დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით – ირაკლი ქარქაშაძე

ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით – ირაკლი ქარქაშაძე

07-08-2024 14:42:00

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტი მგზავრთნაკადის მოლოდინია. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, იანვარ-ივლისის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

„ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საერთაშორისო აეროპორტები მოემსახურა 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და ტურისტები შემოდიან ახალი მიმართულებებიდან. ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. სექტემბრის თვეში დიდი სიახლეები გვექნება ავიაკომპანიებთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები