების მხრიდან - ინტერვიუ გვანცა ჯანაშიასთან

ქალზე ადევნება, ბულინგი და შევიწროება ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეების მხრიდან - ინტერვიუ გვანცა ჯანაშიასთან

09-02-2024 13:15:00

ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეები ნელ-ნელა ჩაგრულის მანტიას იხსნიან... რასაკვირველია, საკუთარი სურვილით არა. ისინი დღესაც აქტიურად ავრცელებენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას პროექტის და მათი მომხრეების წინააღმდეგ, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ იქცევიან და რას აკეთებენ თავად.

დღეს ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ქალის, გვანცა ჯანაშიას მაგალითზე გიჩვენებთ პროტესტის ორგანიზატორი ჯგუფის რეალურ სახეს და მოგიყვებით არაერთ ისტორიას, რომელმაც გვანცას ცხოვრება ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურად შეცვალა. სამწუხაროდ, ეს ცვლილება მხოლოდ უარესობისკენაა, ამის მთავარი შემოქმედები კი, ძმები თვარაძეები და მათთან დაახლოებული პირები არიან. ამის შესახებ გვანცამ საჯაროდ განაცხადა თავის სოციალურ ქსელში და არაერთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა.

-გვანცა, რა კავშირი გქონდათ პროექტთან და რატომ დაიწყო თქვენ მიმართ პროტესტის ჯგუფის აგრესია?

-გიორგი მერკვილაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებისას გიორგი და მისი გუნდი ჩემს სასტუმროში ცხოვრობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, სიმშვიდე იყო. არავინ არავის ერჩოდა - პირიქით. ბალდაში მეც ხშირად მიწევდა ასვლა და პირადად შევსწრებივარ ადგილობრივების დამოკიდებულებას. ისიც მინახავს, თუ რამდენ ადამიანს დახმარებია გიორგი. ყველაფერი ასე კარგად მიდიოდა, სანამ სოფელში კონკრეტული ჯგუფი არ ჩამოვიდა. ივლისში ჯერ ორმა აქტივისტმა „გამოანათა“. დაიწყეს პროვოკაციული საუბრები, ფოტოების და ვიდეოების გადაღება, იღებდნენ ყველას და ყველაფერს, შემდეგ აქვეყნებდნენ ქსელში, სამუშაოს მიმდინარეობისას უკანონოდ შეჭრა და ა.შ. როდესაც პროცესებმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ადამიანებამდე სიმართლე მიგვეტანა. მე სხვისი დაწერილი ერთ-ერთი პოსტი, რომელშიც ახსნილი იყო სიმართლე და ის სარგებელი, რომელსაც პროექტი ბალდას და ზოგადად, ჩვენს ქვეყანას მოუტანს, მარტვილის ფორუმზე გავაზიარე. ჩემ მიმართ აგრესიული შეტევა სწორედ აქედან დაიწყო. ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, ზღვარგადასული უწმაწური სიტყვები... შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ბალდას ვიცნობ, ეს კონკრეტული ადამიანები კი, არც გამეგო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პროექტის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებდნენ. ინტენსიური პერსონალური შეურაცხყოფის შემდეგ მათ შესახებ ყველგან ვიკითხე. არცერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც ვიცნობდი ან მათთან ადრე რაიმე კომუნიკაცია მქონია. განსაკუთრებით აქტიურობდა ცოტნე თვარაძე, რომელიც საჯაროდ საქმეს მირჩევდა. პირდაპირი მნიშვნელობით, ომი დაიწყეს ერთ ადამიანთან. თავიდან ვეცადე კიდეც ამეხსნა მათთვის, რომ არავის აქვს უფლება, როგორ განსხვავებულადაც არ უნდა უყურებდეს კონკრეტულ საკითხს, მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს, „ქუჩის ქალი“ ეძახოს და საუბარი აუკრძალოს. გარდა ამისა, მე 5 წელია, ტურისტულ ბიზნესში ვარ, ბევრ ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვიღებ სტუმრებს. ეს სფერო მესმის და ვიცი, რა როგორ მუშაობს. მათ ამის გამოცდილება არ აქვთ და გულწრფელად ვცდილობდი ამ ყველაფრის ახსნას. როცა მივხვდი, რომ, რეალურად, მათ ეს არ აინტერესებდათ და საუბარსაც აზრი არ ჰქონდა, ვცდილობდი, გავჩერებულიყავი, თუმცა შეურაცხყოფების ნაკადი არ წყდებოდა.

თავიდან მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მომიხსენიებდნენ. როცა შეატყვეს, რომ ამან მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო და ეს იარლიყი ვერ მომაწებეს, მიდგომა შეცვალეს და გიორგი მერკვილაძის კომპანიის თანამესაკუთრედ და პარტნიორად შემრაცხეს. უცებ, როგორღაც, გიორგი უკანა პლანზე გადასწიეს და ისრები ჩემკენ მომართეს. მეძახდნენ „კიკუს“, გამყიდველს და გაუმაძღარს, რომელიც მათ სოფელს ართმევდა და ფულის გამო, ყველაფერს კადრულობდა. პასუხი ამაზეც არ გავეცი, რადგან ვატყობდი, რომ აზრი არ ჰქონდა და პირიქით,  გამიზმულად ჩემს პროვოცირებას ცდილობდნენ. ამანაც რომ ვერ გაჭრა, შემდეგ დამაბრალეს, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვიყავი.

-რატომ ჰქონდათ თქვენ მიმართ განსაკუთრებული აგრესია? პროექტს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენი ინფორმაციით, ეს პროტესტის ჯგუფმაც კარგად იცის...

-პირველ რიგში, იდეის გამო მებრძვიან. მეც და სხვა ადამიანებს, რომლებსაც პროექტი მოგვწონს და მას მხარს ვუჭერთ, აგრესიულად გვიტევენ და გვაბულინგებენ. მე ვარ მარტვილელი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ ალაპარაკდა და არავისი შეეშინდა. ეს კი მათ არ მოსწნოთ. თანაც, არაფერი არსებობდა და არსებობს ისეთი, რითიც დამაშანტაჟებდნენ ან გამაჩერებდნენ.  პროექტს მართლაც ბევრი ელოდება, თუმცა საჯაროდ ლაპარაკისგან თავს იკავებენ - სწორედ მათი აგრესიის გამო.

-რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენი ბულინგი ონლაინ რეჟიმში და როდის გადმოინაცვლა ამ ყველაფერმა რეალურ ცხოვრებაში?

-დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ გამწვავდა. ამდენი შეურაცხყოფისა და ცილისწამების ფონზე, გადავწყვიტე, საქმეს სერიოზულად მივდგომოდი და არ მეპატიებინა მათთვის ის, რაც არ მეკუთვნოდა. ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არც ესმოდათ, ვინ იყო ეს გაურკვეველი ხალხი, საიდან მოვიდნენ და რა უნდოდათ ჩემგან. ივლისის ბოლოდან კანიონზე სიარული აქტიურად დავიწყე და ჩემმა ბულინგმაც უკვე ფიზიკური სახე მიიღო. პირველივე დღიდან, როცა იქ გამოვჩნდი, ადევნება დაიწყეს, რაც თვეების განმავლობაში გრძელდება. გამოჩნდებოდა თუ არა ჩემი მანქანა, ისინიც იქვე ჩნდებოდნენ. ამას ყველა ხედავდა და თავად ბალდელებმაც არაერთხელ მითხრეს. წინ დამიმუხრუჭებდნენ; ავარიული შუქებით ჩამიქროლებდნენ; უკან მომყვებოდნენ;  გზას გადამიკეტავდნენ, გამაჩერებდნენ და ვიდეოს მიღებდნენ... ყველაფერს აკეთებდნენ, რათა გავეღიზიანებინე ან დავეშინებინე.

თავიდან მსგავს ქცევებს არც კი ვიღებდი, რადგან მათგან განსხვავებით, არ ვარ ადამიანი, რომელიც გარე სამყაროსთან ჩასაფრებულის პოზიციიდან ურთიერთობს და ჩართული კამერით გადაადგილდება, მაგრამ მათთან ურთიერთობამ, სამწუხაროდ, ესეც მასწავლა. მათ შეეძლოთ, ცხვირი ცხვირთან მოეტანათ და ისე დამლაპარაკებოდნენ. ამას აკეთებდა არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, თანაც მაშინ, როცა მარტოს დამინახავდნენ.

ადევნებებთან ერთად, იყო სექსუალური შევიწროების შემთხვევებიც, რისი დამადასტურებელი SMS-ებიც შენახული მაქვს.

ბაჩანა თვარაძე რეგულარულად ახორციელებდა ჩემ მიმართ სექსუალური შინაარსის მანიპულაციებს. ცდილობდა, რომ ყოველთვის ფიზიკურად ახლოს ყოფილიყო. სადმე დავდგებოდი და უცებ ჩემ გვერდით აღმოჩნდება, ხელს დამადებდა და ვიღაცას ანიშნებდა, ფოტო გადაეღო. „მოდი, ჩაგეხუტები“, „ლოყაზე მოგჩქმეტ“ „გაკოცებ“ - არაერთხელ მოუმართავს მსგავსი შინაარსის წინადადებებით, რაც ჩემი აზრით, სექსუალური შევიწროებაა.

ერთხელ ბაჩანა თვარაძემ ჩემი ერთ-ერთი ნათესავი ბავშვი აიყოლია და ჩემს გაშავებაში ჩართო. მან იმდენად ცუდი კომენტარი დამიწერა სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე, მის მშობლებს დავლაპარაკებოდი და მათთან სახლში მივედი. გარეთ რომ გამოვედი, დაახლოებით, 10 მანქანით დამხვდნენ. სედანით, ჯიპით, მიკროავტობუსითაც კი. ერთ გოგოს ამდენი ადამიანი თავზე დამადგა. ყველა კამერით იყო და იღებდა. მე არ მინდოდა, უფრო გამომეწვია ისინი, ამიტომ ვერ გადავიღე, რადგან შეიძლებოდა, ან ტელეფონი დაემტვრიათ ან უფრო ცუდი რამ მომხდარიყო. არც ვიყავი დარწმუნებული, რომ არ შემეხებოდნენ და ფიზიკურად არ დამაზიანებდნენ. 

-როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა თქვენი ცხოვრება და რამდენად რთული იყო ამასთან გამკლავება?

-ღამღამობით, 1 საათს ფეხით ვსეირნობდი ხოლმე. ახლა სეირნობა კი არა, მარტოც ვერსად მივდივარ. პოლიციამაც გამაფრთხილა, მარტო არ მევლო.

ჩემი ბულინგისა და შეურაცხყოფის გარდა, იწყებდნენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც მხარს დამიჭერდა ან, უბრალოდ, ვისთანაც ვურთიერთობდი. მათაც სოფლის გამყიდველებად რაცხავდნენ და ჩემთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. ასე რომ, ყველა მათგანი მსგავსი საფრთხის ქვეშ იყო. შესაბამისად, დიდი სიფრთხილის გამოჩენა მიწევდა, რადგან თავს ვალდებულად ვთვლიდი, დამეცვა ამ ადამიანების ინტერესები და მათ არ დასჭირვებოდათ იმ გზის გავლა, რომელსაც მე გავდიოდი და გავდივარ. ეს არ არის მარტივი პროცესი და არც ყველას ფსიქიკაა ერთნაირი. მე ძლიერად ვდგავარ ამ სიბინძურის წინააღმდეგ, თუმცა სხვისთვის შესაძლოა, ეს გაცილებით რთული ყოფილიყო ან, საერთოდაც, ფატალურად დასრულებულიყო. ამ პროტესტის ჯგუფის ლიდერებს კი ეს არ ადარდებთ.

წლების განმავლობაში ვეხმარებოდი ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ამაზეც კი დამცინეს, სახელის გამო, რას აკეთებსო. ქუჩის ცხოველებსაც აქტიურად ვეხმარებით, 40-მდე ცხოველი მყავს მიკედლებული. ამაზე „წაკლა ცხოველების დამცველს“ მეძახდნენ. წარმოიდგინეთ, რას იზამდნენ, მე რომ მართლა რაიმე დამეშავებინა ან ცხოვრებაში რაიმე უკანონო მქონდეს გაკეთებული.

გარდა ამისა, მე განვიცადე სერიოზული ეკონომიკური ზარალი, რადგან, ფაქტობრივად, მომიწია, შემეჩერებინა ჩემი სასტუმროს მუშაობა და ტურისტების მიღებაზეც უარი მეთქვა. ვიცოდი, რომ ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები და ჩემთვის რაიმეს დაშავების სურვილით, შეიძლება ჩემი სტუმრები ჩაეგდოთ საფრთხის ქვეშ - ის ადამიანები, რომლებმაც არც არაფერი იცოდნენ და არც რაიმე კავშირში იყვნენ ამ ყველაფერთან.  პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები რეგულარულად იმყოფებიან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში დაჰყავთ ავტომობილი... არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები სასტუმროში ვინმეს არ შემომიგზავნიდნენ; ნარკოტიკს არ დამიტოვებდნენ; ვიდეოკამერას ან მოსასმენ მოწყობილობას არ დამიმონტაჟებდნენ... ჩემი სტუმრების უსაფრთხოებას ნამდვილად ვერ გავრისკავდი.

ასევე, ბალდაში მიწების ყიდვა გვსურდა, მაგრამ მოგვიწია, ამაზეც უარი გვეთქვა. პროექტის მოწინააღმდეგეები მიუცვივდნენ იმ ადამიანებს, ვისთანაც ამ გარიგების დადებას ვაპირებდით და ჩვენთვის მიწის მოყიდვის შემთხვევაში, საკუთარი სახლიდან და სოფლიდან გადასახლებით დაემუქრნენ. 

-ამ მხრივ, რა ვითარებაა ბოლო პერიოდში?

-ახლაც იგივე ხდება, თუმცა პროტესტის ჯგუფს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეცალა, რადგან მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა იქ სინამდვილეში, ვისთან ჰქონდათ საქმე და არავითარ გულწრფელ პროტესტს რომ არ ჰქონდა ადგილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ ძალიან ბევრი ადამიანი შეავიწროვეს, მაგრამ რეგიონია, სოფელია, ყველა ერთმანეთს იცნობს და ადგილობრივები ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ.

დღემდე ქუჩაშიც კი შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გააჩერონ, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ კრიტიკულად იყოს განწყობილი. ცოტნე თვარაძე ხშირად იმეორებდა ჩემი მისამართით, რომ არ გაჩერდებოდა იქამდე, სანამ მე აზრს არ შევიცვლიდი და მე არ გავჩერდებოდი. არ უნდა მესაუბრა პროექტის დადებით მხარეებზე. ეს მას არაერთხელ უთქვამს.

ამასთანავე, მარტვილის მერის მოადგილე თვარაძეების ნათესავია. როდესაც პროექტის შესახებ შეხვედრები იმართებოდა, ვიცი, რომ მიდიოდნენ მასთან და პირდაპირ ეუბნებოდნენ, შეხვედრაზე მე და გიორგი ჩინჩალაძე არ შევეშვით. შემდეგ ამ „სიაში“ ონისე ჯანაშიაც მოხვდა. მე წინასწარაც მეუბნებოდნენ, რომ „იქ ჩემი ადგილი არ იყო“.

- როგორც ვიცით, პოლიციაში რამდენჯერმე დაწერეთ განცხადება შევიწროების თაობაზე...

-პოლიციაში ორჯერ ვიყავი. პირველად შეტანილ განცხადებაში ვსაუბრობდი ბულინგზე, მუქარაზე, სექსუალურ შევიწროებაზე... საჩივარში ვწერდი იმასაც, რომ მქონდა მტკიცებულებები, როგორ მაყენებდნენ ყველა იმ შეურაცხყოფას, რაზეც ვსაუბრობდი. მიუხედავად ამისა, საქმე არ აღძრულა. მოკლედ, დაკითხეს და გააფრთხილეს, რომ ჩემ მიმართ შეურაცხყოფები უნდა შეჩერებულიყო. გამოდის თუ არა ცოტნე თვარაძე პოლიციის შენობიდან, ხელს იშვერს და გვანიშნებს, „ჩააფურთხეთო“. რასაკვირველია, შესაბამისი ფოტოც მაქვს.

გარკვეული პერიოდის მერე მეორეჯერაც შევიტანე, დაახლოებით, მსგავსი შინაარსის საჩივარი, თუმცა უკვე ადვოკატთან ერთად. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ, მაგრამ საქმე ისევ გაიწელა. თვარაძეები ხშირად ამბობდნენ, რომ ჰყავდათ ვიღაც „კრიშა“, რომელიც მათ მფარველობდა. ამიტომაც არ ხდებოდა არაფერი და ამიტომაც არ აინტერესებდათ, რამდენი საჩივარი შევიდოდა მათ წინააღმდეგ.

მივხვდით, რომ აქ არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ ჩემმა ადვოკატმა საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადააგზავნა. მათ განიხილეს ვითარება და მარტვილის პოლიციას სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალეს. დაახლოებით, მე-3 თვეა, ველოდები, როდის მცნობენ დაზარალებულად. ალბათ, კვირაში, მინიმუმ, ორჯერ მივდიოდი პოლიციაში კიდევ ახალ-ახალ მტკიცებულებებს ვამატებდი. ბოლოს მითხრეს, რომ მტკიცებულებების დამატების გამო იწელებოდა საქმე. ეს კიდეც ცალკე მარაზმია.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ეს პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდება, ლოგიკურ შედეგამდე ძალიან მალე მივა და მათი ეს ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. 

-როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

-სანამ ბალდის კანიონის პროექტი არ დასრულდება, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისა. ჩემი სიმართლე და ღირსება უკვე ამ პროექტთანაა გადაჯაჭვული. 7-8 თვეა, მთელი ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ამ პროცესში ჩავერთე. ბალდის კანიონის პროექტი დასრულდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები