რა სიახლეებს შესთავაზებს ნიშური ბრენდების მოყვარულებს ცნობილი ქართველი დიზაინერი და მეწარმე ზვიად ციკოლია? რა გეგმები აქვს, როგორია კომპანიის განვითარების ტემპი და რა გამოწვევების წინაშე საქართველოში ბიზნესი?
ამ და სხვა საკითხებზე, მან Business Insider Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ახლახან თქვით, რომ პარალელურად ავტოდიზაინის სფეროში აპირებთ დაბრუნებას. თქვენი გეგმები გლობალურ თუ ადგილობრივ ბაზარს უკავშირდება?
გლობალურმა ბაზარმა თავის თავზე თვითონ იფიქროს. მოდით, ჩვენც ვიფიქროთ საკუთარ ქვეყანაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარება და წარდგენა. არის საინტერესო პროექტები და ჩემი სურვილია, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ავტომწარმოებელი.
რა ტიპის ავტომობილებზეა საუბარი? ეს იქნება ექსკლუზიური მოდელები თუ სერიული წარმოება?
მას დრო გვიჩვენებს. ძალიან ბევრი იდეა და მოსაზრებაა, რომელიც უნდა დამუშავდეს, გაიფილტროს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ბიზნესზე, პროექტების სიჩქარესა და ხარისხზე გავლენას ახდენს.
თუ არის უკვე გამოკვეთილი, ვინ იქნებიან ამ პროექტებში თქვენი პარტნიორები?
ამ პროექტებში სამოქალაქო ტრანსპორტის წარმოებაზეა საუბარი. პოტენციურად ბევრი პარტნიორია, მაგრამ ამ დროისთვის პროექტს თავად, ჯერ-ჯერობით პერსონალური სახსრებით ვუძღვები. თუმცა მნიშვნელოვანია, რა პირობებით შემოვლენ პარტნიორები. დიდი სურვილი მაქვს, რომ ავტომობილების მცირე სერიული წარმოება დავიწყო, შემდგომ განვითარებას უკვე პროცესი გვიჩვენებს, რა მიმართულებით უნდა წავიდე. საათებიც მცირე სერიული წარმოებით დავიწყე, სულ 300 ცალს ვუშვებდი წელიწადში, მაგრამ დღეს უკვე სხვა ციფრებზე ვართ გასული. მთავარია პროცესი დაიწყოს....
საათები თქვენს წარმოებაში მნიშვნელოვანი ხაზია. ახლახან „საქართველოს კუთხეების“ პროექტი წარმოადგინეთ. კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ ამ მიმართულებით?
გუშინ, საზოგადოებას ვაჩვენეთ სამხედრო თემაზე დამზადებული საათი. განვაგრძობთ წარმოების განვითარებას საქართველოში და ვფიქრობ, რომ ჩემი საათების მოდელების 80% საქართველოში იქნება წარმოებული. საკმაოდ რთული პროცესია, ყოველდღე დამატებით დანადგარები და ხელსაწყოებია საჭირო. ტექნოლოგიური აღჭურვილობა საკმაოდ ძვირია, იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიიღო.
რაც შეეხება სათვალის ხაზს „კოლხის“, რომელსაც წარმატება ჰქონდა გამოფენაზე მილანში... სათვალის ხაზის განვითარებას ადგილობრივ ბაზარზეც გეგმავთ, თუ მხოლოდ უცხოეთში გაყიდით?
„კოლხის“ ხაზის სათვალე მსოფლიო ბაზრისთვისაა განკუთვნილი. პირველი კოლექცია სრულად გაიყიდა და ახლა მიმდინარეობს ახალი სერიის ჩაშვება. შესაძლოა, კორექციები შევიტანოთ და აქედან გამომდინარე ვმუშაობთ მწარმოებელთან.
საინტერესოა, ვინ იყიდა „კოლხის“ პირველი კოლექცია?
მყიდველს ვერ დავასახელებ, რადგან ექსკლუზიურად განახორციელა სრული კოლექციის შესყიდვა. შემიძლია გითხრათ, რომ „კოლხის“ კოლექცია აშშ-ში გაიყიდა.
სუნამოების ხაზში თუ გეგმავთ სიახლეებს? GOLD-ს , SILVER-სა და COPPER-ს კიდევ რა ბრენდი დაემატება?
სუნამოების ბრენდმა გაამართლა. ნიშური პროდუქტია და ფასიც შესაბამისი აქვს. ის რაოდენობა, რაც საქართველოში გაიყიდა, არ მგონია ეს შედეგი, საქართველოში რომელიმე ნიშურ პარფიუმს ჰქონდეს. რაც შეეხება განვითარებას, ახალი სურნელი უკვე მზადაა, რომელიც ცნობილ პარფიუმერ ანტუან ლისთან თანამშრომლობით შეიქმნა და წარმოებაში მალე ჩავუშვებთ. სხვა სურნელები, რაც დაგეგმილი გვაქვს, სხვა პარფიუმერებთან თანამშრომლობით შეიქმნება და ჩაეშვება წარმოებაში. ეს მიმართულება აქტიურ ფაზაში შედის. ვფიქრობთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.
ჩვენ ასევე დავიწყეთ ქალბატონებისთვის განკუთვნილი მცირე ზომისა და სამგზავრო ჩანთების წარმოება. მალე ბაზარზე ახალ პროდუქტებს წარმოვადგენთ.
თქვენ ძირითადად ნიშურ პროდუქტებს ქმნით. არ გეგმავთ საშუალო სეგმენტისთვის მუშაობას?
ვფიქრობთ ამ თემაზე. შესაძლოა, სუნამოები საშუალო სეგმენტისთვისაც შევქმნათ.
სუნამოები, სათვალე, ჩანთები... ხომ არ გეგმავთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებას და საინტერესოა ვისთან თანამშრომლობთ ჩანთების ხაზში, სად მზადდება პროდუქცია?
მსოფლიოში უამრავი მწარმოებელია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნის. ჩანთების დიზაინის ავტორი თავად ვარ. რამდენიმე ნიმუში უკვე დამზადდა. დიზაინში კორექტირება შევიტანეთ და საბოლოო ვერსია დამტკიცდა ჩაეშვა წარმოებაში იტალიასა და ესპანეთში.
და ბოლოს, როგორ შეაფასებდით საქართველოში ბიზნესგარემოს და რა არის კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა, თქვენი კომპანიის მაგალითზე რომ განვიხილოთ...
პროფესიონალებისა და გამოცდილი მუშა-ხელის პოვნა რთულია. საქართველო ამ კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. პროფესიონალებს „სანთლით ვეძებ“, თუ ვიპოვე, თუ არა და ახალგაზრდებს ვასაქმებ, მათ უტარდებათ ტრენინგები, ვგზავნით უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ახლა დიზაინერები მჭირდებოდა, ოთხი სტუდენტი ავიყვანე და პრაქტიკულად მათი გაზრდა ხდება ჩვენს კედლებში.
კადრების დეფიციტის გარდა კიდევ რა გამოწვევებია…
მწარმოებელზე უნდა კეთდებოდეს მნიშვნელოვანი აქცენტი...თვითონ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რაც მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარებათ. მაგალითად, დაზგა-დანადგარებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა დროებით გათავისუფლდეს გადასახადებისგან. თუ სახელმწიფო შეძლებს, რომ ორი-სამი წლით ვიდრე წარმოება ფეხზე დადგება გაათავისუფლოს გადასახადისგან ან ეტაპობრივად მოხდეს გაზრდა, კომპანია უფრო სწრაფად განვითარდება. შეიძლება მოქნილი მექანიზმის განვითარება.
მხოლოდ ტურიზმი ეკონომიკური ზრდისთვის საკმარისი არაა. ძალიან სენსიტიურია. ელემენტარულად, ან პანდემია განვითარდეს, ან ორი ადამიანი მოიწამლოს დარგს უკვე ეტყობა. როცა ქვეყანა ქმნის პროდუქციას და ექსპორტზე გააქვს, სხვა შემოსავლებზეა საუბარი. ქვეყანა უფრო სხვა ტემპით ვითარდება.
მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი გამოწვევა პროფესიონალი კადრებია. ამ მიზეზით ჩვენი კომპანია სწრაფად ვერ იზრდება. 26 ადამიანი გვყავს დასაქმებული. წარმოება, სერვისი, რეკლამა, ბევრი მიმართულებით გვჭირდება განვითარება -გაფართოება. ბიზნესი არ არის - აწარმოე, დადე და გაიყიდა. სჭირდება ადამიანური რესურსი... საქართველო ამ მხრივ მძიმე გამოწვევის წინაშეა.
უახლესი