დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივდათ - „ჯეოასისტანსი“

უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივდათ - „ჯეოასისტანსი“

12-05-2023 00:30:47

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მიღება გამარტივდა, რაშიც მათ უკვე პირველი ქართული ასისტანს კომპანია „ჯეოასისტანსი“ დაეხმარებათ.

კომპანია  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წასულ საქართველოს მოქალაქეს ქართულ სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. ამ მიმართულებით „ჯეოასისტანსი“ სადაზღვევო კომპანიებთან „ირაო“-სა და „ჯიპიაი“- სთან აქტიურად თანამშრომლობს. 

„ჯეოასისტანსთან“ კომუნიკაცია საკმაოდ მარტივი და იაფია. 24 საათიანი ქოლ-ცენტრი მომხმარებელს ნებისმიერ დროს პასუხობს. იმავდროულად კომპანიასთან კომუნიკაცია შესაძლებელია Viber-ისა და Whatsap-ის მეშვეობით, რაც საერთაშორისო ზარების ხარჯებს დაზოგავს.

როგორც Business Insider Georgia-ს „ჯეოასისტანსის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კონსტანტინე გრძელიძემ განუცხადა, დღეისათვის „ჯეოასისტანსს“ უცხოეთიდან 10-მდე შემთხვევაზე დაუკავშირდნენ, თუმცა ტურისტულ სეზონზე მომართვიანობა უფრო მაღალია. ზაფხულში, არსებული გამოცდილებით, თვეში 30-დან 40-მდე მომართვას ელოდებიან. 

„5 წელია რაც საქართველოში ვმუშაობთ. პირველი კომპანია ვართ, რომელმაც უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო და საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს სამედიცინო მომსახურება შესთავაზა და ახლაც შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.

მათ შორის საუბარია, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ღონისძიებებზე, ევაკუაციაზე, ვერტმფრენით გადაყვანასა და ასე შემდეგ. 

ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი პარტნიორი კომპანია შევაგროვეთ. ეტაპობრივად უცხოურ სადაზღვევო კომპანიებისგან მოდიოდა მოთხოვნა, რომ ირანულ და არაბულ სადაზღვევო კომპანიებს ევროპაში დაფინანსების პრობლემები ჰქონდათ. იგივე ევროპულმა სადაზღვევოებმა გვთხოვეს სომხეთსა და აზერბაიჯანში დაფინანსება და ასე შემდეგ.

რეალურად, ქსელი გავშალეთ და გამოიკვეთა, რომ სამედიცინო დახმარება თავისუფლად შეგვეძლო მსოფლიო მასშტაბით ქართველებისთვისაც მიგვეწოდებინა. 

პირველი კომპანია, რომელთანაც ამ მიმართულებით თანამშრომლობა დავიწყეთ იყო „ირაო“, შემდეგ დაგვემატა „ჯიპიაი“, ორივე ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიაა. ამ კომპანიებს სამოგზაურო პოლისში უწერიათ, რომ სამედიცინო დახმარებისთვის უნდა მიმართონ „ევროპაასისტანს“, „SOS სერვისს“ ან სხვა. თუმცა, გარკვეული ადამიანებისთვის ენის ბარიერის გამო კომუნიკაცია რთული იყო. ასევე უნდა განეხორციელებინათ საერთაშორისო ზარები და ასე შემდეგ. განსაკუთრებული არაფერი არ გაგვიკეთებია გარდა იმისა, რომ კომუნიკაცია გავამარტივეთ მათთვის ვინც ქართულად საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო დაზღვევა გულისხმობს მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და არ ითვალისწინებს გეგმიურ სერვისებს. რადგან ბევრი გვირეკავს და გეგმიურად საოპერაციოდ უნდათ წასვლა, რაშიც ჩვენ ვერ დავეხმარებით.

ასევე მნიშვნელოვანია რომ ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა შეიძინონ ქვეყნიდან გასვლამდე“, - განმარტავს კონსტანტინე გრძელიძე.

„ჯეოასისტანსში“ გაფართოებს გეგმებზეც საუბრობენ და იმედი აქვთ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში უცხოურ ბაზრებზეც შევლენ და საკუთარ წარმომადგენლობას დააფუძნებენ. 

„ჩვენთვის საინტერესოა თურქეთი, ეგვიპტე, ევროპა, ტაილანდი და ასე შემდეგ“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან კონსტანტინე გრძელიძე. 

შეგახსენებთ, რომ „ჯეოასისტანსი“ ეს არის პირველი ქართული ასისტანს კომპანია, რომელიც არის რამდენიმე მსხვილი ევროპული სადაზღვევო კომპანიისა და ასისტანსების პროვაიდერი საქართველოში.

„ჯეოასისტანსი“ 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ საქმიანობას წარმატებით განაგრძობს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები