დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვითარება ელექტრომობილების დამტენების ბაზარზე -  რა გეგმები აქვს „ი-სპეისს“

ვითარება ელექტრომობილების დამტენების ბაზარზე - რა გეგმები აქვს „ი-სპეისს“

21-04-2023 17:00:23

კომპანია „ი-სპეისმა“, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ამონტაჟებს, საჯარო ქსელში უკვე 100-მდე, ხოლო ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის 200-ზე მეტი დამტენი დაამონტაჟა.

როგორც Business Insider Georgia-ს „ი-სპეისის“ ხელმძღვანელმა დავით იოსავამ განუცხადა, კომპანიის მიერ თბილისში დამონტაჟებულია ელექტრომობილების 60-მდე საჯარო მოხმარების დამტენი, რომელიც დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონშია გადანაწილებული.

მისივე თქმით, საჯარო ქსელში ელექტრომობილების დამტენებს ყველაზე მეტი მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით თბილისში ჰყავთ. კერძოდ, ამ სერვისით დღეში 50-დან 70-მდე მომხმარებელი სარგებლობს.

„ახლა კომპანიის მთავარი მიმართულებაა კერძო ორგანიზაციებისთვის აპლიკაციისა და ბიზნეს მოდულის სერვისების მიწოდება.

კერძო შეკვეთებზე გადავედით, თუმცა საწყის ეტაპზე გვქონდა გარკვეული გეგმა, რომ 100 დამტენი უნდა დაგვეყენებინა, რათა ელემენტარული ბაზარი შექმნილიყო.შემდეგ კი კომპანია გეგმავდა აპლიკაციის დეველოპმენტს, რათა ამ პლატფორმის გამოყენების საშუალება სხვებისთვისაც მიგვეცა რათა თავად დაემონტაჟებინათ დამტენები. ამასთან, აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს უკვე გამზადებული ბაზა ჰქონოდათ “, - აცხადებს დავით იოსავა.

ი-სპეისი 2016 წელს შეიქმნა და პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საჯარო მოხმარების ელექტრომობილის დამტენი დაამონტაჟა.

2017 წელს, ასევე პირველად „ი-სპეისმა“ დაამონტაჟა სწრაფი დამტენები.

დამტენების ქსელს განვითარებასა და დამტენებთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შეთავაზებასთან ერთად  „ი-სპეისმა“ შექმნა აპლიკაციის ბიზნეს-მოდული, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი დასამუხტი სადგურების ქსელი და გამოიმუშაონ თანხა.

კომპანიის მიერ, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე განთავსებულია 7 სწრაფი დამტენი, რაც ხელს უწყობს საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

აპლიკაცია - დამტენის გააქტიურება ხდება „ი-სპეისის“ აპით, რომელიც ამარტივებს ელექტრომობილის დამუხტვის პროცესს.

აპის ფუნქციონალი მოიცავს: დამტენის მოძიებას, ნავიგაციის სისტემას, გადახდის 2 სხვადასხვა მეთოდს, ერთი მომხმარებლის მიერ პარალელურად 2 ელექტრომობილის დამუხტვას და სხვ.

ბიზნეს მოდულით პირველად საქართველოში ბიზნესებს/ფიზიკურ პირებს შეეძლებათ „ი-სპეისის“ აპლიკაციის დახმარებით გამოიმუშაონ თანხა.

კერძოდ, ე.წ “ჭკვიანი“ დამტენის შეძენისას, მომხმარებლები ერთვებიან აპის ბიზნეს მოდულში, აწესებენ დამტენის მოხმარების სასურველ ტარიფს და გამოიმუშავებენ თანხას.

დამტენების მართვის პროგრამა - შეიცავს დამოუკიდებელ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ასრულებს შუალედურ მართვით როლს აპსა და დამტენს შორის.

მომავალში იგეგმება მისი კომერციალიზაცია და ცალკე მომსახურებად დამატება.

„ი-სპეისის“ საქმიანობის დასაწყისში საქართველოში იყო 10-მდე ელექტრომობილი, დღეის მონაცემებით კი 4000-ზე მეტია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები